საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ფაკულტეტის საბჭო ღრმა მწუხარებით იუწყებიან, რომ მოულოდნელად გარდაიცვალა პროფესორი ემზარ ჯულაყიძე.
ემზარ ჯულაყიძე დაიბადა 1956 წლის 12 მარტს, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი, 1978 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ნ. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო 2006 წლიდან დღემდე იყო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტის მიმართულების პროფესორი და პერიოდულად ფაკულტეტის საბჭოს წევრი.
მას ღრმა თეორიულ ცოდნასთან ერთად გააჩნდა დიდი პრაქტიკული გამოცდილება, კერძოდ, წლების განმავლობაში იყო საწარმოო გაერთიანება „ქუთაისის საავტომობილო ქარხნის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, სააქციო საზოგადოება „ელექტრომექანიკოსის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, მრჩეველი ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში.
პროფესორ ემზარ ჯულაყიძეს გამოცემული აქვს 20-მდე სახელმძღვანელო, მათ შორის, მათ შორის, ერთ-ერთი პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო მენეჯმენტის შესახებ, არის 86-ზე მეტი სტატიის ავტორი, მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე.
ემზარ ჯულაყიძეს განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმერეთის რეგიონში მენეჯმენტის მიმართულების კადრების აღზრდასა და კარიერულ წინსვლაში, მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10-ზე მეტი დისერტაცია.
ბატონი ემზარი გახლდათ სტუდენტების საყვარელი ლექტორი, რომელსაც მისი პროფესიონალიზმის გამო პატივს სცემდნენ და აფასებდნენ როგორც ახალგაზრდები, ისე კოლეგები. ის დააკლდა საუნივერსიტეტო საზოგადოებას, საკუთარ ოჯახს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი გამოხატავს ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას უცხადებს ემზარ ჯულაყიძის მეუღლეს, შვილებსა და შვილიშვილებს, ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს“, – აღნიშნულია პოსტში.