თამუნა ვაშალომიძე საზოგადოებამ სკანდალური და თამამი იმიჯით გაიცნო, თუმცა დღეს 2 შვილის დედაა და იმიჯიც რადიკალურად შეიცვალა. ის უკვე ორი წელია საყვარელი ადამიანის გვერდითაა და მალე დაქორწინებას აპირებს. თამუნამ აღნიშნა, რომ მის საყვარელ მამაკაცს დიდი სურვილი აქვს, საზოგადოებაც ისეთ თამუნა ვაშალომიძეს ხედავდეს, როგორიც ის სინამდვილეშია.
„ხალხი სხვანაირად მიყურებს, ის და ჩემი მეგობრები სხვანაირს მხედავენ, არა ისეთს, როგორიც ხალხის კომენტარებში ვჩანვარ და როგორიც სხვებს ვგონივარ. სულ მეუბნება, მინდა ხალხმაც ისეთი გაგიცნოს, როგორსაც ჩვენ გიცნობთო… შეიძლება სხვების თვალში ძლიერი ვჩანვარ, მაგრამ გულის სიღრმეში მეც მწყინს ბევრი რამ“ – აღნიშნა მან მერიკო კარტოზიას გადაცემაში “სიკეთე მარტივია” და თავისი ცხოვრების მძიმე დღეები გაიხსენა, როცა დაკლებული ხელფასის გამო ბინის ქირა სრულად ვერ გადაიხადა და დიასახლისმა ის სახლში არ შეუშვა.
„50 ლარი დამაკლდა. რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად და იმ თვეში დაბალი ხელფასი ავიღე. ვთხოვე, 15 დღეში დაგიმატებ-მეთქი. ასე მიპასუხა, გასაღები მომეცი და როცა ფული გექნება, მაშინ შეხვალ სახლშიო. გამომაგდო სახლიდან ღამით 3 საათზე, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი, აღარც გზის ფული მქონდა, იანვარი იყო. თოვდა. მეტროც აღარ მუშაობდა. ფეხით წავედი სამსახურამდე და ველოდი, გათენებამდე ველოდი, როდის გაიხსნებოდა. სხვათა შორის, ამ სახლის პატრონებს რამდენიმე წლის შემდეგ შევხვდი. მითხრეს, დაგვინგრიეს ის სახლიო… ადამიანებს უკან უბრუნდებათ ყველაფერი ცუდი.“
როგორც აღმოჩნდა, თამუნას ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს და საოპერაციოდ ემზადება.
“როცა ფოტოებს ვიღებ, მთლიან ფეხს არასოდეს ვაჩენ. ძვლის პრობლემა მაქვს და ცუდად ჩანს. ერთმა ცნობილმა ფოტოგრაფმა ნახა ჩემი ფეხები და ერთ ჟურნალისტს მისწერა, გავასაჯაროვოთ თამოს ფოტოები და დავცინოთ, რა ცუდი ფეხები აქვსო. ამ ჟურნალისტმა მაჩვენა ეს მინაწერი“.
თამუნამ შვილების აღზრდაზეც ისაუბრა.
„სოფია გათამამებული მყავს. არ შემიძლია, მკაცრი დედა ვიყო, მაგალითად, ჩუსტებს რომ არ იცმევს, ვეუბნები, მეც არ ჩავიცმევ და გავიცვდები-მეთქი. მერე თვითონ იცმევს. პატარა რომ ხელში მიჭირავს სულ, ამაზეც ეჭვიანობს. ამიტომ სხვანაირად ვუდგები. ვეუბნები, მოდი ერთად ვაჭამოთ, ერთად გამოვუცვალოთ, მოდი, თითები დაუთვალე… ვცდილობ, სულ ეკონტაქტოს და შეუყვარდეს” – ამბობს თამუნა ვაშალომიძე.