თუ ძაღლმა გიკბინათ, საფრთხე, რა თქმა უნდა, დიდია. ჭრილობის ზომისა და სიღრმის მიხედვით, შეიძლება განვითარდეს ძლიერი სისხლდენა. მსხვილი მტაცებლისა და ზოგიერთი ჯიშის ძაღლის კბენას შესაძლოა, ერთოდეს მრავლობითი მოტეხილობა. არ არის გამორიცხული კიდურის მოგლეჯაც კი. ნაკბენი ჭრილობა ყოველთვის ძალიან დაბინძურებულია, რის გამოც ანთებითი რეაქცია მასში ძალიან სწრაფად ვითარდება.
გარდა ამისა, ცხოველის ნერწყვში შეიძლება, იყოს მძიმე დაავადების – ტეტანუსის გამომწვევი ან სასიკვდილო დაავადების – ცოფის ვირუსი.
ნაკბენი ჭრილობის დროს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ჭრილობის შემთხვევაში, პირველ რიგში, სისხლდენა უნდა შევაჩეროთ: სისხლმდინარ ადგილს სტერილური ბინტი (თუ არ აღმოგვაჩნდა, ნებისმიერი სუფთა ქსოვილი) დავაფინოთ და დავაწვეთ. ძლიერი სისხლდენისას მეტს ნურაფერს იზამთ, სანამ სასწრაფო დახმარების მანქანა არ მოვა ან სპეციალიზებულ ქირურგიულ კლინიკას არ მიმართავთ.
თუ სისხლდენა სახიფათო არ არის, აღსანიშნავია, რომ ნაკბენი ჭრილობების უმრავლესობა ზედაპირულია, ეცადეთ, ჭრილობა რაც შეიძლება, უკეთ გაასუფთაოთ. ამისთვის არც სპირტია საჭირო და არც იოდი. გამოიყენეთ ჩვეულებრივი წყალი, უმჯობესია, საპნიანი და რაც შეიძლება მეტი, განსაკუთრებით იმ ადგილას, სადაც ძაღლის დორბლს შენიშნავთ.
გაითვალისწინეთ, რომ კბენას შეიძლება, მოტეხილობა ახლდეს, რომელსაც ძლიერი ტკივილითა და მოძრაობის შეზღუდვით ამოიცნობთ. ნებისმიერ საეჭვო შემთხვევაში სავარაუდოდ მოტეხილი ადგილი ორი მოსაზღვრე სახსრის მიდამოში არტაშნით დააფიქსირეთ. თუ არტაშანი არ გაქვთ, შეგიძლიათ, არტაშნად გამოიყენოთ ფიცარი, ჯოხი, ქოლგა. მთავარია, ეს ყველაფერი, რაც შეიძლება, სწრაფად მოხდეს.
ძლიერი სისხლდენის ან ღრმა ჭრილობის შემთხვევაში შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულება – შოკი განვითარდეს. თუ დაკბენილმა გონება დაკარგა, გვერდზე დააწვინეთ, ფეხები გულის დონეზე მაღლა დააწყობინეთ და ყველაფერი იღონეთ, რომ სწრაფად აღმოჩნდეს ექიმების ხელში.