2023 წლის 22 დეკემბერს ზამთრის მზებუდობაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და დატვირთვას ატარებს და თითოეულ ადამიანს აძლევს შანსს, რომ საკუთარ ცხოვრებაში განახლებისა და ცვლილებების ეტაპი დაიწყოს. ზამთრის მზებუდობა ზამთრიდან გაზაფხულზე გადასვლის სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს აღორძინების პერიოდი და ახალი მოვლენების დასაწყისია. სამყარო, თითქოს, კარს ხსნის, რომლითაც საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ის მოვლენები, იდეები, შეთავაზებები, რომლებზეც აქამდე აქცენტს არ ვაკეთებდით. ძველად მზებუდობას ადამიანები სპეციალურადაც კი აღნიშნავდნენ, იკრიბებოდნენ და გაზაფხულისთვის მზადებას იწყებდნენ. ზამთრის მზებუდობის დროს ყველაზე გრძელი ღამეა. 22 დეკემბრის შემდეგ, დღის ხანგრძლივობა ნელ-ნელა იმატებს.
არსებობს ბევრი სხვადასხვა ჩვევა, რომლებსაც ადამიანები ამ დღეს წარმატებისა და სიკეთის მოსაზიდად იყენებენ:
- ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ, სურვილი სუფთა ფურცელზე დაწეროთ, ფურცელი გადაახვიოთ, სანთელი აანთოთ, ფურცელს ერთი ბოლოდან წაუკიდოთ და დაელოდოთ სანამ ნელ-ნელა, თავისით არ დაიწვება. ამ დროის განმავლობაში კი თქვენი ოცნებების შესახებ იფიქრეთ და სურვილები კიდევ ერთხელ გაუშვით სამყაროში. ფერფლი კი ქარიან დღეს გარეთ მიმოფანტეთ.
- მიიღეთ აბაზანა, ჩააქრეთ შუქი და სანთლები აანთეთ. თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ, რომ თქვენს სხეულში დაგროვილი ყველა ტკივილი, წყენა და უარყოფითი ემოცია წყალს მიჰყვება და თავისუფლდებით. ეს სულიერ ტკივილსა და დარდს სულ ცოტათი მაინც შეგიმსუბუქებთ და მოგცემთ ბიძგს, რომ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები დაგეგმოთ.
- ზამთრის მზებუდობის დღეს შეგიძლიათ, ყვავილების მაღაზიაში წახვიდეთ, რომელიმე მცენარისა თუ ყვავილის თესლი იყიდოთ და ახალ ქოთანში დათესოთ. სიმბოლურად, ეს თქვენს სახლში განახლებულ ენერგიას, სითბოსა და მზის სხივებს შემოიტანს. გაზაფხულზე კი მცენარე სხვაგან გადარგეთ.
- ზამთრის მზებუდობის დღეს რეკომენდებულია, დაიწყოთ ახალი პროექტი, ან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგათ იმ მიზნისკენ, რომელიც გაქვთ.
- ადრე ადექით და სამყაროს მადლობა გადაუხადეთ იმისთვის, რაც გაქვთ.
- გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად.
- მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მშვიდად, ჩხუბისა და კონფლიქტების გარეშე გაატაროთ. შემოუშვით თქვენს გულებში მზის ძალა, იყავით ადამიანების, სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი, მადლიერი, სიყვარულითა და სითბოთი სავსე და ეს ემოცია მთელი წლის განმავლობაში გაგყვებათ.
- ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ აღნიშნული დღისთვის სახლი საფუძვლიანად მოაწესრიგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არეულობა და უსიამოვნება მთელი წელი გაგყვებათ.
- იფიქრეთ სიახლეებზე, რაიმეს შესწავლაზე, მიზნების განხორციელებაზე. იმას, რასაც მზებუდობის დღეს წამოიწყებთ, წინ დიდი წარმატება ელის.
წყარო:ბომონდი