კომპოზიტორი, ნიკოლოზ რაჭველი ზურაბ ჟვანიას შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
„მისი წვლილია ვენაში ჯერ გამგზავრება და მერე სწავლა რომ შევძელი, მაშინ როდესაც ჩემს ოჯახს საარსებო საშუალება არ ქონდა, მისი წვლილია საქართველოში რომ დავბრუნდი და ორკესტრს ჩავუდექი სათავეში, მისი წვლილია უსახლკაროდ მყოფ ქუჩაში დარჩენილ ისტორიულ ორკესტრს, რომელიც ევგენი მიქელაძის სახელს ატარებს აღმაშენებელზე ყოფილი რკინიგზელთა სახლი რომ გადაეცა, მისი წვლილია ჩვენს ამჟამინდელ რეზიდენციაში (ყოფილ მუსკომედიის თეატრში) სამუშაო პირობები და დარბაზის გარემონტების პერსპექტივა რომ გვაქვს, მისი წვლილია წინანდლის პრემია, ახალ თაობებს რომ აძლევს მოტივაციას მაგარი საქმის კეთებისთვის…
და ახლა ვიაზრებ, რომ ასაკით ჩემზე უმცროსი იყო როცა დაასრულა თუ დაასრულებინეს ამ ქვეყნად ყოფნა და სამშობლოსთვის მოღვაწეობა…
და რამდენი ადამიანის მიმართ ასწრებდა ყურადღების მიპყრობას, სიყვარულის გაცემას, პატივისცემის გამოხატვას და დახმარების ხელის გაწოდებას… აი მე პირველი კურსის სტუდენტს თავისი პერსონალური სტიპენდია დამინიშნა, როდესაც დედას შეხვდა, მაშინ როდესაც იმ პერიოდში ხელმოკლეობა დატყობილი ჩაცმულობის გამო ბიზნესმენებმა და მთავრობის სხვა წევრებმა სამდივნომდეც არ მიუშვეს, მან კი მიიღო, ბოლომდე ინტერესით მოუსმინა და იმ დღიდან დაიწყო მისი ჩემდამი დიდი მხარდაჭერა, რასაც მოყვა ურთიერთ სიყვარული და ოჯახებით მეგობრობა…
დღეს ჩვენი ეპოქის დიდი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსთა შორის ქართული ხელოვნების უდიდესი გულშემატკივარი ზურაბ ჟვანია 60 წლის გახდებოდა… და რომ გამხდარიყო ასე მგონია ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, არ ვიცი როგორ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთ!“ – წერს რაჭველი.