მოსკოვთან ახლოს, ხიმკიში დააკავეს თბილისელი კრიმინალური ავტორიტეტი, ე.წ. კანონიერი ქურდი “პანჩო”, იგივე დავით ფანჩვიძე, რომელსაც გიორგი ყიფიანადაც იცნობენ.
61 წლის კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტი რუსმა სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აიყვანეს და ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი აღმოუჩინეს. ნარკოტიკის უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გადატანის გამო, “პანჩოს” 3-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
“პანჩო” ე.წ. კანონიერ ქურდად თბილისში, 1978 წელს “მოინათლა”. სსრ კავშირის პერიოდში ის საქართველოში სამჯერ იყო დაკავებული – დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩართვისთვის, ქურდობისთვის და იარაღის უკანონოდ ტარების გამო, ხოლო პოსტსაბჭოთა პერიოდში – ასევე სამჯერ, ძირითადად, ქურდული სამყაროს თავყრილობებზე, მასში მონაწილეობის გამო.
ბოლოს “პანჩო” ციხიდან სამი წლის წინ გათავისუფლდა და, რუსულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რომელიც უკვე, საქართველოს მიმბაძველობით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის და გარჩევებში მონაწილეობისთვის სისხლის სამარლის კოდექსით გათვალისწინებულ სასჯელს ითვალისწინებს, მოსკოვთან ახლოს, ხიმკიში ცხოვრობდა.