თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია
„თინეიჯერობის პერიოდში შექმნილი ოჯახი ჩემთან სხვანაირად დალაგდა. 17 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ასევე თინეიჯერი ვიყავი, დედა რომ გავხდი. მენტალურად შეიძლება ადამიანი არ იყოს ამ ყველაფრისთვის მზად, მაგრამ ეს არის ნაბიჯი, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას ცვლის და თავდაყირა აყენებს. შენ როგორ გაიზრდები ამ ახალ მოცემულობასთან ერთად, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.
მივხვდი, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა მომენიჭა, როგორც მეუღლეს და როგორც მშობელს. არ მქონია მომენტი, რომ გავიზარდე, ახლა სახლში უნდა დავჯდე და ბავშვი გავზარდო, პირიქით. ძალიან მეოჯახე ტიპი ვიყავი თავიდანვე, ამიტომ ეს ნაწილიც მშვიდად გავიარე. ამერიკაში რომ წავედი საცხოვრებლად, მთლად მოვწყდი ყველაფერს, ჩემს მაშინდელ შოუბიზნესს, აღმოვჩნდი ამერიკაში, სადაც გავაჩინე ბავშვი… კარგი გადაწყვეტილება მივიღე ქმართან დაკავშირებით. მან ძალიან კარგად გაიაზრა ჩემი ასაკი. ისეთი რაღაცები მომცა და ჩადო ჩემში, რომ არ გამიჩნდა არანაირი შეგრძნება, რომ მე რაღაც ეტაპი დავტოვე, ახლა დიდი ქალი ვარ და ქალური ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო”, – თქვა თიკა ფაცაციამ ერთ-ერთ ინტერვიუში.
გვანცა დარასელიამ 2008 წელს წარადგინა საქართველო „მის სამყაროზე”. 2008 წლიდანვე მუშაობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში. ცოტა ხნის წინ კი, 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, ეს არხი დატოვა და განაცხადა, რომ დასვენება და ახალი გამოწვევები სჭირდებოდა. გვანცა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს შვილების ყოვედღიურობას და, როგორც თავადაც განმარტავს, მათ ცხოვრებაში აქტიურადაა ჩართული:
“მე ისედაც დიდი დოზით ვიყავი ჩართული შვილების ცხოვრებაში. არ მქონდა ისეთი სამუშაო გრაფიკი, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დეფიციტს გამოიწვევდა. ჩემთვის პრიორიტეტული ყოველთვის ოჯახი იყო და შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ყოველთვის ყველაფერს ისე ვგეგმავ, რომ შვილებსა და მეუღლეს ყურადღება არ მოვაკლო” – ამბობს ის.