თუ ახლო წარსულს გადავხედავთ, წლის ბოლო თვე, ტრადიციულად, პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ჭრილში, სტაბილური ნაკლებადაა და არც წლევანდელი დეკემბერი იქნება გამონაკლისი. როგორც ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი ამბობს, გარკვეულ პერიოდში თვალშისაცემი გახდება დაპირისპირებები პირად ურთიერთობებში, არაა გამორიცხული სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური აფეთქებები და ასევე, გართულდება ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორის, რასაც შესაძლოა, სერიოზული პოლიტიკური დაძაბულობა და კონფლიქტები მოჰყვეს. თუმცა, ეს ყველაფერი თვის ბოლოს თანდათან დაიწყებს დამშვიდებას და როგორც პლანეტები და ვარსკვლავები გვიწინასწარმეტყველებენ, წინასაახალწლოდ, ურთიერთობები და საერთო გარემო, ჰარმონიულ და დადებით ელფერს მიიღებს.
– ბატონო მიხეილ, როგორი იქნება წლის ბოლო თვე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჭრილში, რას გვიწინასწარმეტყველებენ პლანეტები და ვარსკვლავები?
– დეკემბრის დასაწყისში, 3 რიცხვამდე, წინა თვის ბოლოს დაწყებული სირთულეები გაგრძელდება. გარდა ამისა, არაა გამორიცხული სხვადასხვა ვირუსული და ეპიდემიოლოგიური აფეთქებები, რაც გამოწვეული იქნება თხის რქის ზოდიაქოში მოძრავი მერკურისა და 4 დეკემბერს მორიელში გადასული პლანეტა ვენერას ზემოქმედებით. ეს საკმაოდ რთული პლანეტური წყობაა, რომელიც უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ადამიანებს შორის ურთიერთობებზე. გარდა ამისა, შესაძლოა, გაართულოს ურთიერთდამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებს შორის, რასაც შეიძლება, სერიოზული პოლიტიკური გართულებები და რთულად გადასაჭრელი კონფლიქტები მოჰყვეს. უკიდურესად არასასიკეთო ტენდენციები 5 დეკემბრამდე გაგრძელდება, რის შემდგომ დედამიწა უფრო ჰარმონიულ ენერგეტიკულ ფაზაში დაიწყებს შესვლას.
– 13 დეკემბერს ახალმთვარეობაა. ის როგორ იმოქმედებს საერთო ფონზე?
– დიახ, იმავდროულად, 13 დეკემბრის ახალმთვარეობის შემდგომ რეტროგრადული, ანუ უკუმავალი მერკური, დაძაბავს მდგომარეობას პირად ურთიერთობებში. 17 დეკემბერს კი მზე დინამიკურ კვადრატს შექმნის პლანეტა ნეპტუნთან, რაც გამოიწვევს არაერთ კამათსა და ჩხუბს ოჯახებსა და წყვილებში საყოფაცხოვრებო საკითხებისა და წვრილმანი გაუგებრობების გამო. ასევე, გაუგებრობები, დაპირისპირებები და კამათი მოსალოდნელია სამსახურსა და ბიზნესშიც. ამგვარად, ეს იქნება დეკემბრის ყველაზე მდორედ მიმდინარე დისონანსური პერიოდი, რომელიც 19 რიცხვამდე გასტანს. 22 დეკემბრიდან მზე თხის რქის ზოდიაქოში პლანეტა მერკურს შეუერთდება, რის შემდგომ გამოჩნდება საკითხების პოზიტიური გადაწყვეტის გზები და საწყისები. მზის უარყოფითი ასპექტები ნელ-ნელა დაიწყებს დაშორებას, რაც დადებითად იმოქმედებს დედამიწის ბიოსფეროზე, ჩაწყნარებას დაიწყებს კოსმიური ქარიშხალიც.
– ამ პერიოდში, როცა დედამიწის ბიოსფერო დადებითი ენერგიების ქვეშაა, როგორც ასტროლოგი, რას გვირჩევთ?
– სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, პრიორიტეტული შეხვედრები და ღონისძიებები დაიგეგმოს სწორედ თვის მესამე მესამედისათვის. ამ დროს აუცილებელია დინჯად და გააზრებულად მოქმედება. მთვარის ფაზის ზრდასთან ერთად, პლანეტებიც მეტად ლმობიერები გახდებიან ადამიანების მიმართ, ამიტომ ეს დრო უმჯობესია, ჯანმრთელობის აღსადგენად და ფსიქოემოციური ფონის გასაუმჯობესებლად გამოიყენოთ. იმავდროულად, პლანეტების – მარსისა და მერკურის, გავლენით რთული და ხანგრძლივი მუშაობა ღირსეულ შედეგს გამოიღებს, შემოქმედებითი მოღვაწეობა კი სათანადოდ დაფასდება. 27 რიცხვის სავსემთვარეობა საბოლოო წერტილს დაუსვამს ძველ საქმეებს.
– რა ენერგეტიკის მატარებელი იქნება ახალი წლის წინა დღეები და როგორ მოვემზადოთ შემდეგი წლისთვის?
– დეკემბრის ბოლო კვირა, 25 რიცხვის შემდგომ, ოპტიმიზმითა და სილაღით დაგვასაჩუქრებს. 28 დეკემბრიდან კი პლანეტა მერკური შეუერთდება პლანეტა მარსს, რის შემდგომ თამამად შეიძლება შემდეგი წლისათვის მნიშვნელოვანი ჩანაფიქრებისა და მიზნების დაგეგმვა. თვის ბოლო დღეებში ურთიერთობებიც მეტად მარტივი და სასიამოვნო გახდება, რაც მეტად სასიკეთოსა და შედეგიანს გახდის წინასადღესასწაულო დღეებს.
წყარო:თბილისელები