ვერცხლისწყლის თერმომეტრები თანდათან წარსულს ჩაბარდა, თუმცა, ზოგიერთ ოჯახში მაინც შეხვდებით მათ. როცა ეს თერმომეტრი ტყდება, მშობლებს შიში და პანიკა იპყრობთ. ხშირად ის ბავშვებსაც უტყდებათ.
თუ ბავშვს რამე გაუტყდა, მკაცრად ნუ დასჯით, რადგან სხვა დროს, როცა, მაგალითად, თერმომეტრი გაუტყდება, შეიძლება შიშის გამო ნამტვრევები დამალოს. ამ შემთხვევაში ვერცხლისწყალი კვლავ ოთახში იქნება და მავნე ანაორთქლს გამოყოფს. ამ თხევად ლითონს სუნი არ აქვს და ვერაფრით მიხვდებით მის ოთახში არსებობას.
ვერცხლისწყალთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, ძველებური თერმომეტრები თანდათან გაქრა ბაზრიდან. ბოლო წლებში მათი ადგილი დაიკავეს თერმომეტრებმა, რომლებიც გარეგნულად ძალიან ჰგვანან ვერცხლისწყლიან თერმომეტრებს, მაგრამ ამ თხევადი ლითონის მაგივრად მათში გალიუმია მოთავსებული.
გალიუმიანი თერმომეტრის სარგებელი
- მისი გამოყენების მეთოდი ტრადიციული და მარტივია.
- საკმაოდ ზუსტია.
- როგორც ვერცხლისწყლის თერმომეტრი, ისიც შეიძლება ადვილად გატყდეს, მაგრამ ტოქსიკური არ არის.
ნაკლოვანება:
მთავარი მინუსი არის ის, რომ მას ტემპერატურის გასაზომად 4-5 წუთი სჭირდება და უფრო რთულად უბრუნდება ვერცხლისფერი სითხე საწყის წერტილს.
თუმცა, თუ სახლში კვლავ შემოგრჩათ ძველებური თერმომეტრი და ის გატყდა, აუცილებლად გარკვეული წესების დაცვა მოგიწევთ.
ვერცხლისწყლით მოწამვლის სიმპტომები გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება. ესენია: სისუსტე, მადის დაქვეითება, თავის ტკივილი, მეტალის გემო პირში, ღრძილებიდან სისხლდენა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ცხელება.
- თუ ვერცხლისწყლიანი თერმომეტრი გაგიტყდათ, გაიყვანეთ ოთახიდან ბავშვებიც და შინაური ცხოველებიც. (მათ შეუძლიათ თათებით ვერცხლისწყალი მთელ სახლში გაავრცელონ), დახურეთ კარი და თუ შესაძლებელია, ბავშვი გარეთ სუფთა ჰაერზე გაუშვით.
- გაიკეთეთ რეზინის ხელთათმანები. სასუნთქი ორგანოები შეიძლება პირბადით ან სახვევით დაიცვათ.
- ორი სქელი ქაღალდის გამოყენებით შეაგროვეთ ვერცხლისწყლის ბურთულები და თერმომეტრის ფრაგმენტები მინის ქილაში მოთავსებულ ცივ წყალში ჩაყარეთ.
- ქილაშივე მოათავსეთ ქაღალდი, რომელიც ვერცხლისწყლის შესაგროვებლად გამოიყენეთ. ქილა მჭიდროდ დაახურეთ. წყალი ხელს უშლის ტოქსიკური ორთქლის გამოსვლას ნივთიერებიდან. ქილა არ უნდა ინახებოდეს გამათბობელ მოწყობილობებთან ახლოს.
- იმ ადგილას, სადაც თერმომეტრი გატყდა ეცადეთ, ფართო წებოვანი ლენტით შეაგროვოთ ვერცხლისწყლის უმცირესი ნაწილაკები, რომლებიც თვალისთვის უჩინარია. გამოყენებული ლენტი ასევე წყლიან ქილაში მოათავსეთ. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, რომ ყველაფერი შეგროვებულია, შეგიძლიათ აანთოთ ფანარი იმ ადგილას, სადაც თერმომეტრი გატყდა – ვერცხლისწყლის ბურთები ანათებს.
- ამის მერე შეგიძლიათ ფანჯრების გაღება და ოთახის განიავება.
- 30 გრ სოდა და 40 გრ სარეცხი საპონი გახსენით ერთ ლიტრ წყალში. მოწმინდეთ ის ადგილი, სადაც თერმომეტრი გატყდა. იგივე გაიმეორეთ 3-4 ჯერ მთელი დღის განმავლობაში.
- კიდევ ერთი ვარიანტია იატაკის კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარით გაწმენდაა. ფრთხილად იყავით: არასრულად გახსნილმა კრისტალებმა შეიძლება დამწვრობა გამოიწვიოს.
- ქილა თერმომეტრთან ერთად და ყველაფერი, რაც გამოიყენეთ, ვერცხლისწყლის შესაგროვებლად დახურულ ჩანთაში მოათავსეთ. გატეხილი თერმომეტრი არ უნდა გადააგდოთ ჩვეულებრივ ნაგავთან ერთად! გადაუდებელი დახმარების ცენტრში იკითხეთ, სად შეგიძიატ ამ ჩანთის ჩაბარება.
- კარგად გაიხეხეთ კბილები, მიიღეთ 2-3 ტაბლეტი გააქტიურებული ნახშირბადი. ითვლება, რომ ეს ორგანიზმში ტოქსინების ზემოქმედებას შეამცირებს.
წყარო:მშობლები