ადამიანები, რომლებსაც დიეტის დაცვა უჭირთ, ხშირად ეძებენ მადის დაქვეითების და საკვებზე მოთხოვნილების შემცირების გზებს. რეალურად არსებობს თუ არა კონკრეტული ხერხები, რაც მადის დაქვეითებას იწვევს, ამის გასარკვევად ენოკრინოლოგმზია ფიცხელაურს დავუკავშირდით.
– მადის დაქვეითება, ქცევასთან ცალსახად დაკავშირებული არ არის. თუმცა, გარკვეული ქცევები ხელს უწყობს იმას, რომ იყოს ნორმალური მადა, არც მომატებული და არც დაქვეითებული. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ვიღაცისთვის არის გარკვეული საკვები, რომელიც კუჭის ფერმენტაციის სტიმულაციას იწვევს, ამის ფონზე მადა მატულობს. ვიღაცას ვაშლი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს. ვიღაცას კეფირი აშიებს, ვიღაცას ანაყრებს.
ამ თემასთან მიმართებით, რომ კონკრეტული რომელიმე საკვები მადის დამაქვეითებელი იყოს, ეგეთი რამ არ არსებობს. მაგრამ, ყველაზე მეტად, რაც მადაზე დადებითად და კარგად მოქმედებს, ეს არის ჯერადი, ბალანსირებული კვება, დღის განმავლობაში. არასდროს არ ჩაითვლება ფიზიოლოგიურ ნორმად მთელი დღის განმავლობაში შიმშილი და საღამოთი ერთჯერადად მიღებული საკვები. ან დღის განმავლობაში, არასწორი, მარტივი საკვების მიღება და საღამოთი ძირითადი კვების მიღება. თუ იქნება სრულფასოვანი საუზმე, სადილი, ვახშამი – ამ შემთხვევაში ჯერადად მიღებული სწორი ენერგია, მადის დაქვეითებას ან გამძაფრებას აღარ გამოიწვევს.
