თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში, ქალაქ ტყიბულთან დამაკავშირებელ ცენტრალურ გზასთანა ახლოს, არსებობს რამდენიმესაუკუნოვანი ტაძარი, რომელიც კარუგდებლის სახელითაა ცნობილი.
სალოცავს კარი რამდენჯერმე დაკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. ტაძრის ზემოაღნიშნული სახელწოდება სწორედ აქედან მოდის.
კარუგდებელთან რამდენიმე ლეგენდაა დაკავშირებული.
ერთი-ერთი ლეგენდის მიხედვით, სოფელ გოგნში ყველა მამაკაცი დაღუპულა და მიზეზი ვერავის გაუგია. სოფლის ერთ მკვიდრს სიზმრად უნახავს, თქვენი უბედურების მიზეზი მდინარეში ეძებეთო. მართლაც, მდინარიდან წმინდა გიორგის ხატი ამოუბრძანებიათ და ურემზე დაუბრძანებიათ. ხარები ყველაზე მაღალ ადგილზე ასულან და იქ გაჩერებულან. სწორედ იმ ადგილზე საყდარი აუგიათ. იმასაც ამბობენ, რომ სალოცავს კარი რამდენჯერმე დაჰკიდეს, მაგრამ ყოველ ჯერზე ჩამოვარდა. სწორედ ამიტომ მას “კარუგდებელი” უწოდეს.
არსებობს მეორე ლეგენდაც. სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმინდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა, ამიტომაც უწოდეს “კარუგდებელი”. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენა. როცა წმინდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.
ცნობილია ასეთი ამბავიც: კაცი ყავარჯნებით ამოვიდა, ილოცა და უკან ხელჯოხით გაბრუნდა. ტაძარს ბევრი მორწმუნე ცხვარსა და მამალს სწირავს, რომლებიც სალოცავის მიმდებარე ტერიტორიაზე ისე დადიან, ნადირიც კი არ ჭამს, მაშინ როდესაც სოფლის მაცხოვრებლებს პირუტყვი ღამე გარეთ რომ დარჩეთ, დილით ნადირისგან დაგლეჯილი დახვდებათ. სალოცავის გვერდით დიდი ჯვარია აღმართული. იმ ჯვრის ძირში რამდენიმე ქვაა. სოფელში ერთი დავრდომილი ბიჭი ცხოვრობდა, გვარად რობაქიძე იყო, წლების განმავლობაში ვერ დადიოდა. მას წმინდა გიორგი გამოეცხადა და უთხრა, ამ ადგილზე ტაძარი უნდა აიგოსო. პირველი ლოდი თავად ამ დავრდომილმა ბიჭმა ამოიტანა და წმინდა გიორგის ძალით, სიარული შეძლო.
თამარ მეფის 1188 წლით დათარიღებულ სიგელში მოხსენიებულია გოგნის ციხის-თავი. 1778 წელს მეფე სოლომონ I-ის მეუღლემ, მარიამ დედოფალმა გოგნში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია ააგო და დააფუძნა მონასტერი. სოფლის ჩრდილოეთით, 3 კილომეტრში შემორჩენილია ბერციხის ნანგრევები.
ამჟამად კი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია აშენებული, რომელიც ქართული ჩუქურთმებით უნიკალურია საქართველოში.
წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი VII საუკუნეში აუშენებიათ. იყო პერიოდი, როცა გელათის მონასტერს ექვემდებარებოდა.
წყარო: Karibche.ge
