მამუკა ლორია გარდაიცვალა. ბოლო ხანებში უავადმყოფია. ბოჰემურმა ახალგაზრდულმა წლებმა თავისი ცუდი ნაყოფი გამოიღო… მსახიობს ღვიძლი დაუავადდა. ებრძოდა მძიმე სენს. ბოლოს ლოგინშიც ჩაწოლილა.
რუსთაველის თეატრში უამრავი როლი აქვს ნათამაშები. კინოში, ეს სახასიათო მსახიობი, ვერ გამოიყენეს რეჟისორებმა. როგორც ხდება ხოლმე, ჩვენთან. წავა და მერე ტყდება ვიშვიში… სათანადოდ რომ ვერ მიაქცევენ ადამიანს ყურადღებას, ვერ დააფასებენ. არადა, 65 წელი რა არის?
რუსთაველის თეატრის მსახიობები დიდი სიყვარულითა და დანანებით იხსენებენ თავიანთ “ლორკას”.
სხვათა შორის, ბოლო ორ თვეში, რუსთაველის თეატრმა ორი კარგი მსახიობი დაკარგა. დეკემბერში რუსლან მიქაბერიძეც შეუერთდა მარადისობას.
დათო დარჩია: – მამუკა ამ დილით დაიღუპა და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ერთი გამოტირება მოვასწარი. თეატრში მისვლიდანვე გავიცანი და დავძმაკაცდით. პირველ სპექტაკლში, დათო საყვარელიძის “პირდაღებულში”, დიდ სცენაზე, მამუკასთან ერთად ვითამაშე. წარმოიდგინეთ, რა დღეში უნდა ვიყო.
უნიჭიერესი მსახიობი იყო და ამას რომ თავი დავანებოთ, უსაყვარლესი პიროვნება იყო.
სამწუხაროდ, კინოში კარგად ვერ გამოიყენეს მისი ნიჭიერება. თეატრმა ხომ უნიჭიერესი მსახიობი დაკარგა. ბევრი რამ შეეძლო.
საოცარი ენა ჰქონდა, გურული იუმორი. სიტუაციებიდან ისე ოსტატურად გამოძვრებოდა, გაოცდებოდით.
ბოლო ხანებში თეატრში შემოივლიდა ხოლმე. გამხდარი ყოველთვის იყო, მაგრამ ბოლოს უკვე სხვანაირი სიგამხდრე ჰქონდა, შეატყობდი, თუმცა მხნედ იყო. მერე ჩაწვა კიდეც.
იავადმყოფა, ჩუმად, თავისთვის. ვერანაირად რომ ვერ ეხმარები, განიცდი. თან ახალგაზრდა იყო.
ამ მძიმე სენმა ასეთი მაგარი ადამიანი წაგვართვა. ეჰ, მიდის ეგ თაობა…