ჩვენი ამბის გმირი, პირობითად, ანა, კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. მოძალადე მამინაცვლის შიში ბოლომდე დაძლეული არ აქვს, ამიტომ ვინაობის საჯაროდ გამხელა არ სურს. ძალადობის 21 წლიან ისტორიას კი გულახდილად ყვება.
ყველაფერი 14 წლის ასაკში დაიწყო, როცა ნასვამმა მამაკაცმა, მეზობელთან სტუმრობის გამო, გოგო სასტიკად სცემა.
„14 წლის ვიყავი, მამინაცვლის სახლში რომ მოვედი. მანამდე სკოლა-ინტერნატში ვსწავლობდი. დედასაც რთული ცხოვრება ჰქონდა. მამას კი კრიმინალური ისტორიები არ ელეოდა. ამის გამო, თბილისში სახლი გავყიდეთ და კახეთში წამოვედით. ის ციხეში დაავადდა და გარდაიცვალა. დედაჩემმა მე ინტერნატში მიმაბარა. ღამით ჩუმად მოდიოდა და ერთად გვეძინა. მერე დირექტორმა გაგვიგო და აგვიკრძალეს“,- უყვება „პრაიმტაიმს“ ახალგაზრდა ქალი.
ჩვენი გმირი ყვება, რომ მოძალადე მამაკაცს წინააღმდეგობას ვერავინ უწევდა. მეზობლებსა და ახლობლებს მობეზრდათ გამუდმებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, აგრესიული კაცის დაშოშმინება.
„ჩვენ წასასვლელი არსად გვქონდა. ასე შეგვატოვა ყველამ მოძალადეს, რომელიც ხან მე მისწორდებოდა ფიზიკურად, ხან დედას. ერთხელ დედაჩემს ისე სცემა, საავადმყოფოში იწვა. ოთახში მკეტავდა, მეზობელთან არ გავიდესო. რომელი გავიხსენო, აღარ ვიცი. ბოლომდე ვერც დედაჩემი მიცავს, მასაც ეშინია“ – განაგრძობს ის თხრობას.
მოძალადისგან თავის დასაღწევად, ანამ ოჯახის შექმნა სცადა. მეორე უკიდურესობის ძებნაშიც არ გაუმართლა, რადგან ახალგაზრდა ქმარიც მოძალადე და ალკოჰოლზე დამოკიდებული აღმოჩნდა.
„ბავშვი რომ დაიბადა, დავშორდით, მასთან ყოფნაც არ შეიძლებოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მძიმე იყო ჩემთვის აქ დაბრუნება, მაგრამ ქმარმა სახლიც გაგვიყიდა და გასაქცევი არ დამრჩა. სამი წლის ასაკიდან გოგონა აღარ უნახავს, არც ალიმენტს უხდის“, – ჰყვება ანა.
მამინაცვლის სახლში დაბრუნებული, ქმართან გაცილებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა. მამინაცვალმა ფიზიკურთან ერთად, მასზე სექსუალური ძალადობაც სცადა.
„მაშინღა გავბედე და საპატრულო პოლიცია გამოვიძახე. უკვე რამდენიმე შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. საზოგადოებაც ისეთი გულგრილია, აქ რომ დაგვხოცოს, აღარავინ შემოგვეშველება“, – ამბობს ქალი.
ანა 35 წლისაა, მისი გოგონა, უკვე 8 წლის. ოროთახიან ძველ სახლში, ერთში თვითონ, დედა და ბავშვი, მეორეში კი მამინაცვალი ცხოვრობს. ბოლო პერიოდში მამაკაცმა, ახალგაზრდა კაციც შეიკედლა, რომელიც ასევე ალკოჰოლურ სასმელს ეტანება.
ანას წასასვლელი არსად აქვს, არც მუშაობს, მისი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. მუნიციპალიტეტში თავშესაფარიც ითხოვა და ქირით უზრუნველყოფაც, მაგრამ ყველაფერზე უარი მიიღო.
„ჩემთვის ყველა კარი დაკეტილია. ეს ისევ სვამს და აგრესიულია. გოგონა იზრდება, ქუჩაში ხომ არ გავალ, ვერც გამოსავალს ვპოულობ. ფიზიკური თუ არა, ყოველდღიური ფსქოლოგიური ძალადობის ქვეშ ვცხოვრობ. ნებისმიერ დროს შეიძლება რამე დაგვიშავოს. ამბობენ, თვითონ ქალმა უნდა გაბედოსო. ვერ ვბედავ, ასე მგონია, მიჩივლებს, რომ ბავშვი წამართვან. ეს ადრეც სცადა“, – ამბობს ანა.
21 წლიანი ძალადობის ისტორია კიდევ უფრო დიდია, ერთი მონაყოლი მთელ მის სიმძიმეს არ იტევს.
ანა ფიქრობს, რომ ამ მძიმე ისტორიის გახმაურების შემდეგ, გამოჩნდება ვინმე, ვინც მას, მოძალადისაგან დაიცავს.
P.S. ანას ეს ისტორია „პრაიმტაიმმა“ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა. ჩვენ ვცადეთ გაგვერკვია რა რეაგირება მოჰყვა ფაქტს. მოძალადე მამაკაცი არ დაუკავებიათ, თუმცა თავად ანა ამბობს, რომ ამბის გახმაურების შემდეგ თავს შედარებით დაცულად გრძნობს. ახლა მამინაცვალი მისგან იზოლირებულად ცხოვრობს და როგორც ანა ყვება, ძალადობის მცდელობა აღარ ჰქონია.
წყარო: “პრაიმტაიმი”