კარალიოკი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, რადგან ეს გემრიელი სუბტროპიკული ხილი მდიდარია საკვები უჯრედისით, რომელიც კუჭ-ნაწლავის სწორად მოქმედებისთვის არის საჭირო. ის შეიცავს დიდი რაოდენობით B6 ვიტამინს და ფოლიუმის მჟავას, რომლის წყალობითაც რეგულირდება საჭმლის მონელების პროცესი.
კარალიოკი შეიცავს იმ მიკროელემენტებს, რომლებიც ტვინის კვებისთვის არის საჭირო: თუთიას, კობალტს, ფოსფორს, ასევე, ასუფთავებს თავის ტვინის სისხლძარღვებს.
კარალიოკი ძლიერ შარდმდენ საშუალებად მიიჩნევა. მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მხოლოდ მავნე ნივთიერებებს გამოდევნის და კალიუმის წყალობით, ორგანიზმიდან საჭირო მინერალები და ვიტამინები არ გამოაქვს.
რაც შეეხება ხურმას, მისი მიღება სასარგებლოა თირკმელების, გულის დაავადებებისას. არის შარდმდენი, ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება ნაწლავური ჩხირისა და ოქროსფერი სტაფილოკოკის მიმართ.
დიდი რაოდენობით ტანინის შემცველობა მკვახე ნაყოფს მწკლარტე გემოს ანიჭებს, მაგრამ მომწიფების შემდეგ ეს გემო სუსტდება. სიმწკლარტის გასაქრობად შესაძლებელია ხურმის გაყინვა – გალღობის შემდეგ ეს გემო ქრება.
ხურმა დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი საშუალოდ 66 კილოკალორიას შეიცავს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ტკბილია, როგორც დაბალკალორიული ხილი, წონაში დაკლების მსურველთა დიეტური პროდუქტების ჩამონათვალშია.
ხურმას მატონიზებელი თვისებები აქვს, აუმჯობესებს მადას, ამაღლებს შრომისუნარიანობას. ეფექტურია ათეროსკლეროზთან და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან ბრძოლაში. ხურმა მნიშვნელოვნად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავს, ვიდრე ვაშლი. მართალია, სპილენძი და თუთია ვაშლში უფრო მეტია, მაგრამ ხურმა პირველობას არ უთმობს ნატრიუმის, კალიუმის, მაგნიუმისა, კალციუმისა და რკინის შემცველობით.
ხურმაში არსებული პროვიტამინები კარგად მოქმედებს ორგანიზმზე, სადაც ავთვისებიანი წარმონაქმნებია, ასევე ლეიკემიის მკურნალობისას. დამტკიცებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც დიდი რაოდენობით მიირთმევენ ბეტაკაროტინის შემცველ ხილსა და ბოსტნეულს, ნაკლებად ემუქრებათ ფილტვის კიბოს განვითარების საფრთხე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მწეველებისთვის. პროვიტამინები ეხმარება ორგანიზმს თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირების აღდგენაში, სისხლჩაქცევების ალაგებაში. ხურმა, ასევე, სასარგებლოა სისხლნაკლებობისას, რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას.
ხურმა ერთ-ერთი საუკეთესო მცენარეული საშუალებაა კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად, ის ასევე აძლიერებს ორგანიზმს და მის ადრე დაბერებას ეწინააღმდეგება. ხურმის მოყვარულები უფრო ხანგრძლივად ცოცხლობენ.
გაითვალისწინეთ, რომ ხურმა, განსაკუთრებით კი დიდი რაოდენობით, არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის.
წყარო:თბილისელები