პუბლიცისტი თამარ ჩარკვიანი ოჯახსა და მამის დიდ სამეგობრო წრეზე, მათთან დაკავშირებულ შთაბეჭდილებებზე გვიამბობს.
– როგორია თაკო ჩარკვიანი, როგორც ქალი, დედა, მეუღლე? როგორია თქვენი ცხოვრების წესი?
– რა გითხრათ?.. ალბათ ეს არის ის თავდაუზოგავი ზრუნვა ჩემს ახლობელ ადამიანებზე, რომელთაც ძალიან უნდა მოვუფრთხილდე, რომ დიდხანს მყავდნენ. ამ ყველაფერში წერა მიწყობს ხელს, რადგან ის ემოცია, რომელიც მოგაწვება, სადღაც გინდა, რომ წაიღო და იმ მომენტში ეს პროცესი გეხმარება. 20 წელია ფიზიკური აქტივობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სპორტდარბაზებში სიარულის დრო არ მაქვს, ამიტომ ტრენაჟორი, სარბენი ბილიკი შევიძინე და კვირაში სამჯერ სახლში ვვარჯიშობ. რაც მთავარია, ქალს ეტყობა, კარგი მეუღლე ჰყავს თუ არა. ჩემ გვერდით კი მართლაც კარგი კაცია. მთელი ცხოვრება კარგი კაცების გარემოცვაში გავატარე, სამი ვაჟკაცის გვერდით. ესენი არიან: ჯანსუღ ჩარკვიანი, მამუკა ჩარკვიანი და ჯონი გიგანი.
– როგორ გაიცანით მომავალი მეუღლე – ჯონი გიგანი?
– ჩემი ძმისშვილი ირინოლა წყნეთში მყავდა აყვანილი და ერთი დღით დავრჩი. სწორედ იმ დღეს, კოტეჯის ღია კართან ვიდექი და მანქანამ გაიარა. რომელიღაც კოტეჯს ეძებდნენ და მივასწავლე. იმ ავტომობილში ისხდნენ გივი სიხარულიძე და ერთი ბიჭი, რომელსაც უკითხავს, ეს გოგონა ვინ არისო? დაახლოებით 15-20 წუთში მობრუნდნენ. ბატონი გივისთვის უთხოვია, გამაცანიო… ჩემთან მეგობრები იყვნენ სტუმრად, ინსტრუმენტი გვქონდა, ვუკრავდით და მხიარული საღამო შედგა. მერე გაქრა, რადგან საერთო ნაცნობები თითქმის არ გვყავდა და ისევ ბატონმა გივიმ დარეკა, – სასტუმრო “საქართველოში” პრეზენტაციაა და გეპატიჟებიო. მაშინ ტელევიზიის მუსიკალურ რედაქციაში ვმუშაობდი და საკუთარი ჟურნალი მქონდა. იქნებ შენს გოგონებს სთხოვო, პრეზენტაციისთვის დიზაინის საკითხებში დაგვეხმარონო. კარგი-მეთქი. მივედით, გავაკეთეთ ყველაფერი და გაირკვა, რომ თურმე სასტუმროს მეპატრონე სწორედ ის ბიჭია. ასე “ეშმაკურად”, სრულიად შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი. ერთ წლის მერე გავყევი. 26 წელია, ერთად ვართ.
– დაოჯახებამდე იყო სტუდენტობა, კონსერვატორია. როდესაც პროფესიულ არჩევანს აკეთებდით, ფილოლოგობაზე ან მსახიობობაზე არ გიფიქრიათ?
– შესაძლოა ჩემს გადამეტებულ გულწრფელობას მსახიობობაში ხელი შეეშალა. ყოფილა შემოთავაზება ეპიზოდურ როლზე, მაგრამ დისკომფორტი ვიგრძენი. თუმცა, შესაძლოა, მსახიობიც ვყოფილიყავი… თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე უნდა ჩამებარებინა. მართლაც, არ ვწერდი ცუდად. მამას ეს ძალიან უნდოდა, მეხვეწებოდა, მაგრამ კონსერვატორია ვამჯობინე, რადგან მუსიკალურ “ნიჭიერთა ათწლედში” ვსწავლობდი და ჩავთვალე, რომ კონსერვატორიაში “ფილოლოგების შვილი” არ ვიქნებოდი. ამიტომაც, საფორტეპიანოზე ჩავაბარე. დღეში 8 საათი ვიჯექი და ვმეცადინეობდი. მამა სულ მთხოვდა, მოთხრობები დამებეჭდა, მაგრამ ეს მამუკამ გადამაწყვეტინა და დაახლოებით 20 წლის წინ “ლიტერატურულ საქართველოში” გამოვაქვეყნე. პირველი ძალიან კარგი რეცენზია შესანიშნავმა კრიტიკოსმა ზაზა გოგიამ დამიწერა… არ ვიცი, რამდენად სწორი იყო, რომ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე, თუმცა, მუსიკალურმა განათლებამ, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მომცა, სულ სხვა მასშტაბი და ცოდნა. ამიტომ ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი სწორი იყო.
წყარო:კვირის პალიტრა