შოვი სტიქიის პირველ წუთებში და შოვის საქმე სტიქიიდან 80 დღის შემდეგ. რა მოხდა შოვში? იყო თუ არა მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფა საკურორტო ზონაში და იყო თუ არა შესაძლებელი ადამიანების გადარჩენა? იმავე ხეობაში, იმავე მდინარეზე 3 წლის წინ მოვარდნილი ღვარცოფი – 3 წლის წინ დაუსრულებელი ჯებირი, რომელსაც დღეს ოჯახები უნდა დაეცვა. რამ აქცია საკურორტო ზონა კატასტროფის ზონად? როგორ მიმდინარეობს გამოძიება შოვის საქმეზე? რას უქადდა ადამიანებს შოვის გენგეგმმა პირდაპირ კატასტროფის არეალში დაგეგმილი 18 მეტრიანი სასტუმრო კორპუსებით – სამაშველო ოპერაცია „ვინც გადარჩა, გადარჩა“.
„ეთო, გეხვეწები, ვერტმფრენი… სწრაფად მოვიდეს, ვკვდებით“, – ეთერ არსანიძემ, რაჭის სათემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მეგობრისგან ეს ხმოვანი შეტყობინება 3 აგვისტოს, 15:26 საათზე მიიღო. მაშინვე ვერ ნახა. 3 წუთში მას ლანა ჯელაძე ვიდეოზარით ურეკავს. ეუბნება, რომ დაახლოებით ნახევარი საათის წინ მეწყერში მოჰყვნენ, 112-ზე ბევრჯერ დარეკეს, მაგრამ მაშველები ამ დრომდე არ გამოჩნდნენ და სთხოვს, გაავრცელოს, რომ გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ. შოვში სტიქიის შესახებ პირველი ინფორმაცია „საქართველოს ამბებმა“ 15:51 საათზე გამოაქვეყნა.
მარიამ ბერიანიძე, მეწყერში მოყოლილი დამსვენებელი: „საშინელი ხმა იყო, თითქოს ვერტმფრენი გეცემა თავზე. უცებ, ვხედავთ, რომ ერთი ხე წაიქცა, მოჰყვება მეორე, მესამე და მთლიანი მთა თავისი ხე-ტყით ჩვენკენ მოდის. ის წამი მახსოვს, ჩემმა ქმარმა შვილს ხელი დასტაცა, აიყვანა და ქვემოთ გამოვიქეცით. პირველმა ტალღამ კალცის ხიდზე დაგვარტყა. ალბათ, 20 მეტრი გვათრია. მერე მეორე ტალღამ… ღვარცოფმა შარვალი გამხადა, ჩემ მეუღლეს წინდებიანად გააძრო ფეხსაცმელები, ისეთი ტემპით გვათრია. ჩვენი სირბილის პარალელურად მიჰქონდა მამისონის და იქვე მდებარე სხვა კოტეჯები. განაგრძეთ კითხვა