ჩემი ცხოვრება დაბადების დღიდან რთული იყო, რადგან მეოთხე ხარისხის ასფიქსიით დავიბადე და ექიმები ჩემს გადასარჩენად ორი საათი იბრძოდნენ – ამ წინადადების მოსმენას ყველაზე ნაკლებად მუდამ ლაღი და პოზიტიური ნინო ნადირაძისგან ელოდით. სინამდვილეში, მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ინსტაგრამისა და ფეისბუქის კედლებს მიღმა ბევრ ტკივილი, სირთულე და იმედგაცრუება იმალება – როგორც ყველა ოჯახში.
არ მიყვარს ჩემს რთულ ცხოვრებაზე საუბარი და წუწუნი. რა აზრი აქვს პრობლემებზე საუბარს, თუ არ გაქვს იმედი, რომ ვიღაც გვერდით დაგიდგება. ზოგადად, ჩემს პრობლემებს თავად ვუმკლავდები.
– ვიცი, ბევრი ადამიანი უცნაური დახმარების თხოვნით გაკითხავს.
– დახმარების თხოვნით ძალიან ბევრი მაკითხავს, ალბათ, ჰგონიათ პრემიერ-მინისტრი ვარ, ან ძალიან დიდი ფულის პატრონი, ან ჯადოქარი. ყველაზე მეტად მაღიზიანებს, როცა ახალგაზრდა ადამიანები მოდიან, ჯან-ღონით სავსე და მატყუებენ, თითქოს ბინა წაართვეს და ფინანსური პრობლემები აქვთ. 25 წლის გოგონა მოვიდა, კაზინოში ფული წავაგე, ბინას ვკარგავ და დამეხმარეო. კაზინოში რომ ადამიანი ფულს წააგებს და მას დაეხმარები, ფაქტობრივად, ღუპავ მას. ერთხელ, უცნაური თხოვნით შავებში ჩაცმული რძალ-დედამთილი მოვიდა. ქალმა მითხრა, შვილი გარდამეცვალა, ჩემს რძალს შვილი არ დარჩა მეუღლისგან და იქნებ, ხელოვნურად გაანაყოფიეროთ, შვიდ თვეში გაჩნდეს ბავშვი და ვიტყვით, რომ ჩემი შვილიშვილია ქონებრივი დავა რომ ავიცილოთ თავიდანო. ვუთხარი, ქონებრივი დავა არ მაინტერესებს, მაგრამ თუ ასე გსურთ, ინ-ვიტრო განყოფილებაში გაგგზავნით-მეთქი. მოკლედ, დავტრიალდი, ხელოვნური განაყოფიერების სპეცილისტებს ავუხენი სიტუაცია და რომ დავფაცურდი, მიხვდნენ, მზად ვიყავი დასახმარებლად და აღმოჩნდა, რომ დაღუპული მეუღლისგან ბავშვი კი არა, ჩემგან უნდოდათ ფული.