ცხინვალში სამშენებლო სამუშაოების დროს საფლავის ქვა იპოვეს, რომელზეც ებრაული წარწერაა.
სააგენტო „რესის“ ცნობით, ქვა ერთ-ერთი კორპუსის ეზოში ნახეს.
ცხინვალის სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის, რობერტ გაგლოითის თქმით: “ეს საფლავის ქვა ანდეზიტ-ბაზალტისაა, რომელზეც ებრაული წარწერაა და თუ აღნიშნულ ტერიტორიაზე კვლავ აღმოჩნდება საფლავის ქვები ებრაული წარწერით, ეს გასაკვირი არაა, რადგან ძველად მანდ ებრაული სასაფლაო მდებარეობდა”.
ცხინვალში ებრაული კვარტალი ქალაქის სამხრეთ გარეუბანში მდებარეობდა.
„ჯემ ნიუსის“ ცნობით, ებრაული საზოგადოებიდან გამოსული ადამიანები დაკავებული იყვნენ ხელსაქმით, ვაჭრობით, ფლობდნენ საპარიკმახეროებს, ფეხსაცმლის სახელოსნოებს, აგურის ქარხნებს, ასევე მათ ეკუთვნოდათ ფაქტობრივად ყველა მანუფაქტურის მაღაზია. ორი საცხობიც იყო, სადაც მაცას აცხობდნენ.
გაზეთმა ,,ნიხასმა” კი 2021 წელს გამოაქვეყნა სტატია ერთ-ერთი ხანდაზმული ქალის შესახებ, რომელიც ცხინვალში უკანასკნელ ებრაელად ითვლება.
გაზეთის ინფორმაციით, ცხინვალის დატოვება ებრაელებმა 1970-იანი წლებიდან დაიწყეს. 90-იანი წლების კონფლიქტის დროს კი ქალაქი კიდევ ბევრმა დატოვა.
წყარო: Qartli.ge