პრეზინდეტის იმპიჩმენტის პროცესის განხილვისას აქტუალური გახდა სალომე ზურაბიშვილის წარმომავლობის საკითხი.
გაეცანით ბიოგრაფიულ ცნობების ზურაბიშვილის შესახებ.
„ლიტერატურათმცოდნე და ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე სალომე ზურაბიშვილის ბებიის – ნინო ნიკოლაძის ფოტოს აქვეყნებს:
“ნინო ნიკოლაძე (მამაჩემს ნიკო ნიკოლაძის ბიოგრაფიაში დაბადების თარიღად უწერია 1872 წელი, საჯაროს ერთ-ერთ ფოტოზე მითითებულია 1873-1959) იყო ნიკო ნიკოლაძისა და ანა მაკაროვას, როგორც მაშინ იტყოდნენ „უკანონო“ შვილი.
ანა, როგორც ჩანს, მშობიარობას გადაყვა.როდესაც ნიკოს მეორე ცოლმა (პირველი იყო ბოგუმილა ზემიანსკაია/Bogumiła Ziemiańska) ოლღა გურამიშვილმა ბავშვის არსებობის შესახებ შეიტყო, 12იოდე წლის ნინო პეტერბურგის პანსიონიდან გამოიყვანეს, საქართველოში ჩამოიყვანეს და მათ ბავშვებთან – რუსუდანთან, გიორგისთან და თამართან ერთად იზრდებოდა.1895 წელს ნინო ცოლად გაჰყვა ცნობილ იურისტსა და საზოგადო მოღვაწეს ივანე ზურაბიშვილს.
ფოტო ნიკო ნიკოლაძის: ნინო თავის უმცროს დასთან – თამართან ერთად – 1893 წელს, დიდ ჯიხაიშში.
თავად სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული სათვისტომოს თავჯდომარის ლევან ზურაბიშვილის ოჯახში.
სალომეს დედა, ზეინაბ კეიდია, ულამაზესი ქალბატონი გახლდათ და ბევრი თაყვანისმცელიც ჰყოლია. ლევან ზურაბიშვილს ცხოვრება საფრანგეთში ემიგრაციის დროს დაუკავშირა. წყვილმა პარიზში იქორწინა მალე ვაჟი, ოთარი შეეძინათ, ორი წლის შემდეგ კი – ქალიშვილი სალომე.
ზეინაბ კედია და ლევან ზურაბიშვილი
ზეინაბ კედია საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის, მექი კედიასა და აგრაფინა თავართქილაძის ქალშვილი გახლდათ. გასაბჭოების შემდეგ მისი მამა საქართველოდან სტამბოლში წასულა მეუღლესთან ერთად, რომელიც მაშინ ზეინაბზე ყოფილა ორსულად და ბავშვი 1921 წლის 8 ივლისსში სტამბულში გაჩნდა. თურქეთში ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სალომეს ბებია და ბაბუა დედის მხრიდან პარიზში გადასულან საცხოვრებლად.
რაც შეეხება სალომეს მამას, ლევან ზურაბიშვილს, იგი ქუთაისში დაიბადა. როგორც აღინიშნა, ის ცნობილი მამულიშვილის, ნიკო ნიკოლაძის შვლიშვილი გახლდათ. სალომეს ბებია, ნინო ნიკოლაძე პედაგოგი და პუბლიცისტი იყო, ხოლო ბაბუა, ივანე ზურაბიშვილი – იურისტი.
რამდენიმე წელიწადში ზურაბიშვილების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა. თავიდან სტამბულში დასახლდნენ, 1924 წლიდან კი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად და ლევანი სენტ–ბარბის განთქმულ მოსამზადებელ კოლეჯში შევიდა, 1928 წელს კი სამთამადნო–საინჟინრო ინსტიტუტში ჩაირიცხა. მას იურიდიულ ფაკულტეტზე უნდოდა სწავლა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი ამის საშუალებას არ აძლევდა. 1931 წელს, პარიზის უმაღლესი საინჟინრო სკოლის დამთავრების შემდეგ, საფრანგეთის რკინიგზის უფროსობა შესთავაზეს, თუმცა ამისთვის საფრანგეთის მოქალაქეობა უნდა მიეღო, ლევანმა კატეგორიული უარი განაცხადა – მე ქართველი ვარ და ქართველად მოვკვდებიო, სამსახური “ფორდის საზოგადოების საფრანგეთის განყოფილება – “სიმკა–კრისლერში” დაიწყო. ამ საზოგადოებაში 39 წელი დაჰყო, უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 1971 წლიდან პენსიონერი გახდა და მთელი თავისი ენერგია ქართულ საქმეზე ზრუნვას მოახმარა.
ლევან ზურაბიშვილი სტუდენტობიდანვე მონაწილეობდა ქართულ საზოგადოებრივ საქმიანობაში. იგი ძალ–ღონეს არ იშურებდა ქართული ემიგრაციის გასაერთიანებლად, რასაც დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით მენშევიკები. არ შეიძლება არ აღინიშნოს უხუცესი ქართველი ემიგრანტის პატრე ხვედელიძისა და სალომეს მამის მიმოწერა, რომელიც საფუძვლად დაედო ეპისტოლარული ჟანრის წიგნს – “პარიზიდან ვაშინგტონამდე საქართველოზე ფიქრით”.
ლევან ზურაბიშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 10 თებერვალს პარიზში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ. დაკრძალულია ლევილში. “არც თაიგული. არც გვირგვინი. ვისაც ამის სურვილი აქვს, საბოძვარი გადაუგზავნოს წმიდა ნინოს ეკლესიის სამრევლოს” – ასეთი იყო მისი უკანასკნელი სურვილი.
ქალბატონი ზეინაბი საქართველოში პირველად ქალიშვილთან, სალომესთან ერთად 1986 წელს ჩამოვიდა. იგი 2016 წელს 94 წლის ასაკში პარიზში გარდაიცვალა. მისი პანაშვიდი წმინდა ნინოს პარიზის ქართულ ეკლესიაში გადაიხადეს“ .
სალომე ზურაბიშვილი 1952 წლის 18 მარტს დაიბადა პარიზში. მის გარდა ოჯახში მისი ძმა – ოთარი იზრდებოდა.
1972 წელს დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი, 1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა. ფლობს ქართულ, ფრანგულ, ინგლისურ და იტალიურ ენებს.
დიპლომატიური კარიერა დაიწყო 1974 წელს რომში (კირინალი), საფრანგეთის საელჩოს მესამე მდივნის თანამდებობით. 1977-1980 წლებში მუშაობდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში (ნიუ-იორკი), საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის მეორე მდივნის თანამდებობაზე. 1980-1984 წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და პროგნოზის ცენტრის თანამშრომელია.
1984-1988 წლებში სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში საფრანგეთის საელჩოს პირველი მდივანი იყო. 1988-1989 წლებში ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის პირველ მდივნად მსახურობდა. მოგვიანებით, ზურაბიშვილი იყო კონვენციური შეირაღების შემცირების საკითხში საფრანგეთის მომლაპარაკებელი ჯგუფის უფროსი; 1989-1992 წლებში ნჯამენაში (ჩადი) საფრანგეთის საელჩოს მეორე მრჩეველი; 1992-1993 წლებში, ბრიუსელში, ევროატლანტიკურ საბჭოში საფრანგეთის მუდმივმოქმედი მისიის პოლიტიკური მრჩეველი; 1993-1996 წლებში ბრიუსელში, დასავლეთ ევროპის კავშირში საფრანგეთის მუდმივი წარმომადგენლობა – მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე; 1996-1998 წლებში, პარიზში, საგარეო საქმეთა მინისტრის კაბინეტის მრჩეველი; 1997-1998 წლებში მუშაობდა პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციაში; 1998-2001 წლებში, პარიზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების დეპარტამენტის სტრატეგიის საკითხთა სამმართველოს უფროსი; 2001-2003 წლებში, პარიზში, ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო, სტრატეგიულ საკითხთა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორი; 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.
2004-2005 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. შემდეგ დროებით ჩამოსცილდა პოლიტიკას.
2012 წლიდან, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, სალომე ზურაბიშვილი კვლავ დაუბრუნდა ქართულ პოლიტიკურ პროცესებს. 2018 წლიდან არის საქართველოს პრეზიდენტი.
1974 წელს, 22 წლის სალომე ზურაბიშვილმა რომში გაიცნო, ასევე ემიგრაციაში მცხოვრები, ქართველი ნიკოლოზ გორჯესტანი (გუგუშვილი). სალომე ზურაბიშვილს და კოკი გუგუშვილს ორი შვილი, თეიმურაზი და ქეთევანი შეეძინათ.
თეიმურაზ გორჯესტანი 1981 წლის 26 ივლისს დაიბადა. იგი პროფესიით დიპლომატია და მუშაობს დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში, სტრატეგიული და უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე.
ქეთევან გორჯესტანი 1984 წლის 22 მარტს დაიბადა. იგი პროფესიით ჟურნალისტია. ამჟამად მუშაობს საფრანგეთის ტელეკომპანია “ფრანც 24”-ში, სპორტულ ჟურნალისტად.
სალომე ზურაბიშვილი და ნიკოლოზ გორჯესტანი 80-იან წლებში განქორწინდნენ.
მეორე ოჯახი მოგვიანებით შექმნა, თუმცა დიდი სიყვარულით, რომელიც დღემდე მოჰყვება. მისი მეუღლე ჯანრი კაშია საქართველოში ცნობილი პიროვნება გახლდათ და ბევრისთვის საყვარელი. როგორც ქალბატონი სალომე ამბობს, ის გრძნობა და სიყვარული, რომელიც ქმართან აკავშირებდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც არ განელებულა“/
წყარო: mshoblebi.ge