ალერგია, ეს არის მომატებული მგრძნობელობა ისეთ ნივთიერებებზე, რომლებიც წესით არ უნდა იწვევდნენ არანაირ გართულებას ადამიანის ორგანიზმისთვის.
იგი ძალიან ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს. ალერგია განსაკუთრებით თავს იჩენს გაზაფხულობით. დღეს ალერგიაზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და განკურნების გზებზე გვესაუბრება ალერგოლოგი მადონა დევიძე.
– ქალბატონო მადონა, პირველ რიგში გვესაუბრეთ, რა არის ზოგადად ალერგია და რამდენი სახის შეიძლება არსებობდეს?
ალერგია არის იმუნური სისტემის გაუკუღმართებული რეაქცია გარემოში არსებულ ნივთიერებებზე, რომლებიც ადამიანების უმეტესობისთვის უვნებელია. ეს ნივთიერებები ცნობილია, როგორც ალერგენები. გავცელებული ალერგენები არიან: ოთახის მტვრის ტკიპები, ნესტის სოკოები, მცენარეთა მტვერი, ცხოველთა ქერტლი და ნერწყვი, საკვები პროდუქტები, მედიკამენტები, მწერების შხამი, ლატექსი და სხვა.
ალერგიას ვუწოდებთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციას. სულ არსებობს 4 ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია ჯელისა და კუმბსის კლასიფიკაციის მიხედვით (1963 წელი, რომელიც დღემდე გამოიყენება). ალერგიულ რეაქციებს პირველი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებს უწოდებენ ძირითადად. ასეთი ტიპით განპირობებული დაავადებებია: ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ბრონქული ასთმა, ატოპიური დერმატიტი, ალერგია ცხოველების მიმართ, კვებითი ალერგია, მედიკამენტური ალერგია და ანაფილაქსია.
– როგორ და რატომ ვლინდება ალერგია, რა იწვევს მას?
არსებობს ბევრი მოსაზრება, თუ რატომ გახდა ალერგია 21-ე საუკუნის დაავადება და რამ გამოიწვია ამ რეაქციების ასეთი მომრავლება. მკვლევარების შეფასებით, 32 მილიონ ამერიკელს აქვს კვებითი ალერგია, მათ შორის 5,6 მილიონი 18 წლამდე ასაკის ბავშვია. იქ ყოველი 13 ბავშვიდან ერთს აქვს კვებითი ალერგია, რაც უდრის ორ მოსწავლეს კლასში. კვებითი ალერგიის მქონე ბავშვების დაახლოებით 40 პროცენტი ალერგიულია ერთზე მეტ საკვებზე (FARE 2019). ასევე დღეს 150 მილიონზე მეტი ევროპელი იტანჯება ქრონიკული ალერგიული დაავადებით და ამჟამინდელი პროგნოზია, რომ 2025 წლისთვის ევროპის მთელი მოსახლეობის ნახევარი დაზარალდება ალერგიული დაავადებებით. (EAAC. 2016).
ერთ-ერთი წამყვანი თეორია მსოფლიოს ალერგიზაციისა, არის „ჰიგიენის ჰიპოთეზა“. ეს თეორია ვარაუდობს, რომ ცხოვრების პირობები მსოფლიოს უმეტეს ნაწილში შეიძლება იყოს ძალიან სუფთა (დასავლური ცხოვრების სტილი) და რომ ბავშვები ადრეული ასაკიდან არ ხვდებიან მიკრობებს, რომლებიც ავარჯიშებენ მათ იმუნურ სისტემას, რათა განასხვავონ უვნებელი და მავნე გამღიზიანებლები. ეს ჰიპოთეზა იმ მონაცემებს ეყრდნობა, რომ ალერგიული დაავადებები უფრო ხშირად განვითრებულ ქვეყნებში გვხდება. ამას ემატება მოსაზრება ანტიბიოტიკების ან კუჭის მჟავიანობის შემამცირებელი მედიკამენტების ზედმეტი გამოიყენების შესახებ, რაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორას ცვლის და ამით ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ უფრო მეტი პრობლემას ქმნის.
შემდეგი ფაქტორია, კლიმატური ცვლილები, მაგალითად თბილმა კლიმატმა შეიძლება გააუარესოს რესპირატორული ალერგია, რადგან მცენარეების ვეგეტაციის სეზონი უფრო გრძელი ხდება და, შესაბამისად, იზრდება მტვრისა და ალერგენების რაოდენობა, ამტკიცებს ზოგიერთი მეცნიერი.
აქვე უნდა ვახსენოთ ყველაფერი არაბუნებრივი, დაწყებული საკეისრო კვეთის სიხშირით და ძუძუთი კვებაზე უარის თქმით თანამედროვე ცხოვრების სტილის პირობებში, რომელთაც საპროფილაქტიკო მოქმედება აქვს ალერგიული დაავედებების განვითარების წინააღმდეგ.
ურბანიზაცია, ჰაერის დაბინძურება, სწრაფი კვების ობიექტებისა და გენმოდიფიცირებული საკვების მოხმარება, ზოგადად ცხვორების არაჯანსაღი წესით ცხოვრება, საოფისე სამსახურები, სიმსუქნე, სტრესი, D ვიტამინის ნაკლებობა და უამრავი სხვა ფაქტორი უწყობს ხელს ალერგიის გაზრდასა და განვითარებას.
– რა როლს თამაშობს საცხოვრებელი ადგილი ალერგიის განვითარებასა და გამწვავებაში?
ქალაქგარეთ, სუფთა ჰაერზე ცხოვრება, შესაძლებლობით ჯანსაღი პროდუქტების მომხმარებისა, რასაკვირველია უმჯობესია ვიდრე მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებში ცხოვრება, სადაც ბევრი მტვერია, ბევრი გამონაბოლქვი, დაძაბული ცხოვრების სტილი და ა.შ. თუკი ამ კითხვის ქვეშ მოისაზრება დასავლეთ თუ აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრების არჩევა, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე აქვს ადამიანს ალერგია. მაგ. ოთხის მტვრის ტკიპები, უფრო აქტიურად ვრცელდებიან ნესტიან გარემოში, ამიტომ ბევრს ვისაც ოთხის მტვრის მიმართ აქვს ალერგია, უფრო ცუდად გრძნობს თავს დასავლეთ საქართველოში, სადაც მეტია ტენიანობა.
ბევრ მათგანს ისიც კი ჰქონია, რომ მათ სწორედ რომ ნესტზე აქვს ალერგია. ასეთი ადამიანები დროებით თავს უკეთ გრძნობენ აღმოსავლეთ საქართველოში, თუმცა დროთა განმავლობაში, აქაც იგივე სიმპტომები უვითრდებათ, რადგან მტვერი ზოგადად ყველგან გვხდება დედამიწაზე. მათ ვისაც მაგალითად არყის ხეზე აქვს ალერგია, და ის საცხოვრებლად გადავა იქ, სადაც არყის ხეები ნაკლებად არის გავრცელებული, სეზონზე უკეთესად იგრძნობს თავს რასაკვირველია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მცენარეთა მტვერი ქარის საშუალებით 100-120 კმ დისტანციაზე გადაიტანება და თუ ამ რადიუსში ხვდებით, სიმპტომები მაინც გამოგივლინდებათ.
– არის თუ არა ალერგია განკურნებადი?
ალერგიის განკურნება ალერგიის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებით არის შესაძლებელი. ეს არის მეთოდი, რომელიც იწვევს იმ ალერგენთან „შერიგებას“, რომელიც ორგანიზმს მტრად ჰყავდა აღქმული. ამ მეთოდით მკურნალობა შესაძლებელია ალერგიული რინიტის, ალერგიული კონიუნქტივიტის, მცენარეული ალერგიის, ბრონქული ასთმის შემთხვევაში, თუკი გამომწვევი მიზეზი ოთახის მტვერი ან მცენარეული მტვერია, ასევე შესაძლებელია იგივე მეთოდით მწერების მიმართ (მაგ. ფუტკრის შხამის) ალერგიის განკურნება.
მედიკამენტური ალერგია ძირითადად არ იკურნება და საჭიროა დამნაშვე მედიკამენტისგან თავის არიდება, თუმცა აქაც არსებობს გამონაკლისი, როცა წლების შემდეგ შეიძლება მედიკამენტი აიტანოს ადამიანმა, ან ჩატარდეს დესენსიბილზაცია, იგივე შეგუება, თუკი პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ამ კონკრეტული მედიკამენტის მიღება. ქრონიკული ჭინჭრის ციების და კვინკეს შეშუპების განკურნება შესაძლებელია. შესაძლებელია ასევე ზოგიერთი სახეობის კვებითი ალერგიის განკურნებაც. ალერგოლოგია, როგორც ზოგადად მედიცინა, სწრაფად განვითრებადი დარგია და ბევრი ახალი შესაძლებლობები ჩნდება, როგორც ალერგიული დაავადებების დიაგნოსტიკაში, ისე მკურნალობის მეთოდებშიც
– შეიძლება თუ არა, რომ ალერგია იყოს გენეტიკური ?
ასთმისა და ალერგიული რეაქციების ოჯახური ანამნეზი (ასთმის ან ალერგიული დაავადებები ოჯახის წევრებში) ზრდის ასთმის ან ალერგიის რისკს საერთო პოპულაციასთან შედარებით. დადგენილია, რომ ატოპიურ (ალერგიულ) ოჯახებში დაბადებული ბავშვების ნახევარზე მეტს განუვითარდება ალერგიული დაავადება მომავალში, მაშინ როდესაც ბავშვების სიხშირე, რომლებსაც არ აქვთ ალერგიული დაავადების ოჯახური ისტორია, არის ხუთიდან ერთი ბავშვი. რისკი კიდევ უფრო იზრდება იმ ოჯახებისთვის, სადაც ორივე მშობელი ალერგიულია.
აღსანიშნავია, რომ ბავშვებს ყოველთვის იგივე ალერგიული მდგომარეობა არ უვითარდებათ, როგორც ოჯახის სხვა წევრებს.
– ეპიდემიოლოგები ჯერ ისევ მოუწოდებენ მოსახლეობას აცრისკენ და გთხოვთ, გვითხრათ, კონკრეტულად ვისთვის არ შეიძლება კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა?
SARS-CoV-2 -ის საწინააღმდეგო აცრა იგივე ვაქცინით, ან ვაქცინით, რომელიც მსგავს ნივთიერებებს შეიცავს, არ შეიძლება მათთვის, ვისაც პირველ დოზაზე გამოუვლინდათ ანაფილაქსია (სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია) და რეკომენდებულია ვაქცინაცია დასრულდეს სხვა ვაქცინით ალერგოლოგის კონსლტაციის გავლის შემდეგ. ასევე აცრა არ შეიძლება ალერგიული დაავადებების, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი დაავადებების გამწვავების პროცესში. პაციენტი ვაქცინაციის დროს თავს უნდა გრძნობდეს კარგად. სხვა არცერთი ალერგიული დაავადება არ არის მკაცრი უკუჩვენება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცინისთვის.
წყარო:მკურნალი