„3 წლის ასაკში ყველა ბავშვს სიტყვების სწორად წარმოთქმა და სურვილების გამოხატვა არ შეუძლია, მაგრამ სმარტფონის გამოყენება უმეტესობამ კარგად იცის. ბავშვს შეუძლია ადვილად გახსნას YouTube და თავისი საყვარელი მულტფილმი იპოვოს. სადამდე მივყავართ ეკრანთან ასე ადრეულ და მჭიდრო ურთიერთობას?
დაგვიანებული მეტყველების განვითარება და მხედველობის პრობლემები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიისა, რაც შეიძლება ეკრანდამოკიდებულ ბავშვს აწუხებდეს. ჩვენ შეჩვეული ვართ გაჯეტებით გარემოცულ ცხოვრებას, მაგრამ კარგად კარგად გვაქვს გაცნობიერებული, როგორ მოქმედებენ ისინი ბავშვის ტვინზე?
ეკრანი შეუზღუდავად
მულტფილმები ჭამის დროს, სმარტფონის თხოვება, სანამ უმცროს შვილს ჩააცმევთ, ტელეფონით თამაში, როცა ძალიან დიდხანს ელოდებით თქვენს რიგს კლინიკაში. რამდენად ხშირად იყენებთ ამ მეთოდებს თქვენი შვილის დასამშვიდებლად?
თუ ამას ყოველდღიურად აკეთებთ და ბავშვი წლამდე ასაკისაა, მაშინ ეს კრიტიკული მაჩვენებელია, რომელიც შეიძლება დამანგრეველი იყოს ბავშვის განვითარებისთვის.
ჯანმო-ს თანახმად, ეკრანის მკაცრად უკუნაჩვენებია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
ჩვილები ცხოვრების პირველ წელს სწრაფი ტემპით ვითარდებიან და ეკრანთან დროის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. როდესაც მხედველობა დაძაბულია, თავის ტვინში სისხლის მიწოდება ირღვევა. შესაბამისად, მულტფილმები დიდი ტვირთია პატარას ტვინისთვის.
სიცოცხლის მეორე წელიც სასურველია ბავშვმა დრო მულტფილმების გარეშე გაატაროს. ეკრანთან გატარებული დრო 2-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის დღეში ერთ საათს არ უნდა აღემატებოდეს. არ აქვს მნიშვნელობა, მულტფილმებს უყურებს, პლანშეტზე თამაშობს თუ ტელევიზორია ფონად ჩართული.
ტელევიზორი მხოლოდ ფონადაც საზიანოა
მშობლები ხშირად რთავენ ტელევიზორს ბავშვის ყურადღების გადატანის მიზნით, ბევრ ოჯახში კი ტელევიზორი მთელი დღე ჩართულია ისე, რომ შეიძლება არც არავინ უყურებდეს. მშობლები ფიქრობენ, რომ ეს არანაირ ზიანს არ აყენებს ბავშვს, რადგან სპეციალურად მისთვის არ ჩაურთავთ და ბავშვი არ უყურებს. „ჩვენთან ტელევიზორი ფონს ჰგავს, ბავშვი მას არც კი უყურებს,” – ამბობენ მშობლები. მაგრამ მხოლოდ ფონად ჩართული ტელევიზორი ასევე მავნებლად ითვლება. ფონური ხმაური, ექიმების აზრით, ბავშვებში მეტყველების შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
როდესაც 2 წლის ასაკში ბავშვის ლექსიკა 85 სიტყვაზე ნაკლებია, ეს მეტყველების დაგვიანებული განვითარება შეიძლება ჩაითვალოს. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს – ჟანგბადის ნაკლებობა ტვინში და მეორე მიზეზი, რომელიც ხელს უშლის ბავშვს დროულად ალაპარაკებას, ფონური ხმაურია. ეს გულისხმობს ყურადღების გაფანტვას ტელევიზორის, ტელეფონების, სმარტფონის, ქალაქის ძალიან ხმამაღალი ხმებისგანაც კი.
საგანმანათლებლო მულტფილმების მიზანი კი სულაც არ არის ბავშვების განვითარება. ის უბრალოდ დროის გაყვანის საშუალებაა, რომელიც „განმავითარებლის“ ელფერით არის შეფუთული.
საიდუმლო არ არის, რომ ყველა ეკრანს აქვს ჩვენს ტვინზე ზემოქმედების ნარკოტიკისებრი ეფექტი. ეკრანების ყურებისას სიამოვნების ჰორმონი იწარმოება, ამიტომ ტვინიც სულ უფრო მეტს მოითხოვს. ნათელი ფერები, ხშირად მოციმციმე გამოსახულებები, ეფექტები, ინტერაქტიული ელემენტები და სხვადასხვა მკვეთრი ხმები ძლიერ მასტიმულირებელ გავლენას ახდენს ტვინზე. ბავშვი „იყინება“, ჩნდება ეფექტი „ტელევიზორი ირთვება, ტვინი ითიშება“. და მაშინაც კი, როდესაც ბავშვი გამოდის ამ მდგომარეობიდან, ტვინი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში განაგრძობს მიღებული ინფორმაციის დამუშავებას.
ეკრანზე დამოკიდებულების შედეგები:
ხშირი ტანტრუმები;
ძილის პრობლემები;
მუდმივი წუწუნი;
ჰიპერაქტიურობა;
დამოუკიდებლად თამაშის უუნარობა;
ქცევის პრობლემები სკოლაში;
სოციალური პრობლემები;
შემოქმედებითი აზროვნების დაქვეითება;
ფანტაზიის ნაკლებობა.
ცოტა ხნის წინ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვებში მეტყველების შეფერხება პირდაპირ კავშირშია ეკრანზე დამოკიდებულებასთან. კვლევაში მონაწილეობდა 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის 894 ბავშვი. ბავშვები დღეში საშუალოდ 28 წუთს ატარებენ ეკრანებთან, მათ შორის თამაშობენ ტელეფონებით, პლანშეტებით და გაჯეტებით, უყურებდნენ მულტფილმებს. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ 18 თვემდე ბავშვებისთვის ეკრანი აკრძალულია არა მარტო საყურებლად, ფონურ ხმაურადაც კი.
ეკრანთან გატარებული ყოველი დამატებითი 30 წუთი მეტყველების დაგვიანების რისკს 49%-ით ზრდის.
ყველაზე ღირებული, რაც შეგვიძლია მივცეთ ბავშვებს, არის დრო. ბავშვთან ერთად თამაში, მასთან ურთიერთობა, მუდმივი ყურადღება, სიყვარული და ზრუნვა საუკეთესო ნიადაგია მისი სწორი და სრული განვითარებისთვის. და ვერცერთი მულტფილმი ან გაჯეტი ვერ შეცვლის ამას“.
წყარო: mshoblebi.ge