იასონ ბადრიძემ მგლებთან 2 წელი იცხოვრა.
ბადრიძის თქმით, ეს იყო საუკეთესო ხანა მის ცხოვრებაში.
გთავაზობთ ინტერვიუს მის უჩვეულო, გასაოცარ ამბავზე.
„ – გადაბმულად რამდენ ხანს ყოფილხართ მათთან კონტაქტში?
– თვეები ვყოფილვარ მგლებთან, ისე რომ ცივილიზაციაში არ წამოვსულვარ.
ალბათ მკითხავთ, მერედა რა გრჯიდაო? – რა და ინტერესი… ყველაფერი რაც კი ამ ქვეყანაზე გაკეთდა, – მხოლოდ და მხოლოდ ინტერესის შედეგად, – ფიზიკაშიც, გეოგრაფიაშიც, მეცნიერების ნებისმიერ დარგში…
საქმე იმაშია, რომ ძაღლებს კარგად ვიცნობდი და ისიც ვიცოდი, რომ ამ ცხოველმა ადამიანთან ურთიერთობის გამო ბევრი რამ დაკარგა. საერთოდ, ადამიანთან ურთიერთობისას ყველაფერი ფუჭდება, ძაღლიც, მამაძაღლიც და ბუნებაც… მინდოდა ძაღლის ველური წინაპარი თავის საარსებო გარემოში შემესწავლა. ეს იყო ჩემი ძირითადი მიზანი.
ბავშვობაში ხშირად მეტყოდნენ ხოლმე – „თუ არ შეჭამ, მგელი მოვა და შეგიჭამსო“… საერთოდ, საქართველოში მგელზე ისტერიკა ძალიან მიღებულია.
– ფიქრობთ გადაჭარბებულია?
– ცხადია. მწყემსები რომ გაჰკიოდნენ – მგელმა10 ცხვარი შემიჭამაო, რეალურად იმ 10 ცხვრიდან 5 რაიკომის მდივნის შეჭმული იყო ხოლმე… რა თქმა უნდა, იყო მგლების თავდასხმის შემთხვევებიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოდან რუსეთში 10 000 ქართული მეცხვარე ძაღლი გაიყვანეს.
– ეს როდის?
– ომის შემდგომ პერიოდში, ვითომ ახალი რუსული კავკასიური ნაგაზი ჩამოაყალიბეს, მოდარაჯე, ძალიან აგრესიულები. მწყემსი კი დარჩა ისეთი ძაღლების ამარა, რომლებიც მხოლოდ ყეფენ… ცხადია, რომ მგლისგან მიყენებული ზარალიც გაიზარდა. საერთოდ, ის მგლები, რომლებიც ცხვარს მიეჩვივნენ, ტყეში აღარასდროს წავლენ. იმიტომ, რომ მუქთა საჭმელი იშოვეს. არის მგლების მეორე ტიპი, – რომელიც მხოლოდ ტყეშია და გარეული ცხოველით იკვებება. რომ გაჰკივიან, მათ შეამცირეს ირმის რაოდენობაო, იცით როგორი უნამუსო ტყუილია?… მაგალითს მოგიყვანთ: ლაგოდეხის ნაკრძალში. 1991 წელს ირმის რაოდენობა 1500-მდე იყო. 1994 წელს ბრაკონიერები შევიდნენ და მუსრი გაავლეს – 80 ირემი თუ იქნებოდა დარჩენილი.
ლაგოდეხის ნაკრძალში, 1979 წლიდან ვმუშაობდი. ჰოდა, იქ ხევ-ხუვებში მინახავს დაჭრილი ირმები, წყლის პირას როგორო იხოცებოდნენ. ირმის ჯოგზე სანადიროდ „კალაშნიკოვით“ მიდიოდნენ, ავტომატის ჯერს მიუშვებდნენ, 1-2 ირემი თუ რჩებოდა, დანარჩენები დაჭრილები წყლისკენ გარბოდნენ და იქ იხოცებოდნენ…
მოკლედ, ადამიანი ნებისმიერ მტაცებელზე საშინელია. წარმოუდგენელ რამეებს სჩადის. აღარ დარჩა, მთელ საქართველოში, მთლიანობაში, 300 ირემი თუ იქნება. ბორჯომის ნაკრძალში არჩვი აღარ დარჩა, 10-15 ირემიღაა. ყველაფერი „ორფეხა მგელმა“ შეჭამა!
მინდოდა გამერკვია, თუ რა ხდება რეალურად, როგორ ცხოვრობენ მგლები, ზრდიან ნაშიერს, ნადირობენ; რამდენ ირემს თუ შველს იჭერენ. შევძელი მენახა დაბადებიდან, როგორ იზრდებიან ეს ცხოველები, მშობლებისგან სწავლობენ ნადირობას. ადამიანისგან განსხვავებით, 2-3 კვირაში, ერთ ირემს ან შველს თუ მოკლავენ, სხვა შემთხვევაში, კურდღლებითა და მღრღნელებით იკვებებიან… მთელი ციკლი ვნახე… ველური ცხოველი გაცილებით ადრე გხედავს, ვიდრე შენ შეამჩნევ მას.
– საინტერესოა, რა გარანტია გქონდათ რომ ველური ცხოველი არ დაგესხმებოდათ თავს?
– ცხოველები რაღაცნაირად უნდა მომეჩვია, რათა თავად მენახა და შემესწავლა მათი ცხოვრება.ზორეთში ჩასვლიდან 2 კვირაში უკვე ვიცოდი ყველა ბილიკი, რომლითაც გადაადგილდებოდნენ. ჩვრები სხეულზე შემოვიხციე, რომ ჩემი სუნით გაჟღენთილიყო და შემდეგ ბილიკებზე ვდებდი ხოლმე. როცა უკვე ჩემს სუნს აღარ უფრთხოდნენ, იმ ტილოების მონიშვნა დაიწყეს. რაც ნიშნავს, რომ ჩემს სუნს შეეჩვივნენ. ძუ მგელი მაკედ იყო და ხვადთან ერთად, სამშობიაროდ, ბუნაგს ეძებდა. გზად დავხვდი. ძუ გაჩერდა, ხვადი წამოვიდა ჩემკენ, დაახლოებით 5 მეტრზე მომიახლოვდა, მიყურა, მიყურა, მერე კბილები მაჩვენა და გაბრუნდა.
– ეს რას ნიშნავდა?
– დაახლოებით, ასე მითხრა – ჭკვიანად იყავი არ გამაბრაზოო… მთავარია, რომ წყნარად შემხვდნენ. რადგან უფროსები ჩემს სიახლოვეს არ აპროტესტებდნენ, ახალგაზრდებიც მიხვდნენ, რომ საშიში აღარ ვიყავი.
ძუმ რომ იმშობიარა და ლეკვები ბუნაგიდან გამოვიდნენ, დავინტერესდი შიგნით როგორ იყო მოწყობილი და დავათვალიერე. ერთმანეთის გვერდით 2 დატკეპნილი ადგილი გაემზადებინათ. ერთი ძუ მგლისთვის, მეორე – ლეკვებისთვის. მამა გარეთ იყო, ხანდახან თავს შეყოფდა, ლეკვები დაენახა და ალოკავდა ხოლმე.
– ბუნაგიდან როდის გამოდიან?
– დაახლოებით 18 -20 დღის შემდეგ. ძირითადად, თამაშობენ. ისევე როგორც ადამიანებში, ბავშვი მგლებშიც თამაშში ვითარდება, როგორც ფიზიკურად, ასევე, გონებრივადაც. საოცრება იყო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ მგლებს თურმე ალტრუიზმის უნარი გააჩნიათ. ეს ადამიანის მოგონილი არაა. ადამიანმა ერთადერთი რაც მოიგონა არის მეტყველება. დანარჩენი ყველაფერი. აბსოლუტურად ერთნაირად გვაქვს განვითარებული – მშობლური ინსტინქტი, შვილების გაზრდა, ასე ვთქვათ, პედაგოგიური ნაწილიც… დედამ ზუსტად იცის, ლეკვებს რომელ ასაკში რა სჭირდებათ და ამას თანმიმდევრულად აკეთებს. მაგალითად: როდის მიაჩვიოს ხორცს, – ჯერ კუჭიდან ამონთხეულ ნახევრად მონელებულ ხორცს აჭმევენ. მერე ნელ-ნელა უმ ხორცზე გადაჰყავთ. ამის შემდეგ, ჯერ ხორცის ნაჭრები მოაქვთ, სუნს და გემოს აჩვევენ. 4 თვის, უკვე ნანადირევთან მიჰყავთ და აჩვენებენ, რა ჭამა. ასე იმახსოვრებს სუნსაც…
– ნადირობას როდის სწავლობენ?
– მშობლებს 7 თვიდან დაჰყვებიან სანადიროდ. მეც მათთან ერთად დავდიოდი, დაახლოებით 5 მეტრში მივყვებოდი, მაგრამ თუ დევნას იწყებდნენ, ვეღარ დავეწეოდი, ამიტომაც, შორის მანძილი იზრდებოდა.
– ღამე ტყეში მათთან ერთად იყავით?
– დიახ, დღე და ღამე .
– ისინი რომ ბუნაგში შედიოდნენ, თქვენ სად ათევდით? ყოველთვის ერთნაირი ამინდი ხომ არ იქნებოდა?…
– ბუნაგში მხოლოდ მაშინ შედიან, როდესაც ლეკვები დაიბადება. სხვა დროს, შეხვედრის ადგილი აქვთ, სადაც მთელი ოჯახი იკრიბება და იქვე სძინავთ. მეც შესანიშნავი ნაბადი მქონდა და რომ გავეხვეოდი, წვიმა და თოვლი არ მაწუხებდა…
– ძაღლმა რომ იცის, წამოწოლილს რომ მოგიწვება, მგელს ახასიათებს ასე?
– არა. ერთხელ წყლის ხმამ გამაღვიძა, ნაბადზე იღვრებოდა, თვალები გავახილე და რას ვხედავ, ხვად მგელს ფეხი აქვს აწეული და შარდით მნიშნავს…
– ენა თუ აქვთ თავისი?
– აბა?!. მგლები ერთმანეთში, ასე ვთქვათ, ლაპარაკობენ ან წკმუტუნით ან ყეფით. მგლებს შორის ბგერითი კომუნიკაციის ორი ფორმა არსებობს – თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი ყველა მგლისთვის გასაგებია, ევროპელი იქნება, აზიელი თუ ამერიკელი. შეძენილი კი, დიალექტივითა და შესაძლოა, „სხვამ“ ვერ გაიგოს…. მე რომ რომ გითხრათ მგლების ენა ვიციო, ტყუილი იქნება, მაგრამ მათ ყმუილში ყველა ემოცია მესმის.
– თქვენ რით იკვებებოდით?..
– ერთხელ სანადიროდ რომ გავყევი, ირემი მოინადირეს და თვითონ რომ დაძღნენ, ნარჩენებთან მიმიშვეს. ჩამოვაჭერი რამდენიმე ნაჭერი. მოგვიანებით შევწვი. მაშინ პირველად გავსინჯე ირმის ხორცი. აღმოჩნდა, რომ ქვეყანაზე არაფერია ღორის და ცხვრის ხორცზე უკეთესი.
– ე.ი. არ მოგეწონათ…
– არა, ძალიან სპეციფიკური გემო აქვს. რატომ გიჟდებიან ირემზე ვერ გავიგე…. ჰორმონებით სავსე, არასასიამოვნოა, მაგრამ ხორცის კონსერვს სჯობს…
– თქვენ პირველი ხართ, ვინც მგლის ონტოგენეზი აღწერა…
– დისერტაციაც მგელზე მაქვს, საკანდიდატოც და სადოქტოროც. მათი გონივრული უნარი, აზროვნება 2,5 წლის ბავშვის დონეზეა. შიმპანზესა და გორილას 3 წლის ბავშვის დონეზე. წარმოიდგინეთ, ის ადამიანის მაგვარი მაიმუნია და ეს – მხეცი… კითხვა განაგრძეთ ბმულზე