ქართველმა ჯარისკაცმა, რომელსაც ამერიკელმა მედიკოსებმა „სიკვდილზე გამარჯვებული“ უწოდეს, საცოლეს ხელი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სთხოვა და თანხმობა მიიღო.
კაპიტან ივერი ბუაძის რჩეული რუსუდან სიმონიშვილია. როგორც ჯარისკაცმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, რუსუდანი მგალობელია და მას ხელი სწორედ საცოლის დაბადების დღეზე ეკლესიაში სთხოვა.
ჯარისკაცის მონათხრობიდან ირკვევა, რომ წყვილის დახლოებას საფუძველი ჯერ კიდევ მაშინ ჩაეყარა, როცა ივერი ბუაძის სასწაულებრივ გადარჩენაზე გაოცებული უცხოელი მედიკოსები სხვადასხვა გამოცემას სიკვდილზე გამარჯვებული კაცის შესახებ ინტერვიუებს აძლევდნენ.
რუსუდანი დაინტერესდა კაცით, რომელმაც „სიკვდილის ანგელოზი“ დაამარცხა და გადაწყვიტა, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, კონტინენტს მიღმა მყოფი ჯარისკაცი სოციალურ ქსელში მოეძებნა. მოძებნა და დაუკავშირდა კიდეც… მერე ივერი ბუაძე გამოჯანმრთელდა და ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ვირტუალური მეგობარი პირისპირ ნახა. სწორედ მაშინ დაიწყო მგალობელი გოგოსა და ცნობილი ჯარისკაცის ლავსთორი…
დღეს კი ეს სასიყვარულო ისტორია ხელის თხოვნით და თანხმობით დაგვირგვინდა…
„ჩემს შესახებ სხვადასხვა გამოცემები სტატიებს აქვეყნებდნენ. მაშინ რუსუდანმა ინგლისურენოვანი სტატია წაიკითხა, სადაც მიღებულ დაზიანებებზე, რომლებიც აფეთქებისას მივიღე, ამერიკელი ექიმი საუბრობდა. მაშინ რუსუდანი ჩემით დაინტერესებულა და სოციალურ ქსელში მომძებნა. რა თქმა უნდა, მეგობრობაზე დავთანხმდი და დავიმატე. ჩვენს შორის მიწერ-მოწერა გაგრძელდა.
როცა საქართველოში დავბრუნდი, პირადად შევხვდით. ამ ყველაფრით ჩვენი ურთიერთობა სხვა ფორმატში გადავიდა და ერთმანეთი შეგვიყვარდა. დღეს კი, ოჯახი შევქმენით“, – ამბობს ივერი ბუაძე.
ავღანეთში, სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ივერი ბუაძე აფეთქებაში მოყვა. მას გერმანელი და ამერიკელი ექიმები მკურნალობდნენ, უფრო სწორად, მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ. ჯარისკაცს სულ 69 ოპერაცია გაუკეთდა, დასჭირდა სისხლის გამოცვლა. როგორც ის „პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ამბობს, დაახლოებით 100 ლიტრი სისხლი გადაუსხეს. იყო ორთვიან კომაში, ჩაუტარდა მარჯვენა ფეხის ამპუტაცია, ტვინის შეშუპებამ კი ინსულტი გამოიწვია.
თავის ისტორიას სასწაულებრივად გადარჩენილი სამხედრო ამ ინტერვიუში ვრცლად იხსენებს და მომხდარზე საუბრობს: primetime.ge/qartveli-jariksatsis-sulisshemdzvreli-ambavi