საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ცნობით, 2024 წლის წლის ბიუჯეტის პირველად პროექტში ასაკობრივი პენსიის ზრდა იგეგმება.
მთავრობამ 2020 წელს მიიღო კანონი პენსიების ინდექსაციის შესახებ.
კერძოდ, 2020 წელს პარლამენტმა სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, მიიღო პენსიების ინდექსაციის კანონი, რომელიც ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის დონის გათვალისწინებით ადგენს წესს, რითაც ყოველწლიურად პენსიის ოდენობა უნდა გადაიხედოს. 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის ინდექსაცია გამოითვლება შემდეგნაირად: ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ის) რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80 პროცენტის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით.
„ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის ბიუჯეტი 870 ლარით იზრდება. ასევე პენსიების ზრდა გვაქვს. 70 წლის და მეტი ასაკის მქონე პირთა პენსია იზრდება 50 ლარით 415 ლარამდე. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს მიაღწევს. აქვე შედარებისთვის გეტყვით, რომ 2012 წელს პენსია 110 და 125 ლარი იყო. ახლა იქნება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 500 ლარამდე გაიზრდება. ეს არის ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგი. 70 წლამდე პირთა პენსია 20 ლარით იზრდება და 315 ლარით განისაზღვრება, ხოლო მაღალმთიან რეგიონში 380 ლარამდე მიაღწევს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.