თითქმის ერთი კვირაა ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმების გამო, ღაზის სექტორზე ფართომასშტაბიან შეტევებს არ წყვეტს. პარალელურად, არც ტერორისტული დაჯგუფება აძლევს ქვეყანას სიმშვიდეს – ყოველდღე, ისრაელის სხვადასხვა ქალაქებში, „რკინის გუმბათის“ აქტიური მუშაობის მიუხედავად, ჰამასის მიერ ნასროლი ჭურვები ფეთქდება…
პარალელურად, სროლები ისმის არაბულ უბნებსა და დასახლებების გარშემო – პერიოდულად, ტერორისტები პოლიციასა და სამხედროებს ცეცხლს უხსნიან. იერუსალიმში მცხოვრები დიანა რონი ეპილოგი.ge-ს უყვება, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა ტერორიზმის პირისპირ.
-ახლა, როდესაც თქვენ გესაუბრებით, იერუსალიმის ქუჩებში სროლების ხმა ისმის. გვაცნობეს, რომ ტერორისტმა ორი პოლიციელი დაჭრა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნია ცეცხლი. აქ აფეთქებების ხმა იშვიათად ისმის, მაგრამ ე.წ. ქუჩის სროლები ხშირია. ომამდე, იერუსალიმის ქუჩებში იმდენი ხალხი დადიოდა, გავლა შეუძლებელი იყო, ახლა მხოლოდ კანტი-კუნტად დადიან ადამიანები.
გარდაუვალი ვითარების გარდა, ქუჩაში არავინ გამოდის, მხოლოდ სავაჭრო ობიექტებსა და სამედიცინო დაწესებულებებში დავდივართ, თუმცა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც მუშაობს. დიდი „მოლები“ და სავაჭრო ობიექტები დაკეტილია. ქუჩაში ერთდროულად ათი, შენობაში კი, 50 კაცზე მეტის შეკრება აკრძალულია, რადგან ზოგჯერ მტერი იმდენად მასშტაბურ შეტევას ახორციელებს, „რკინის გუმბათი განეიტრალებას ვერ ასწრებს. ყოველთვის, როდესაც ისრაელს თავს ესხმოდნენ, იერუსალში სიმშვიდე იყო, იმიტომ, რომ გარშემო ძალიან ბევრი არაბული დასახლებებია და უამრავი მეჩეთი აქვთ.
– თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა აბუ-გოშში მდებარე მეჩეთს, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერს მამის სახელზე აუგია.
– ის მეჩეთი მთავარი მეჩეთიდან 10 წუთის სავალზეა… ეს არის არაბული სოფელი, გარშემოც არაბული დასახლებებია. იმ დღეს, როდესაც იურუსალიმსაც დაარტყეს, მასშტაბური შეტევა იყო. ნაწილი განეიტრალდა, მაგრამ ყველა ვერა… ერთი ბიჭი, რომელიც ეტყობა, ბომბსაფარ ოთახში არ შევიდა, ჭურვის ნამსხვრევისგან მძიმედ დაიჭრა. ადგილობრივი კანონმდებლობის თანახმად, ყველა სახლს, რომელიც შენდება, სპეციალური, ბომბსაფარი ოთახი აქვს გამოყოფილი, რომელიც ქვედა სართულზეა. ბოლო ხანებში რამდენჯერ ჩავდივართ იმ ოთახში, არც გვახსოვს. როდესაც ოჯახში მცირეწლოვნები არიან, ეს ძალიან რთულია… სასწავლო პროცესი ონლაინ-რეჟიმზე გადავიდა, ეს ბავშვების ფსიქიკისთვისაც კარგია, ყოველდღიური რეჟიმიდან რომ არ ამოვარდნენ, მათ უნდა იგრძნონ, რომ ყველაფრის მიუხედავად, სწავლის დრო ყოველთვის არის. გვეგონა, რომ გასულ სამშაბათს აღდგებოდა სკოლაში სწავლა, მაგრამ სამწუხაროდ, სიტუაცია უფრო გამწვავდა.
თავად მასწავლებელი ვარ, ისრაელის მუსიკალურ აკადემიასთან არსებულ ნიჭიერთა ათწლედში, მუსიკას ვასწავლი. ჩვენც ონლაინ რეჟიმში გადავედით, თუმცა, საათების შეზღუდვა, მოიხსნება – გაკვეთილები ჩვეულებრივი ცხრილით, თუმცა, ონლაინ ჩატარდება. იქ მე ვცხოვრობ, ახლოს არის ძალიან დიდი საავადმყოფოა, სადაც ჩვენთან ერთად სამედიცინო მომსახურებას არაბული მოსახლეობაც იღებს, ჩვენი შვილები ერთი და იმავე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლობენ. საერთო სავაჭრო ობიექტებით ვსარგებლობთ, ერთ სივრცეში ვცხოვრობთ. თუმცა, იმავე არაბულ უვნებსა და დასახლებებში, უამრავი ისრაელის მოწინააღმდეგე ცხოვრობს.
– რომლებიც ახლა ისრაელელ ხალხს ესვრიან?
– დიახ, გამუდმებით გვესმის სროლების ხმა. ქალაქში უამრავი ჯარი და პატრული დადის, რომელთაც არაბული დასახლებებიდან გამოსული ტერორისტები უსაფრთდებიან და ესვრიან. განსაკუთრებით ღამე აქტიურდებიან. ამიტომაც, ხშირად ისმის სროლები… პოლიცია მუდმივად გვაფრთხილებს, თუ რამე საეჭვო შენიშნეთ, მაშინვე გაგვაფრთხილეთო. იერუსალიმი ძალზე მრავალფეროვანია, უამრავი ეროვნებისა და მრწამსის ადამიანი ცხოვრობს. აქ სიფრთხილის ზომები ყოველთვის იყო, მაგრამ ახლა ბევრად გამკაცრებულია. ყველა დიდი ობიექტს, სკოლა იქნება სავაჭრო ობიექტი, დაცვის თანამშრომლები სპეციალური აპარატურით ამოწმებენ. ისე, როგორც აეროპორტშია, შესვლამდე ჩანთასა და სხვა პირად ნივთებს დაცვა ამოწმებს. ასეთი პრევენცია ტერაქტების გამო შემოიღეს. ისრაელში 1994 წელს ჩამოვედი. უნივერსიტეტში წასვლა ავტობუსით მიწევდა და ყოველ ი მგზავრობისას, გულში ვლოცულობდი – ცოცხალი გადავრჩე-მეთქი. ტერორისტები კვირაში ერთხელ მაინც აფეთქებდნენ ავტობუსებს და სხვა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტს… ამის შემდეგ გახდა საჭირო ზომების გამკაცრება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ომია – ისრაელი არაბ ხალხს არ ებრძვის. ისინი სავაჭრო ობიექტებსა და სხვა დაწესებულებებში მუშაობას განაგრძობენ. ახლობლები, თანამშრომლები, მეზობლები მყავს არაბები, ჩემს შვილებს კი, კლასელები. ისრაელის მოქალაქეები არიან, გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. მშვიდობიანი, სტაბილური ცხოვრება სურთ და ტერორისტების მათაც ეშინიათ, მაგრამ აზრის გამოხატვას ვერ ბედავენ.
ვიცი, რომ ღაზის სექტორის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ნატრობდა ნეტავ ისრაელმა დაგვიპყროსო. სტაბილური ცხოვრება, განათლება და განვითარება უნდათ. იციან, რომ ყატარიდან, ევროპიდან მილიარდები შედის, მაგრამ ეს თანხა „ჰამასის“ ლიდერების კეთილდღეობაში, ბომბებში, იარაღში იხარჯება, თავად კი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ.