გუშინ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში შორენა ბეგაშვილის საავტორო გადაცემა გავიდა. “შორენას ეფექტი” – ასე ჰქვია გადაცემას, რომელიც კვირაში ერთხელ გავა. პირველ სტუმრად ტელეწამყვანს მაია ასათიანი ჰყავდა მიწვეული, რომელმაც შვილის გარდაცვალების პერიოდზე გულახდილად ისაუბრა…
“არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს პირველად ვიტყვი, აქამდე არასდროს მითქვამს. ალბათ, დიდი რისხვა წამოვა, მაგრამ მე ეს გზა უკვე გავიარე.
ჩემი შვილის გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ წამოდგომა შევძელი და სარკეში სრულიად სხვა ადამიანი მოჩანდა. ეს მე არ ვიყავი, რადიკალურად სხვა ადამიანი მიყურებდა. ვიყავი ჩონჩხი ყვითელი კანით, არ ვგავდი ადამიანს. მივხვდი, რომ ვიყავი საშიში სხვა ადამიანებისთვის.
მივხვდი, დედა და ჩემი დები რატომ მიყურებდნენ ასე შემზარავი გამომეტყველებით… ეს ჩამქრალი გამომეტყველება ბოლომდე ვერასოდეს ვერ აღდგება. მე ჩემს სარკეში მიცვალებული დავინახე და ჩემს თავს ვუთხარი – არ უნდა მომკვდარიყავი, სანამ ცოცხალი ვიყავი. მე მჯერა, რომ ჩვენი შვილები გვიყურებენ.
ნუცას გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ, მე სრულიად ჭაღარამ, თეთრი თმით, ჩემს სტილისტს დავურეკე და ვუთხარი, რომ მინდოდა სალონში მისვლა. მას არ გაჰკვირვებია. მითხრა, რომ მოდი, მე დავკეტავ სალონს. საღამოს მიმიტანეს ხელში აყვანილი. შემჭრა, შემღება და წამომიყვანეს სახლში.
სახე ჩამოკიდებული მქონდა. ბევრი იტყვის, შვილი მოგიკვდა, ქალო და რა დროს ეგ არის.
შემდეგ დავურეკე ჩემს მეგობარ გუგა კუზანოვს და მასთან მივედი. გუგამაც იგივე გააკეთა – კლინიკიდან ყველა გაუშვა და ჩემს ჩამოწელილ სახეზე ბოტოქსი გამიკეთა, ათი დღის თავზე. ახლა ჩემზე იტყვიან, გაგიჟდაო… როცა დედამ შედარებით მოწესრიგებული დამინახა და შევსებული სახე დაინახა, ოღონდ იგივე გაქვავებული მზერით, ცოტა შვება იგრძნო. ჩემთვისაც ოდნავი შვება იყო, რადგან ჩემი თავის აღარ მეშინოდა.