ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა პატრიარქის თანამოსაყრდის, მეუფე შიოს შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს.
„აქ მოგიყვებით მეუფე შიოს, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსის, მოსაყდრის მტაცებლური ხასიათის შესახებ, რომელიც მორიგჯერ – სულ ახლახანს გამოავლინა და რაც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ხოლო სამართალი თუ აქ სახელმწიფოს რაიმე ნიშნები კიდევ არსებობს და სასამართლოს კაცის თუ არა ღმერთის სასჯელის შიში ჯერაც შერჩენია – აუცილებლად იზეიმებს. ყოველ შემთხვევაში, ოდესმე მაინც.
მეუფე შიოს გამო, რაც წლების განმავლობაში ახლობლებმა ზურგი მაქციეს, უცნობებმა მლანძღეს და მაგინეს, ჭირები მივრცელეს ახლა ალბათ გახსენებად არ ღირს, თუმცა მათ უნდა ახსოვდეთ და ამ ტვირთით იცხოვრონ. დამკვეთს განსაკუთრებით, იმის გამო, რომ მისი ბუნება კი არ შეიცვალა, არამედ უფრო მტაცებლური და თავხედური გახდა. ამ პროცესში, რაზედაც ქვემოთ მოვყვები, ზუსტად ვიცი, უარესსაც იკადრებენ, მაგრამ მე რომ უკანასკნელი ზნედაცემული ვიყო, ამით მათი და მისი – მეუფე შიოს დანაშაული კაცისა და ღმერთის წინაშე არ შემსუბუქდება.
ჩემი ძაგების საქმეში, როგორც ხდება ხოლმე, „შინაურები“ აქტიურობდნენ და კონფორმისტი თუ ბრმადმორწმუნე სენაკელები სირცხვილით „იწვოდნენ“, იმის გამო, რომ მათ ეპისკოპოსს, რომელმაც ისინი ომის დღეებში უპატრონოდ დაყარა „ვიღაც“ (აქ იმდენი უმსგავსო სიტყვა და ფრაზა – ლანძღვა-გინება მახსოვს) მირცხულავა რუსეთის ინტერესების რეალიზატორად რაცხდა.
სუს-ის კრებსებშიც კი აღმოჩნდა მისი დამოკიდებულება ჩემს მიმართ – ვიმეორებ, ამას არც არაფერი შეუცვლია და ვერც შეცვლის, რადგან ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა იყო უანგარო და შინაგანი რწმენიდან მომდინარე – ფაქტებზე დაყრდნობილი და ემოციისგან დაცვლილი.
მხოლოდ რუსეთის ინტერესების რეალიზატორად არა – პირველად, მეუფე შიო ქურდად მოვიხსენიე და ახლაც დავადასტურებ – არის! ისევე როგორც, სულ ახლახან, მკრეხელობაში (უგულებელყოფა და უპატივცემლობა ღმრთისა და, აგრეთვე, ადამიანთა მიმართ) გადავარდა და წმინდა ალექსი ბერს – ღირსი მამა ალექსი – სახელიც კი შეუცვალა, ალექსი სენაკელი უწოდა.
ალბათ მოიხიბლნენ სენაკელები ამ ფაქტით, მაგრამ ალექსი სენაკელი ვინ არის, აბა მითხარით, განსაკუთრებით რწმენაში თავგამოდებულებმა? სად და რომელ წყაროებში მოიხსენიება ასე, ალექსი ლევანის ძე შუშანია?
საქართველოს სამოციქულო ეკლესიას ჰყავს წმინდანი – ალექსი სენაკელი? არა! აბა, რა გიხარიათ? ღირსი მამა ალექსია წმინდანი და არა ალექსი სენაკელი როგორც მოინდომა ისტორიის გადაწერა ჩემთვის შარლატანმა – თქვენთვის მეუფემ და ჩემთვის ცრუ მოსაყდრემ – თქვენთვის საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ.
თუმცა რა უნდა გაგიკვირდეს კაცისგან, რომელმაც საკუთარი დისერტაცია სხვისი ნაშრომის ქურდობით დაიცვა. ისე, იმ ნაშრომში, ალექსი ბერის, მისებრ – ალექსი სენაკელის ბრძოლა რუსეთის იმპერიასა და ეკლესიის თავაშვებულობის წინააღმდეგ არსად იკითხება. ჰო, რაც მოიპარა იქიდან ეს ნაწილი ამოიღო – აბა, სხვაგვარად როგორ იქნებოდა, ნაქურდალს სადისერტაციო ნაშრომს ფორმას ხომ რუსეთიდან ჩამოსული ბერები აძლევდნენ და „ზაგორსკელ მამები“ წინაპრებზე აუგით ხომ არ ისაუბრებდნენ.
ახლა რა ხდება? ახლა გაიტრუნა სენაკი. ახლა ბრაზისგან გაბერილია ის, ვისაც ნამუსი ყოველთვის ჰქონდა; დაბნეულია ის, ვისაც სჯეროდა ფრაგმენტები არ განაპირობებს ადამიანის ჩვევებსო; ხოლო სინდისი ვისაც არასოდეს ჰქონია მას, ალექსი ბერიც ფეხებზე ჰკიდია და თვით ქრისტე ღმერთიც – მთავარია ეპისკოპოსის წყალობა ჰქონდეთ.
სხვთა შორის, ეპისკოპოსი, რომელიც 20 წელია სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიას უდგას სათავეში 20-ჯერ არ ყოფილა იმ ტაძარში, სადაც წმინდა ღირსი მამა ალექსის საფლავია. 20 ჯერ არ დასწრებია წმინდანის ხსენების დღეს წირვა -ლოცვას.
ხალხი გატრუნა, მორიგი უსამართლობის წინაშე – რამდენად ქრისტიანულია ეს საქციელი და ჰგავს თავად წმინდა ღირსი ალექსის ქცევას, ეს ცალკე საკითხად. მაგრამ მთავარი მაინც მათი კონიუნქტურული და კონფორმისტული აზროვნებაა – ვაი, თუ ყალბი შიო ხვალ პატრიარქი გახდეს და წყალობა მოაკლდეთ, პიროვნულად ვერ იხეირონ.
ზოგი იმას ფიქრობს, რომ შიოს გარეშე ღმერთთან კავშირი არ ექნებათ. ზოგი იმას, რომ ვაი თუ ღმერთმა დასაჯოს – არა და დღემდე ვერ ისწავლეს, რომ ღმერთი არ სჯის, ის ჯალათი კი არა სიყვარული და სიმართლეა. ჰო, ეგეც ვიცი, ზოგი იმასაც ფიქრობს, რომ ძალა აღმართს ხნავს – იციან, ადგილობრივი ხელისუფლება ფეხქვეშ გაეგება ეპისკოპოსს და თავად დაიჩაგრებიან – დაჩაგრავენ ვის ქუჩის, ვის კიდევ უკანონო კანონის, ვის ჭორების გავრცელებისა და პიროვნული დისკრედიტაციის მეთოდით.
ფაქტობრივად, რასაც ახლა ვუყურებ ეპისკოპოსის შიშით ღმერთის ღალატის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.
ამ ვრცელი შესავლისა და გულისტკივილის შემდეგ ამბავსაც მოვყვები…
ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, როდესაც საქართველოს მრავალ დასახლებულ პუნქტში ეკლესიის არსებობაზე საუბარიც ზედმეტი იყო – სენაკში (იმჟამინდელ ცხაკაიაში), შუშანიების სავანეში წირვა-ლოცვა ერთი დღეც არ შეწყვეტილა. სტალინმაც კი არ გააკეთა ეს. არც შემდგომ რომელიმე საბჭოთა ხელისუფალმა, იმის მიუხედავად, რომ ამის არაერთი მსურველი იყო.
ჩემი და უფროსი, უმცროსებზე არაფერს ვიტყვი, თაობები აქ გავიზარდეთ, აქ გავიგეთ ვინ იყო ქრისტე და რა იყო ქრისტიანობა. აქაურობას ეფუძნება ჩვენი – მრავალთა ღირებულებითი მსოფლმხედველობის ფორმირება. იმათზე არ ვსაუბრობ ვისაც ვერც აღზრდამ უშველა, ვერ ბუნებამ და ტაძარში მათი სიარული პოზა იყო და პოზად დარჩა დღემდე.
ამ სავანის ისტორია ყველამ იცის – თუმცა არა, არასწორად ვთქვი, ყველამ – მეუფე შიოს გარდა.
მეგრულში არის ასეთი სიტყვა – „ვაშინერსი“. წლების განმავლობაში ვეძებდი მის ქართულ შესატყვისს და ვერ ვიპოვე – შინაარსობრივად ვერ ვიპოვე – ეს შიგნიდან უნდა იცოდე რას ნიშნავს, მხოლოდ გონებით კი არა – გულით. ყველა ისტორიულ წყაროში მენჯის მთავარანგელოზის ტაძარი, რომელიც ღირსმა მამა ალექსიმ შუშანიების სავანეში – კუნძულზე ააგო, შუშანიების კერძო საკუთრება გახლდათ. ეს ფაქტი ეჭვქვეშ არ დაუყენებია არავის, ისევ და ისევ ცრუ მოსაყდრის, მეუფედ წოდებული და ეპისკოპოსად აღზევებული შიო მუჯირის გარდა.
უმთავრესი იურიდიული და გნებავთ მორალური დოკუმენტი თავად ალექსი ბერის ანდერძი (1921 წელი, იანვარი) გახლავთ, სადაც იგი ამბობს: მე მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია,ზედა თეკლათის მათავარანგელოზების (კუნძული) ეზოში მცხოვრები ვწერ ამ ანდერძს ჩემი ხელით სიმრთელსა ზედა მყოფი:
1)
მასშინა რომელი ყოველი ჩემი ქონება ამ მთავარანგელოზის ეზოში დგმული სახლები, თავისი მოწყობილი ნივთებით და ეკლესია თავისი ზარებით, შიგნით მორთული ხატებით და ყოველგვარი საეკლესიო ნივთებით, აგრეთვე უძრავი ადგილ-მამული მთავრობის მიერ აქტის ჩაბარებული ნორმა და პირუტყვნიცა რაოდენ არს, ყველა ეკუთვნის ჩემი ბიძის შვილებს: აკეფსიმა, ფავსტო და ონოფრე შიშანიას.
ალექსი სენაკელზე „ნაშრომის“ ავტორი – მეუფე შიო ამტკიცებს, რომ ეს ანდერძი მის დამწერს იმიტომ დასჭირდა, რომ საბჭოთა ხელისუფლებას არ წაეგლიჯა ტაძარი ეკლესიისთვისო. ნაშრომი, რომ სწორედ იმისთვის დაიწერა, მემკვიდრეებისთვის მას – მეუფე შიოს წარეტაცა სავანე, ამას ნებისმიერი ნორმალური და ობიექტური მსაჯული მიხვდება, მისი გაცნობისას.
ამავე ანდერძში არის საკმაოდ მძაფრი ჩანაწერიც: „ვინცობაა, თუ ვინმემ იკადრა წინაღმდეგ ამ ჩემი ანდერძისა ხელ-შეხება, უზენაესმა ღმერთმან შური იძიოს და მიაგოს მოწინაღმდეგეს სასტიკი სასჯელი ამ წუთისოფელში მისი ოჯახის დასაღუპავ რისხვით. ამინ.“
ის „ვაშინერს“ ზემოთ რომ ვახსენე, სხვა უამრავ გარემოებასთან ერთად, უპირველესად სწორედ რომ ამ სიტყვებს უკავშირდება და აქვე კითხვა მაქვს: მეუფედ წოდებული შიო როცა ამბობს თუ ამტკიცებს, ანდერძი იმისთვის დაიწერა საბჭოთა ხელისუფლებას არ ევნო ტაძრისთვისო, მე რატომ არ მაქვს იმის უფლება, რუსეთის ინტერესების რეალიზატორი საქართველოს ეკლესიაში – ქართულ სახელმწიფოში, საბჭოთა ჩინოვნიკებზე უარესად მივიჩნიო? მით უფრო სტალინზე უარესადაც კი, რომელმაც ტაძარს ხელი არ ახლო პირდაპირი მნიშვნელობით და პირიქით, როდესაც მავანმა მოინდომა მის ხელყოფა, მონაზონმა ფავსტომ პირადად მისწერა საბჭოთა ბელადს წერილი სადაც აღნიშნავს:
„ცხაკაიას რაიონის სოფელ ზედა თეკლათში 33 წელი ცხოვრობდა ბიძა ჩვენი მღვდელმონაზონი ალექსი შუშანია, ამ უდაბურ ზღვის ნარჩენ კრიახ კუნძულზე არა მქონი საზოგადო მამულისა, არა მიმღები სახელმწიფოსაგან ჯილდო-ჯამაგირისა, არა საზოგადო ნაშრომით მონახვეჭ ფულით ამგებელი რამისა, არცა უბრალო როჭიკითა შემწუხებელი ხალხისა, პირიქით, მისგან დახმარება მიუღიათ და ამგვარად ჩვენი საკუთარი შრომით არსებულს ყველა შეგნებული პირნი ზნეობრივად და ძმურად ვალდებულ არიან პატივით ეპყრობოდნენ, მით უმეტესად, საყურადღებოს, რომ სინოდის დროიდანაც ხელშეუხებლად და დამოუკიდებლად არსებულს. ჩვენ ორი და, მოხუცებული 90 წლის დედით ვცხოვრობთ, არსებულ სავანის ეზოში. ამ უკანასკნელ დროს გამოცემული კანონით ჩვენი ეზო-მიწა აზომილია სათანადო ორგანოს მიერ, სათანადო წესით და ამ დადგენილების გასატარებლად ჩვენ გთხოვთ, ამ მოხუცებულობის დროზე ამდენი წლით სოფლისაგან განშორებით ცხოვრებულნი: ეს ეზო-ადგილი, რომელიც შეადგენს ციცაბო სალ კლდოვან მიწას, ჩვენ დაბეგვილ ხელებს ნუ ჩამოერთმევა დასამუშავებლად, ვიდრე სულის აღმოსვლამდე, მიწა ვართ და მიწას გთხოვთ“.
აბა, კიდევ ერთხელ წაიკითხეთ რაც აქ წერია გულდასმით. საბჭოთა კავშირში, სადაც კერძო საკუთრება არ არსებობს, მონაზონი საბჭოთა ბელადს მიუთითებს, რომ ეს ტერიტორია – შუშანიების სავანე – არის კერძო და უფრო მეტიც – „სინოდის დროიდანაც ხელშეუხებლად და დამოუკიდებლად არსებული“. ეს გახლავთ 1939 წელი.
საკათალიკოსო სინოდის ცნობაზე წერილზე – რომელიც ქვასაც გახეთქავს და მისი ზრახვების განაჩენია, სამართლებრივ ასპექტშიც კი თუნდაც წლების შემდეგ, როდესაც აქ სახელმწიფო და სასამართლოც იქნება – ალბათ, არაფერი სმენია მეუფე შიოს.
სხვა უამრავი რამ არსებობს იმის დასტურად, რომ შუშანიების სავანე შუშანიების კერძო საკუთრებაა, მაგრამ საკუთარი წარმოსახვით, „ბეზ პიატი მინუტ“ პატრიარქმა შიომ გადაწყვიტა და ახლა – 2023 წლის 22 სექტემბერს „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ 2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე, შუშანიების სავანე საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებად აქცია.
აქ ცინიზმი შემდგომში მდგომარეობს, რომ მეუფე შიო თავის წერილში (08.10.2023), რომელიც მამა მელქისედეკის პატრიარქისადმი მიმართვის საპასუხოდ დაწერა, აღნიშნავს: „ვითვალისწინებთ რა, ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) საფლავისა და სავანის მოვლა პატრონობაზე მონაზონ ზოიას მიერ გაწეულ დიდ და მრავალწლიან ღვაწლს, ამ ტრადიციის შეუფერხებლად გაგრძელებისათვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს ლოცვა- კურთხევით, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაც დამატებით გადაეცეს მონაზონ ზოიას – შუშანიას მოვლა პატრონობის მიზნით, უვადო სარგებლობაში“. იმავე წერილში შიო მუჯირი აცხადებს რომ ეზოში არსებული ტაძრები და მიმდებარე ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება გახდა.
მიხვდით რას წერს? ვიდრე მხცოვანებაში მყოფი ზოია შუშანია, ალექსი შუშანიას მემკვიდრე და მის დასთან, ნინასთან ერთად ტაძრის მცველი, მომვლელი, ახალი ტაძრის, მუზეუმის, სხვა დამხმარე ნაგებობების ამშენებელი მოკვდება (!) – გარდაიცვლება, ჯანდაბას თქვენ, მოუაროსო.
სიკვდილის მოლოდინი ხომ მისთვის არ ახალია. განა ასე არ არის ბოლო ხუთი წელი, ლამის დილა-საღამოს რომ სვამს კითხვას: მოკვდა? ისევ ცოცხალია? არა, არა, ეს ალეგორია არ გახლავთ – ფაქტია, რადგან, მისი კითხვა – „როგორ არის პატრიარქი?“ სწორედ სიკვდილის მოლოდინს უკავშირდება და არა სიცოცხლის იმედს.
შესაბამისად, რა გასაკვირია, მეუფედ წოდებული, ღვთის მსახურის სახით მოვლენილი ადამიანი, ადამიანების სიკვდილს ასეთი ცინიზმით ელოდოს? – უვადო სარგებლობაში – ვიდრე ცოცხალ არს.
მამა მელქისედეკის წერილი პატრიარქისადმი, რომელიც ფაქტებთან ერთად უდიდესი ტკივილის გამოხატულებაა, რატომ უნდა აღძრავდეს ემოციას შიო მუჯირში, რომელმაც არქიმანდრიტს, მონაზონსა და ეკლესიის მსახურებსა თუ მრევლს საპირფარეშოც კი წაართვა?
ისე, ვინმეს თუ გაინტერესებთ, რა არის ეკლესიური ცხოვრება და ვინ არის სუფთა და უმწიკვლო ღვთისმსახური, მამა მელქისედეკზე უნდა მოიძიოთ ფაქტები და მისი ცხოვრებისა და საქმიანობის გზა ნახოთ – არაფერი მოუხვეჭავს სახელისა და სიყვარულის, პატივისცემის გარდა.
არ მიმაჩნია, რომ სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსმა რამე განსაკუთრებული ქმედება ჩაიდინა, რადგან იურიდიული ინსინუაციების ასპექტში მას სახელისუფლებო მანქანა, როგორც მოსაყდრეს და საჭირო კაცს არა რას შეჰბედავს და მორალურ ასპექტებზე საუბარი არც მინდა იმ ადამიანზე, რომელმაც 82 და 78 წლის ღვთისმსახურებს ტუალეტში შესვლა აუკრძალა, იმით რომ წაართვა, შემდეგ კი მოწყალება გაიღო – ვიდრე მოკვდებით ისარგებლეთო.
მაგრამ სხვისი ქონების მიმტაცებელი მეუფის (დანაშაულის თანამონაწილე – საჯარო რეესტრის) გასაგონად ვიტყვი:
ერთი – თუ კონსტიტუციური შეთანხმების საფუძვლად იმას გამოიყენებთ, რომ საბჭოთა პერიოდამდე აშენებული ტაძრები უნდა გადაეცეს საპატრიარქოს, ტაძარი, ღირსი მამა ალექსის საფლავზე, მუზეუმი და ამ ტერიტორიაზე არსებული სხვა შენობა ნაგებობები რომელ წელს არის აშენებული იცით? მაგ ქონებაზე რა ხელი გქონდათ და რა უფლებით წაართვით მესაკუთრეს?
მეორე – სენაკის ეპარქიაში 60-მდე ტაძარია აღრიცხული, რომლის შესახებ თქვენ არაფერი იცით, არც კი გინახავთ, არც კი მისულხართ, არც კი გიცდიათ მათი აღდგენა – რატომ?
მესამე – მოტივაცია რა არის თქვენი ქმედების კონკორდატის გაფორმებიდან 21 წლის შემდეგ? ალექსი ბერის საფლავით ბიზნესის გაკეთება? მომლოცველებს წაასხამთ, შემოსავალი გექნებათ ეპარქიაში აღურაცხელი ხო? აბა, სხვა რა? ხსენების დღესაც რომ არ ადის ეპისკოპოსი წმინდანის საფლავზე, სხვა რა მოტივი უნდა ჰქონდეს გარდა იმისა, რომ მესაკუთრეს წაართვას და თავისთვის დაიკანონოს, ბიზნესის საშუალებად გამოიყენოს?
მეოთხე – კონკორდატის ეგ მუხლი, რომელზეც შესაძლოა, აპელირებდეთ, ეხება იმ ეკლესია-მონასტრებს, რომლებიც ისედაც ეკუთვნოდა (იმ 60-ს ზემოთ რომ გითხარით და ფეხებზე გკიდიათ) საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მისი ავტოკეფალიის მოშლამდე. ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ კი თვით ამბროსი ხელაიასაც და იმ პერიოდის ანუ დამოუკიდებელი საქართველოს სინოდს შუშანიების სავანეზე კერძო საკუთრება არ გაუქმებია. ეს საკუთრება აღიარებული აქვს საკათალიკოსო სინოდსაც საბჭოთა პერიოდში (არა და ანდერძის თქვენეული ინტერპრეტირება საერთოდ არ ჯდება ამ ფაქტის გააზრებაში) და და არ გაუუქმებია ის იოსებ სტალინსაც კი და ზოგადად საბჭოთა ხელისუფლებას.
მეხუთე – ის მაინც თუ იცით, რომ ამ სავანეს მესაკუთრე მხოლოდ ალექსი ბერი არ გახლდათ და შემდგომი მესაკუთრეების ანდერძიც გენახათ – გასული საუკუნის 60-იანი წლების. იმ ანდერძშიც იგივე პათოსია, რაც ღირსი მამის ანდერძში და აკი გითხარით – ვაშინერსი!.
მეექვსე – ეპისკოპოს გრიგოლ დადიანის კურთხევით დაივანა აქ (1892 წელს) ალექსი შუშანიამ და არა სენაკელმა. თუმცა ალექსი ბერი შუშანია რომ ახსენოთ, მაშინ იქნებ ჩემსავით თავზეხელაღებულმა იმ სიტყვების ციტირება მოგთხოვოთ რაც თქვენს წინამორბედ (!) ეგზარქოსს აკადრა ალექსი ბერმა. ბევრად მწარე სიტყვების, ვიდრე თქვენთვის – მეუფედ წოდებული შიოსთვის, უკადრებია ვინმეს ოდესმე. ესეც ქართველთა კონფორმიზმის ბრალია თქვენ რომ მოსაყდრეც ხართ ყველაფერთან ერთად, თორემ ღირსი მამა ალექსი ცოცხალი რომ იყოს თქვენ რომ მოსაყდრე ვერ იქნებოდით – არ გაგაჩერებდათ პირუთვნელი და სამართლიანი ბერი – ესეც ხომ ნათელია.
მეშვიდე – ამას ისევ გავიმეორებ, თქვენი პიროვნული ფილოსოფიური რაობისა ღრმა გააზრებით – ახლა თქვენ, ზოიას და მამა მელქისედეკის სიკვდილს ელოდებით. (არა მარტო მათი, მაგრამ ეგ ცალკე საკითხად). თქვენ რომ დამფასებელი ადამიანი და ღვთისმსახური იყოთ, ამ მხცოვან ადამიანებს, რომლებმაც საკუტარი შეგბეული ცხოვრება ღვთისა და ამ ტაძრის მსახურებას, გადარცენას, შენებას, მოვლა-პატრონობას, ქრისტიანობის სწავლებასა და გავცელებას შეალიეს – პენსიას დაუნიშნავდით და საპირფარეშოს არ წაართმევდით. ჰო და სხვის სიკვდილს რომ ელოდებით ესეც – ვაშინერს!
მერვე – გახმაურებული ფაქტია, რომ სენაკში, ერთ-ერთი საგვარეულო ტაძრის მისაკუთრება მოინდომეთ და ხალხი დააშანტაჟეთ – აქ წირვას არ ჩავატარებინებ თუ ტაძარს არ მომცემთ, არ გამიფორმებთო. არ მოგცენ, ვერ გაიტანეთ თქვენი და ახლა, ამ აქტით სხვებს და ყველას გინდათ ჭკუა ასწავლოთ. ფარცხალაძეს რატომ არ სთხოვეთ ტაძარი – ალბათ ვერ გაუბედეთ რუსულ დოსტურ პონტში.
და ბოლოს, მეცხრე – თქვენთან მორალი არ მუშაობს. ცეხავიკებს უფრო მეტი და ფასეული ღირებულებები გააჩნდათ, ვიდრე თქვენ. ღმერთზე და წმინდანებზე მოძალადეს აბა რა უნდა გითხრათ…
პირში წყალჩაგუბებული სენაკელების ნაცვლად კი, ღმერთისა და უფლის, წმინდანის ღალატის მორიგი აქტისთვის – კიდევ ერთხელ შემრცხვა.
ყველაფერი არ მოსულა მეუფე შიო, იმიტომ რომ „ვაშინერს!“
ავტორი: გოჩა მირცხულავა
ნეიშენ ჯორჯია
P.S. არ მეშინია, რადგან რწმენით და შინაგანი სიმართლით დავწერე ყველაფერი და შესაბამისად, იმ ტალახსაც ავიტან, რომელიც სავარაუდოდ ბლომად მოიზილება. წყევლა მაწყევარს. მაგინებლებს კიდევ – აბა, რა გითხრათ უნედურებო…