რეჟისორი რეზო შატაკიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ ახალ პოსტს აქვეყნებს.
ის სხვადასხვა სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებს მიმართავს.
შატაკშვილის თქმით, ის იდევნება.
„ეს პოსტი ეძღვნებათ სხვადასხვა სახელმწიფო თეატრების რიგ სამხატვრო ხელმძღვანელებს და არა მარტო მათ…
გავა დრო და როცა ამ ქვეყნად აღარ ვიქნები, ან მანამდე, როცა თქვენ სამხატვრო ხელმძღვანელები აღარ იქნებით და ჩემსავით მიწვევების მომლოდინე რეჟისორებად იქცევით, ალბათ მაშინ მაინც მიხვდებით რამდენად სწორად იქცეოდით, როცა ჩემს განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ჩემსავე წინააღმდეგ სარფიანად იყენებდით და რეალურად პროფესიას მართმევდით.
ზოგ-ზოგი ალბათ აქეთ თავის თავს გაასაღებს რეჟიმის მსხვერპლად და ამ ყველაფერს ხელისუფლებას და კულტურის მინისტრს – თეა წულუკიანს გადააბრალებს, მაგრამ აქედანვე იცოდეთ რომ ეს ნომერი არ გაგივათ. მიმდინარე წლის გაზაფხულზე სპექტაკლი დავდგი ჭიათურის სახელმწიფო თეატრში – არც ადგილობრივი ხელისუფლება ჩარეულა და არც კულტურის მინისტრი.
ასე რომ, პოლიტიკური ნიშნით ხელისუფლებისგან კი არა, თქვენგან ვიდევნები 🙂
რეალურად ეს არცაა პოლიტიკური ნიშნით დევნა, ესაა პროფესიული ნიშნით დევნა.
დიახ, შეგრცხვებათ მათ, ვინც თეატრის კარებს ჩემთვის გულდაგულ რაზავდით, ზოგი საერთოდ ზარებსა და მესიჯებსაც არ პასუხობდით…
შეგრცხვებათ მათაც, ვისაც უშუალოდ შეგეძლოთ დამხმარებოდით პროფესიის შენარჩუნებაში და გულგრილობას ამჯობინებდით;
შეგრცხვებათ მათაც ვინც სიტყვასაც არ იმეტებდით რომ შეგეწიათ, თქვენს რეკომენდაციას ისევე მალავდით ვითარცა კატა ცნობილი ანდაზიდან.
მთელ ამ ისტორიაში კი ყველაზე მჟავე ღიმილის მომგვრელი მაინც ის ფაქტია, ოდესღაც ქვაზე მადლს რომ დებდი, ადამიანებს პროფესიის შენარჩუნებაში ეხმარებოდი, რომ გაიარა წლებმა, გაიარე და წინ მადლი კი არა, ქვა დაგახვედრა 🙂
ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ არც ისე, ზოგს რომ ჰგონია. არავინ იცის ხვალ და ზეგ რას შემოგვთავაზებს ცხოვრება…
პ.ს: აქვე ესეც იყოს – უღრმესი მადლიერება იმ ადამიანებს, ვინც კი ოდესმე თეატრის კარი გამიღო. ყველა მახსოვხართ, ყველას პატივს გცემთ და ასე იქნება მუდამ“, – წერს ის.