წონის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს აწუხებს. მომატებული კილოგრამების დასაკლებად ბოლო დროს ხშირად იყენებენ ჩიას და სელის თესლს, შვრიის ქატოს. ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი ამბობს, აქვს თუ არა ჩამოთვლილ პროდუქტებს რეალურად ის ეფექტი, რისთვისაც მოიხმარენ, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები დიეტის დროს და როგორ შეიძლება ჩავანაცვლოთ შაქარი:
– ჩია პიტნის ოჯახის წარმომადგენელია. ის ფსევდომარცვალია. მისი მირთმევის შემდეგ დანაყრების შეგრძნება საკმაოდ ხანგრძლივია. ჩიას მარცვალს სუპერ საკვებიც ეწოდება. 2 სუფრის კოვზი ჩიას მარცვალი დაახლოებით, 10 გრამ უჯრედისს (საკვებ ბოჭკოს) შეიცავს. ეს რეკომენდებული დღიური დოზის
თითქმის 40%-ია. მოგეხსენებათ, რომ უჯრედისით, საკვები ბოჭკოთი მდიდარი პროდუქტი წონის კლებას უწყობს ხელს. ჩიას შემადგენლობაში შედის ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავა, უფრო მეტად კი ალფა-ლინოლენის მჟავა. რამდენიმე კვლევის შედეგის თანახმად ზემოაღნიშნული კომპონენტით გამდიდრებული საკვები ამცირებს მეტაბოლური სინდრომის და გულის კორონარული დაავადების განვითარების რისკს. ჩიას შემადგენლობაში შედის: კალციუმი, ფოსფორი, მანგანუმი, თუთია. სპეციფიკური გემო არა აქვს, ამიტომ, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სითხესთან, წვენთან ან წყალთან ერთად. განზავების შემდეგ ის გელის კონსისტენციას იძენს. ასევე, მისი გამოყენება წარმატებით შეიძლება სალათში ისევე, როგორც სალათის მოსასხმელის შემადგენლობაში, ან იოგურტთან, სუპებთან ერთად. ვფიქრობ, ყველაზე მეტი პოპულარობით მაინც ჩიას პუდინგი სარგებლობს. ნებისმიერი პროდუქტის მირთმევის დროს უნდა დავიცვათ ზომიერება. ამიტომ, ვფიქრობ, 28 გრამის ოდენობით, სასურველ სითხეში განზავებული და არა მშრალი სახით მიღებული ჩიას მარცვალი, საკმაოდ დამანაყრებელია და ჯანსაღი კვების რაციონის კარგი შემადგენელი კომპონენტია.
– რა შეგიძლიათ გვითხრათ შვრიის ქატოზე, აქვს მას გასახდომი ეფექტი? ასევე, მისი მიღება რა პერიოდულობითაა რეკომენდებული?
– შვრიის ქატო ვიტამინების, მინერალების და უჯრედისის საუკეთესო წყაროა. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემადგენლობით ის შვრიის მსგავსია, თუმცა, შვრიასთან შედარებით უფრო მეტ ცილასა და უჯრედისს შეიცავს. მის შემადგენლობაში ასევე შედის: თიამინი, მაგნიუმი, ფოსფორი, რკინა, თუთია, რიბოფლავინი და კალიუმი. შვრიის ქატო მცირე ოდენობით ასევე ვიტამინ B6-ს, ნიაცინს, კალციუმსა და ფოლიუმის მჟავას შეიცავს. ის ასევე მდიდარია პოლიფენოლებით. ეს უკანასკნელინი კი მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები, იცავენ ორგანიზმს ე.წ. თავისუფალი რადიკალებისაგან, ანუ პოტენციური დამაზიანებელი გავლენის მქონე მოლეკულებისაგან, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკულ დაავადებას იწვევს. საკვებ რაციონში შვრიის ქატოს გამოყენებას სასიკეთო გავლენა აქვს გასტროენტეროლოგიურ ტრაქტზე, ის ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართულ მუშაობას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შვრიის ქატოს გამოყენება ეწინააღმდეგება, წინ აღუდგება კოლორექტალური კიბოს განვითარებას, ასევე, ის საკმაოდ დამანაყრებელია და თრგუნავს მადას, ეს კი ამცირებს დღის განმავლობაში მიღებული კალორიის ოდენობას. აქვე გთავაზობთ ძალიან მარტივ, გემრიელ საუზმეს, რომელიც შესაძლოა მომზადდეს შვრიის ქატოსგან: ავადუღოთ 200 – 250 მლ წყალი ან რძე მწიკვ მარილთან ერთად, დავუმატოთ ჭიქის ¼ შვრიის ქატო, ვადუღოთ 3-5 წუთი, შემდგომ დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი. გემრიელად მიირთვით!