გარკვეული დოზით ეჭვიანობა დასაშვებია და ურთიერთობისთვის კარგიცაა, ამით პარტნიორს ყურადღებასა და სიყვარულს აგრძნობინებთ, მაგრამ ზედმეტი ეჭვიანობა ნებისმიერ ურთიერთობას ანგრევს. ასეთი კატეგორიის ადამიანები მუდამ სტრესსა და დაძაბულობაში იმყოფებიან. მთავარი შიში, რაც ეჭვიან ადამიანებს ახასიათებთ, არის ის, რომ პარტნიორი მიატოვებს, მაგრამ თუ ამ ეჭვიანობას არ შეწყვეტთ, ამის გამო ცხოვრებას საკუთარ თავსაც და საყვარელ ადამიანსაც ჯოჯოხეთად უქცევთ.
როგორ უნდა შეწყვიტოთ ურთიერთობისთვის დამღუპველი ეჭვიანობა, ფსიქოლოგები გვირჩევენ – აუცილებლად უნდა გქონდეთ პარტნიორისგან დამოუკიდებელი ცხოვრება, მასზე არ უნდა იყოთ მიჯაჭვული – საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გვერწმუნეთ, უმჯობესია, თუ მასზე მიჯაჭვული არ იქნებით. რაც უნდა იყოს, თქვენ ცალკე ინდივიდი ხართ, რომელსაც საკუთარი ინტერესები და მისწრაფებები აქვს. დაკავდით მეგობრებთან ყოფნით, რაიმე ჰობით, საყვარელი საქმით. ეჭვიანობისთვის უბრალოდ ნუ დაიტოვებთ დროს.
ყველა ეჭვს დაუპირისპირეთ ლოგიკა – დაწერეთ თქვენი ეჭვიანობის შესახებ, იმ ფაქტების შესახებ, რომელთა გამოც ღელავთ, ხოლო შემდეგ ჩამოწერეთ ყველა ლოგიკური ახსნა თქვენი პარტნიორის მიმართ, დიდი ალბათობით, დარწმუნდებით, რომ ეჭვიანობის საფუძველი არ გაქვთ.
ჯანსაღი კომუნიკაცია – ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს თქვენი ფიქრებისა და დამოკიდებულებების, ეჭვების შესახებ. აუხსენით მკაფიოდ, რატომ ეჭვიანობთ.
მილანის უნივერსიტეტის დოქტორს, პროფესორ პადმალ დე სილვას მოსაზრებით, ეჭვიანობის პათოლოგიური ფორმა თავისი სიმპტომებით ფსიქოზს ჰგავს. დოქტორი დე სილვა ასევე ამტკიცებს, რომ ეჭვიანობით დაავადებულთა არანაირ ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, უმეტეს შემთხვევებში, არანაირი შედეგი არ მოაქვს. არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვიანობა საერთოდ არ ახასიათებთ. ასეთი მხოლოდ 3-5 პროცენტია და ამ გადახრის მიზეზი უკიდურესი ემოციური დამუხრუჭებაა. თან, ასეთი „დამუხრუჭებული“ პიროვნებების უმრავლესობა მამაკაცია.
ფსიქოლოგები „ეჭვიანობის მსხვერპლ“ ადამიანებს ურჩევენ:
თუ მიხვდით, რომ ეჭვიან პარტნიორს თქვენი თვალთვალის მცდელობა აქვს, შეეცადეთ, რეაქცია არ გქონდეთ. ისე იცხოვრეთ, თითქოს არაფერი ხდება, ნუ მოაწყობთ სკანდალს და, რა თქმა უნდა, არ „გაებათ“. ბოლოს და ბოლოს, მას ეს მობეზრდება.
ნუ დაიწყებთ ახსნას, თავის მართლებას. ამ დროს პარტნიორის თვალში დამნაშავედ ჩნდებით, რომელსაც თავდაცვისთვის მხოლოდ თავის მართლება დარჩენია.
თუ გრძნობთ, რომ პარტნიორი სცენების მოწყობას აპირებს, შეეცადეთ, დისკუსია სხვა მიმართულებით წაიყვანოთ. დაბოლოს, უნდა გესმოდეთ, რომ ეჭვიანობის გამოხატვა ადამიანის ხასიათის ნაწილია. გიჟურ ეჭვიანობას, როგორც წესი, პროვოცირებას უწევს შიში, საკუთარი ღირსების შეურაცხყოფის გრძნობა და ის, რომ არ არის დარწმუნებული არც საკუთარ თავში და არც პარტნიორში.
წყარო: marao.ge , მოამზადა ნატა ბეწუნაიძემ