21 წლის წინ, 22 იანვარს, თბილისის ცენტრში მომხდარმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა.
დუდუ (დავით) დადიანს 22 იანვრის დილას, სამსახურში ამავალ კიბეზე ესროლეს. იმ საბედისწერო დღეს დუდუ სპორტის დეპარტამენტში მივიდა, რომ კალათბურთის ფედერაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრა ჩაეტარებინა.
ტრაგედია შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, დაახლოებით 11 საათსა და 50 წუთზე მოხდა.
კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს დეპარტამენტის შენობაში ესროლეს. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი დუდუ დადიანი სასწრაფო დახმარების მანქანით მე-9 საავადმყოფოში (ხეჩინაშვილი) გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მაშინ ყველაზე ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, „ვითას“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან 90-იან წლებში ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა. მე-13 ნომრად თამაშობდა.
გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება რამდენჯერმე დაიწყო, თუმცა, ვერც მკვლელს მიაგნეს და შესაბამისად, არც არავინ დასჯილა.
დუდუს ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ “დუდუ დადიანის თასი” დააწესა.
უიღბლო სიყვარული
დუდუ დადიანის პირადი ცხოვრება მისი გარდაცვალების შემდეგ ბევრი ადამიანისთვის საინტერესო აღმოჩნდა. ვრცელდებოდა უამრავი ჭორ-მართალი.
ცნობილია, რომ დუდუსა და მაკა ასათიანს ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა, დიზაინერი ამ თემაზე არასდროს საუბრობს. მათი სასიყვარულო ისტორია ერთმა საბედისწერო დღემ დაასრულა.
დუდუს სასიყვარულო ისტორიებს მისი და, მაკა დადიანი იხსენებს.
„ბავშვურ გატაცებას თუ არ ჩავთვლით, პირველი სერიოზული სიყვარული, რომელიც ვიცი, ერთი ძალიან ლამაზი გოგო იყო, მსახიობი… ეს გოგო მაშინ ნახევარ თბილისს უყვარდა და ძალიან პოპულარული იყო. დუდუ კი სულ პატარა ბიჭი, ლამაზი, მაგრამ მაშინ არანაირი სტატუსი არ ჰქონია, დამწყები კალათბურთელი იყო, მეტი არაფერი.
მოკლედ, ამ გოგოს თავი ვერაფრით მოაწონა, მგონი რიგითი თაყვანისმცემლების სიაშიც ვერ ჩაეწერა და ეს რომ შეამჩნია, ძალიან ეწყინა და მისკენ აღარც გაუხედავს.
მერე, ნახევარ თბილისს რომ დუდუ შეუყვარდა, იმ გოგომ აქეთ დაიწყო დევნა, არა, ზედმეტი არაფერი გაუკეთებია, ძალიან გულწრფელი ადამიანია, უკომპლექსო, მხიარული და ხმამაღლა ამბობდა: ეს რა დამემართა, რა ბიჭი გავუშვი ხელიდანო. დუდუსაც ეცინებოდა, მაგრამ მისთვის, როგორც ქალისთვის, აღარასდროს შეუხედავს.
საერთოდ, ახლა რასაც ვიხსენებ, მაინც მგონია, რომ სიყვარულში არ უმართლებდა. ბედი არ ჰქონდა. მის ირგვლივ უამრავი შეყვარებული ქალი იყო, ნაცნობი თუ უცნობი, ქმრიანი თუ უქმრო, მასზე უფროსი თუ უმცროსი, ყველას რა დაიმახსოვრებდა. შეიძლება დონ-ჟუანის რეპუტაცია ჰქონდა, მაგრამ ეს მისგან დამოუკიდებლად ხდებოდა…“