გთავაზობთ ცნობილი ქართველი მსახიობის, მწერლის, მოცეკვავისა და სპორტსმენის გივი სიხარულიძის ინტერვიუს ჟურნალ „რეიტინგთან“.
სიხარულიძე 1961 წელს სუხიშვილის და რამიშვილის სახელმწიფო აკადემიური დასის სოლისტი გახდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც 1969 წლამდე სწავლობდა.
მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო 1972 წელს ფილმით „გასეირნება“. შემდეგ მოდიოდა ფილმები როგორიცაა: „ჭიდაობას რა უნდა“, „ტურანდოტი“ და „დაუმთავრებელი პორტრეტი“. მსახიობმა სახელი გაითქვა ფილმით „უძინართა მზე“ და სერიალით „ცხელი ძაღლი“.
1988 წლიდან 2006 წლამდე გივი იყო ქართული ხალხური ცეკვის დასი „თბილისის“ სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი ქორეოგრაფი.
“რუსი დედა მყავდა – ტალალაევა ეთერი თეოდორის ასული. ძალიან ლამაზი ქალი იყო. თავისი დედა ყველას ლამაზი ჰგონია, მაგრამ დედაჩემი მართლა ძალიან ლამაზი იყო. მამა, დიმიტრი სიხარულიძე, ბრგე ვაჟკაცი იყო. მამა სკოლის დირექტორი გახლდათ, დედა – რუსულის მასწავლებელი. მამა დედაზე ათი წლით უფროსი იყო. ერთმანეთს თბილისის ქუჩაში შეხვდნენ, გაიცნეს ერთმანეთი და მამამ მიაკითხა. დედა თბილისელი იყო, მამას თბილისში ბინა არ ჰქონდა. ჩოხატაურიდან იყო ჩამოსული. მას ერთი საყვარელი ჰყავდა, ძალიან ლამაზი სომხის ქალი. ის ქალი აკადემიკოსის შვილი იყო. ზაფხულში დასასვენებლად რომ მიდიოდნენ, მამას სახლის გასაღებს უტოვებდნენ. ენდობოდნენ მამას, რომ არ გაქურდავდა. ერთ ზაფხულს ამ სახლში მიიყვანა დედა და უთხრა, ჩემიაო. დედა გადაირია, კარადაში “ნორკისა” და “კარაკულის” ქურქები ეკიდა. ჩემი მშობლები ამ ამბავს რომ იხსენებდნენ, სიცილით კვდებოდნენ. დედას უკითხავს, ეს ყველაფერი ვისიაო და მამას უთქვამს, შენთვის მაქვს ყველაფერი ნაყიდიო. საყვარელს რვაოთახიანი ბინა ჰქონდა, დედა ცოლად რომ მოიყვანა, ერთოთახიან ნაქირავებში შევიდნენ.
– სახელი როგორ შეგირჩიეს?
– არ ვიცი, ვისი ინიციატივით შეარჩიეს, მაგრამ სასტიკად არ მომწონს ჩემი სახელი. შვილებს ავუკრძალე შვილიშვილებისთვის ჩემი სახელის დარქმევა. გივი ერთი ჩვეულებრივი სახელია. მე რომ მკითხოთ, კაცს თავისი ქცევის მიხედვით უნდა დაარქვა სახელი. ჩემი ამხანაგი გვარად ლომაძეა და ჯეირანი ჰქვია. მეტრა და ათი სანტიმეტრია და გაჩხიკულია. ის ლომაძე შეიძლება იყოს და ჯეირანი ერქვას? შეუსაბამობაა აშკარად მის სახელსა და გარეგნულ იერს შორის.
– როგორც თავად აღნიშნეთ, გაჭირვებაში იზრდებოდით.
– მამა 1946 წელს პოლიტიკურ ამბებზე დაიჭირეს. მაშინ მამა ბათუმში განათლების განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, ასევე სკოლის დირექტორი. არხანგელსკში რომ გადაასახლეს, დაახლოებით ოთხი წელიწადი გვიჭირდა. საწყალი დედაჩემი ვირივით შრომობდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. 1953 წელს მამას ამნისტია შეეხო. 1954-ში დაბრუნდა და ისევ დაიწყო მუშაობა. ჯერ პარტიაში აღადგინეს, მერე ისევ მასწავლებლად მუშაობდა და ბოლოს აზერბაიჯანულ-სომხურ-ქართული და რუსული სკოლის დირექტორი გახდა, სადაც 40 წელი იმუშავა.
– როგორი ბავშვი იყავით?
– როგორც ყველა, ძალიან ცელქი, მშობლებს არ ვუჯერებდი. ვაკეთბდი ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს, რასაც მარიგებდნენ.
– რომელ სკოლაში სწავლობდით?
– პირველად ვორონცოვზე მეცხრამეტე ვაჟთა სკოლაში დავდიოდი. მოგვიანებით ამ სკოლიდან 71-ეში გადავედი, სადაც ებრაელებთან ერთად ვსწავლობდი. ივრითიც ვიცი. ებრაელებმა, რომლებიც ჩემთან ერთად სწავლობდნენ, არ იცოდნენ და მე ვიცოდი მათი ენა. ებრაელები ამბობენ, არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია, წინ აღუდგეს დიდ სურვილს. როცა კაცს სურვილი აქვს, ის აუცილებლად ნებისმიერ ენას ისწავლის.
გივი სიხარულიძე ფილმში “ჭიდაობას რა უნდა”
– სკოლა ბევრჯერ შეგიცვლიათ და ამან სწავლაზე გავლენა ხომ არ მოახდინა?
– ვერ გეტყვით, სწავლით თავს ვიკლავდი-მეთქი. წიგნში ჩახედვაც კი მეზარებოდა, მაგრამ არ მერიდება იმის თქმა, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი. გაკვეთილს ერთხელ თვალს რომ გადავავლებდი, მაშინვე ვიმახსოვრებდი. სკოლა საშუალო ნიშნებზე დავამთავრე. ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, საერთოდ არ მოვმზადებულვარ. უბრალოდ, ორი კვირა ჩავუჯექი წიგნებს. რაღაცებს გადავხედე. ფიზიკაში ოთხიანი მივიღე. ქიმიაში კი – სამიანი. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ვაბარებდი. ქართულის გამოცდაზე რომ გავედი, მოვიდა თემა – გმირთა სახეები ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში. დაახლოებით 15 წუთში დავწერე ერთი თაბახი და გამოვედი. მახსოვს, მაშინ მამაჩემმა მითხრა, შენ არც მე და არც შენს თავს პატივს არ სცემ და ცხოვრებაში არაფერი გამოგივაო. ძალიან გამწარდა, სხვა არაფერი უთქვამს. ჩხუბი არ იცოდა, წამოვედით გამოცდიდან. ნიშნების გამოცხადებაზე აღარც მივსულვარ.
იმ პერიოდში უკვე სუხიშვილების ანსამბლში ვცეკვავდი. ვიფიქრე, არ მინდა სწავლა-მეთქი. მეზობელი ჩემთან ერთად აბარებდა. მითხრა, რატომ არ მოხვედი, ოთხიანი დაგიწერესო. მამაჩემი ჭკუიდან შეიშალა. მართლა მაგრად დავწერე. გრამატიკაში მაინცდამაინც ვერ ვერკვეოდი, მაგრამ პედაგოგები, როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ ვაზროვნებდი და ზოგან სასვენი ნიშნები დაწერეს. ზოგან მეც დავსვამდი სწორად სასვენ ნიშანს და იმიტომ მივიღე ოთხიანი. ასე გავხდი სტუდენტი, აგრონომობა არაფერში გამომიყენებია. სუხიშვილების სოლისტი გავხდი. შემდეგი ფოტო, სადაც ილიკო სუხიშვილი, ფრიდონ სულაბერიძე და მე ვარ, ერთ-ერთი გასტროლის დროსაა გადაღებული.
– სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დაამთავრეთ?
– რა თქმა უნდა, დავამთავრე. სწავლით არც უმაღლესში ვიკლავდი თავს. მაშინ სულ ჩაწყობები იყო. ყველამ იცოდა, რომ ვცეკვავდი და შეღავათს მიწევდნენ. ამ დარგში არასდროს მიმუშავია. კინომსახიობი გავხდი. მოცეკვავე ვიყავი, ანსამბლის ხელმძღვანელი გავხდი, მერე მწერლობა დავიწყე და აგრონომობამ ცოტა გვერდზე გადაიწია.
– თქვენ იყავით სუხიშვილების მოცეკვავე. ალბათ მთელი დღის განმავლობაში ბევრს ვარჯიშობდით…
– მარტო მოცეკვავე არ ვყოფილვარ. საქართველოს პრიზიორი ვარ წყლის თხილამურებში, ტანმოვარჯიშე ვიყავი, ჩოგბურთელიც ვარ. შემდეგ ფოტოზე კარგად ჩანს, როგორი შედეგი ჰქონდა ჩემი სპორტისადმი სიყვარულს…
– ვარჯიშს ალბათ ძალიან ბევრ დროს უთმობთ…
– რასაკვირველია. ჩემი დილა იწყება აუზზე წასვლით. თუ ზაფხულია, საღამოს ავდივარ თბილისის ზღვაზე და წყლის თხილამურზე ვდგავარ, თუ არადა გუდაურში ან ბაკურიანში ვარ და თხილამურებით ვსრიალებ.
– რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ?
– ორი შვილი, ბექა და ჯაბა და ოთხი შვილიშვილი მყავს. მესამე შვილიც გვყავდა. 14 წლის წინ ოთხ მეგობართან ერთად სოფიაში წავიდა და დაიკარგა. გამოძიება ჩატარდა, მაგრამ ვერც ერთი მეგობარი ვერ ვიპოვეთ. სამწუხაროდ, არც ვიცი, ცოცხალია, თუ მკვდარი.