ფეტვის მარცვლები ბევრ კალიუმს, მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. სამკურნალოდ ნედლ ფეტვის მარცვლებს და ქატოს იყენებენ.
ფეტვს შარდმდენი და ოფლმდენი მოქმედება აქვს და წყლულოვანის სამკურნალოდ გამოიყენება. ის დაზიანებულ და მოტეხილ ძვლებს აძლიერებს, რბილ ქსოვილებს აერთიანებს და ჭრილობის შეხორცებას უწყობს ხელს.
ფეტვი კალორიულობით არ გამოირჩევა. 100გ მოხარშული ყვითელი ფეტვის ენერგეტიკული ღირებულება, რაც დაახლოებით 40გ ნედლისას შეესაბამება, დაახლოებით 114 კილოკალორიაა.
100გ მოხარშული ყვითელი ფეტვი შეიცავს:
70 გ წყალს;
3,5 გ ცილას;
1,4 გ ცხიმს;
22 გ ნახშირწყლებს;
1,5 გ უჯრედისს;
70 მგ მაგნიუმს, რაც სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 23%-ია. ეს ელემენტი აუცილებელია გულის, კუნთების, ნერვების ნორმალური ფუნქციობისთვის. მონაწილეობს ორგანიზმის ენერგოწარმოების პროცესში.
3-3,5 მგ რკინას – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 22%-ს. რკინა ჟანგბადით ამარაგებს ორგანიზმს და კუნთებში მისი მარაგის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. ფეტვში 2-3-ჯერ მეტი რკინაა, ვიდრე, მაგალითად, ხორბალში. თუ მასთან ერთად ჩ ვიტამინის შემცველ პროდუქტსაც მიიღებთ, რკინის ათვისება საგრძნობლად გაიზრდება.
335 მკგ სპილენძს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 22%-ს. სპილენძი ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში მონაწილეობს. ის აუცილებელია უჯრედში ენერგიის წარმოსაქმნელად, შემაერთებელი ქსოვილის ცილების – კოლაგენისა და ელასტინის ფორმირებისთვის.
85 მკგ B1 ვიტამინს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 6%-ს. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლის წარმართვისთვის, კუნთებისა და ნერვული სისტემის მუშაობისთვის, აძლიერებს კონცენტრაციას.
530 მკგ B3 ვიტამინს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 3%-ს. ეს ვიტამინი დაბლა სწევს ცუდი ქოლესტეროლის დონეს, კარგია შფოთვის, ძილის დარღვევისა და დეპრესიის დროს.
236 მკგ B5 ვიტამინს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 4%-ს. ეგრეთ წოდებული სილამაზის ვიტამინი სილამაზეს და სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანსა და თმას, ახდენს ანთებების საწინააღმდეგო ეფექტს.
162 მკგ B6 ვიტამინს – სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 8%-ს. ეს უკანასკნელი აძლიერებს ნერვულ სისტემას, ზრდის ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარს, აძლიერებს იმუნურ სისტემას.
0,14 მგ სილიციუმმჟავას (სილიციუმი). ეს ნივთიერება ძალიან მნიშვნელოვანია ძვლების, კბილების, თმის, ფრჩხილების, კანის სიჯანსაღისთვის. აუმჯობესებს კანში ნივთიერებათა მიმოქცევას და ხელს უწყობს ტენის შეწოვას. დიდი მნიშვნელობა აქვს შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცისთვის – ამაგრებს მის ბოჭკოებს, რისი წყალობითაც შემაერთებელი ქსოვილი დიდხანს რჩება ელასტიკური. აუმჯობესებს კოლაგენის წარმოქმნას, რაც ძვლების სიმტკიცეს განაპირობებს. თუმცა ქერქთან ერთად ყვითელი ფეტვი სილიციუმმჟავას დიდ ნაწილს კარგავს. ეს ნივთიერება შედარებით მეტია ყავისფერ ფეტვში.
ფეტვი ენერგიას ზრდის, კუნთოვან სისტემას აძლიერებს და ღვიძლის დაავადებას კურნავს.
ფეტვიდან მიღებულ ბურღულს სამკურნალო თვისებები გააჩნია. ის შეიცავს ცხიმებს, დიდი რაოდენობით ნახშირწყლებს, ვიტამინებს და მიკროელემენტებს. მასში გვხვდება სპილენძი და მანგანუმი, ამიტომ მას სისხლის წარმოქმნის სტიმულირების უნარი გააჩნია. ამასთან, მაგნიუმი კორონარული სისხლძარღვების გაფართოებას უწყობს ხელს.
ფეტვს ორგანიზმიდან ნარჩენი ანტიბიოტიკებისა და მათი დაშლის პროდუქტების გამოდევნა შეუძლია, ამით კი სიმსივნის ზრდა მცირდება. ანტიბიოტიკების მიღების დროს რეკომენდებულია ყოველდღე ფეტვის ფაფის მიღება.
ფეტვის ფაფა გამოიყენება ანემიის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და ნერვული სისტემის დაავადებების დროს.
კულინარიაში ფეტვს საკმაოდ ფართოდ იყენებენ. მაგალითად, აი, ტურისტული წვნიანის რეცეპტი:
40 გ ფეტვი;
100 გ მარმუჭის ახალი ფოთლები;
100 გ ხატოტი;
მარილი;
კარაქი.
ხატოტის ახალი ფოთლები, კვირტები და მარმუჭის ფოთლები დააქუცმაცეთ. მარცვლეული წყალზე მოხარშეთ. მომზადებამდე 10 წუთით ადრე მზა მწვანილი დაუმატეთ, მარილი მოაყარეთ და კარაქით მორთეთ.
ფეტვის სამკურნალო საშუალებაა ხალხურ მედიცინაში:
პანკრეატიტის დროს
1 ჭიქა ფეტვი ემალის ქვაბში ჩაყარეთ და 2ლ წყალი დაასხით, მარცვლეული კარგად მოხარშეთ. ცალკე თეფშზე დაახლოებით 1 ჭიქა გოგრა გახეხეთ და ფეტვს დაუმატეთ. კიდევ 3-5 წუთით ხარშეთ. დაუმატეთ მწიკვი მარილი, 1ჩ/კ მზესუმზირას ზეთი და ვახშამზე შეჭამეთ. მკურნალობის კურსი – 3 კვირა. 10 დღის შემდეგ სამკურნალო ვახშამი გაიმეორეთ. კუჭქვეშა ჯირკვლის ქსოვილებში ანთებითი პროცესები მნიშვნელოვნად შემცირდება. ეს რეცეპტი ქათმის სიბრმავის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ.
გულის იშემიური დაავადების დროს
ფეტვი ძალიან ძლიერ ცეცხლზე მოხალეთ ისე, რომ ფერი არ შეეცვალოს. 1/3 ჭიქა ფეტვი გარეცხეთ, 750 მლ წყალი დაუმატეთ და სუსტ ცეცხლზე მოხარშეთ ფაფა. მარილი და თაფლი გემოვნებით. გულის დაავადების დროს რეკომენდებულია ფეტვის ფაფის ყოველდღიურად მიღება, რადგან ფეტვი მდიდარია კალიუმით. გარდა ამისა, გულის მუშაობის სტიმულაციისთვის, შესაძლებლობის მიხედვით, ყველა კერძს ილი დაუმატეთ.
სოლიტერის გამოსადევნად
1 თავი ნიორი 1 უმ ახალი კვერცხის გულსა და 1 მუჭა ფეტვში აურიეთ. დააქუცმაცეთ, აურიეთ და გაფილტრულ წყალში თხევადი მასის მიღებამდე გააზავეთ. ერთი მოსმით დალიეთ. ასეთი ნარევის მხოლოდ ერთხელ დალევით სოლიტერის გამოდევნას შეძლებთ.
ცისტიტის დროს
ნახევარი ჭიქა ფეტვი ჭუჭყისა და მტვრისგან გაწმინდეთ, ოდნავ გარეცხეთ. წყალი გადაასხით, ფეტვი კი ლიტრიან ქილაში ჩაყარეთ და 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის სუფთა ან ანადუღარი წყალი დაასხით. ხელით ენერგიულად შეანჯღრიეთ. წყალი მოთეთრო შეფერილობას მიიღებს და სწორედ ის უნდა დალიოთ. ერთ დღეში იმდენი დალიეთ, რამდენსაც შეძლებთ – შეზღუდვა არ აქვს. საშარდე არხისა და ბუშტის ტკივილები დაუყონებლივ გაქრება. ხშირი შარდვაც აღარ შეგაწუხებთ. ცისტიტის სრულად მოსაშორებლად კურსი, სულ მცირე, 2 კვირა გააგრძელეთ. გამოყენებული ფეტვით შეგიძლიათ ფაფა მოხარშოთ – მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.
კბილის ტკივილის, ჰაიმორიტის დროს
გამათბობელი ეფექტის მისაღებად ტილოს ტომარაში მოხალული, თბილი ფეტვი ჩაყარეთ. ცხელი ფეტვით სავსე ტომარა მტკივნეულ ადგილას დაიდეთ. ფეტვის უქონლობის შემთხვევაში მსგავსი ეფექტის მიღებას მსხვილი მარილითაც შეძლებთ.
შაქრიანი დიაბეტის დროს
ფეტვი გამდინარე წყალში გარეცხეთ და ოდნავ გააშრეთ. მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და ნახევარი ჭიქა დალიეთ დღეში 3-ჯერ, საკვების მიღებებს შორის.
მეჭეჭების დროს (გარეგანად)
მოუმწიფებელი ფეტვის 10-25%-იან სპირტიან ნაყენს იყენებენ. მას 3-5 დღის განმავლობაში, ყოველ 1-3 საათში ერთხელ, მეჭეჭებზე ისვამენ. მეჭეჭების მოსაშორებლად გამოგადგებათ ქრისტესისხლას წვენიც, ქაცვის ქერქი, ქერის თესლის 50%-იანი ნაყენი, აბზინდა, ოროვანდი, კომბოსტო, ხახვი, ნიორი, მრავალძარღვა, გულყვითელას ყვავილები, დროზერა, შოთხვის ფოთლები, მოცვის კენკრა, შავი მოცხარი, ხურტკმელი, ევკალიპტის წვენი ან სპირტიანი ნაყენი, 0,5%-იანი კოლხამინოვის მალამო, თეთრი ლეშურას ფესვების მალამო (1:4).
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს
ძალიან სასარგებლოა ყოველდღე რბილი გოგრისა და ფეტვის ჭამა. დიეტა სასარგებლოა კოლიტის დროსაც, ნაწლავების არასაკმარისი მოძრაობისას, აგრეთვე ნაწლავების სუსტი ფუნქციის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და შეშუპების დროს.
თვალის საცრემლე დაავადების დროს
ფეტვის ნახარშით ძილის წინ თვალების გაწმენდა ან 30-40 წუთით საფენის დადება ძალიან სასარგებლოა.
კონიუნქტივიტის დროს
1ს/კ ფეტვის მარცვალი გარეცხეთ და 1 ჭიქა წყალი დაასხით. 10-15 წუთით ხარშეთ და 2 საათით დააყენეთ. ამ ნახარშით თვალები ძილის წინ და დილით, გაღვიძებისას გაიწმინდეთ. ასეთი მკურნალობის მეთოდი ბავშვებთანაც გამოგადგებათ.
სიგარეტისთვის თავის დასანებებლად
აურიეთ თანაბარი პროპორციით ფეტვის მარცვალი, ჭვავი, შვრია და ქერი. 400გ ნარევს 1 ლ წყალი დაასხით, ღამით დააყენეთ, დილით ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით ხარშეთ. ამის შემდეგ კარგად შეფუთეთ და 1 დღე დააყენეთ. გადაწურეთ, ნარჩენებიც კარგად გაწურეთ. ნახევარი ჭიქა ნაყენი დღეში 5-ჯერ, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე დალიეთ, სანამ თამბაქოს მიმართ ზიზღის შეგრძნება არ გაგიჩნდებათ.
შარდში ცილების შესამცირებლად
ფეტვი გარეცხეთ, მდუღარე წყალი დაასხით და სითხის შეფერვამდე აურიეთ. ცოტა ხნით დააყენეთ და სითხე ჭიქაში გადაასხით. ასეთი ნაყენი თანაბარი პროპორციით დღეში რამდენჯერმე მიიღეთ. მკურნალობა შედეგების მიღებამდე გააგრძელეთ. შედეგები კი დიდხანს არ დააყოვნებს, ანალიზები აჩვენებს, რომ შარდში ცილა ნორმალურ დონეზეა.
ბუასილის დროს
სამკურნალო კურსისთვის 6-8კგ მარცვალი დაგჭირდებათ. სამლიტრიანი მინის ქილის მესამედი ოდნავ გარეცხილი მარცვლებით აავსეთ, ბოლომდე მდუღარე წყალი დაასხით და ბნელ, გრილ ადგილას 4 დღე შეინახეთ – წყალში ფეტვის სამკურნალო ნაერთები გადავა. 200 მლ სითხე დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. მკურნალობის პერიოდში (დაახლოებით 4 დღე) სხვა ქილაში ახალი ნაყენი მოამზადეთ, რომ კურსი არ შეწყვიტოთ. მთელი კურსი დაახლოებით 20-30 დღე შესვენებების გარეშე გრძელდება. კვანძები ნელ-ნელა გაიწოვება და სისხლდენა შეწყდება. აუცილებლობის შემთხვევაში, მიღებული შედეგის გასამყარებლად, 1 კვირაში კურსი გაიმეორეთ.
გაფრთხილება და უკუჩვენება:
კოლიტის დროს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებს შორის, მოსალოდნელია ყაბზობა – ეს უნდა გაითვალისწინოთ და სათანადო ზომები მიიღოთ. გაზრდილი მჟავიანობის გასტრიტის დროს გულძმარვა შეიმჩნევა.
წყარო:მკურნალი