რამდენიმე თვის წინ, ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე “ფეისბუქის” ერთი პოსტის გამო, ინტერნეტ საზოგადოებამ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა. პოსტი მის 81 წლის მამას, მეცნიერ დათო ხაზარაძეს ეხებოდა. ტელეწამყვანი წერდა, რომ მამას აქვს დემენცია, რომელიც მწვავე ფორმებით მიმდინარეობს – ავადმყოფს დრო, სივრცე, გარემო აქვს არეული და ამ დაავადებით გამოწვეული არაადექვატური ქცევა, უპირველესად მისივე ჯანმრთელობას უქმნიდა საფრთხეს.
ამიტომ, ტელეწამყვანმა, ბევრი ფიქრის შემდეგ, მამის საოჯახო ტიპის სახლში მიყვანა გადაწყვიტა, რათა მისთვის შესაბამისი გარემო შეექმნა. სწორედ ამ საქციელის გამო, საზოგადოების ნაწილმა ნანიკოს ვერ გაუგო და მკაცრად გააკრიტიკა.
AMBEBI.GE ტელეწამყვანს დაუკავშირდა და დაინტერესდა, როგორია მამის ახლანდელი მდგომარება, ასევე, როგორ უმკლავდება დაავადებას:
– მამაჩემი ოჯახური ტიპის სახლშია, სადაც ბენეფიციარები ცხოვრობენ. მამა ცალკე ოთახშია. სანამ იქ გადავიყვანდი, გარემოსთან გაუცხოება რომ არ ჰქონოდა და თან წამოსულიყო, ვუთხარი, რომ 21-დღიანი “საგზური” მქონდა და დასასვენებლად უნდა წამეყვანა… იქ რამდენიმე თვეა, რაც დაბინავდა და ფაქტია, თავს კარგად გრძნობს, მეტი სიმშვიდე მოიპოვა…
იმ სახლში პროფესიონალები მუშაობენ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო განათლება აქვთ და რაც მთავარია, ასეთ პაციენტებთან მოპყრობის წესები იციან. მამას იქ აქვს თავის კაბინეტი და კარზე უწერია – პროფესორი ხაზარაძე, თეთრი ხალათი აცვია და დილაობით სხვა ბენეფიციარებთან შემოვლას აწარმოებს.
– თავადაც ექიმია, ხომ?
– კი, სულით ხორცამდე ექიმია, ზოგადი ქირურგი, პროფესორი. მინიჭებული აქვს თავისი საქმინიანობიდან გამომდინარე, ემირიტუსის წოდება. მთელი ცხოვრება ოპერაციებს მუცლის ღრუს ნებისმიერ პათოლოგიაზე აკეთებდა. ამ დაავადებამ თითქმის ყველაფერი დაავიწყა, გარდა მისი პროფესიისა და ფორტეპიანოზე დაკვრისა… იმ დღეს ერთ-ერთ ბენეფიციარს ძირმაგარა ისე დაუმუშავა, რომ ადამიანი პრობლემისგან გათავისუფლდა. იქაურ თანამშრომლებს ლექციებს უტარებს. გაოცებულები არიან, იქაც ამბობენ – ამ დაავადებამ მის პროფესიას ვერაფერი დააკლოო. ძალიან შეუყვარდათ. მოკლედ, შედარება არ არის, დამშვიდდა.