მორჩით ამ სიყალბეს… ჩემი სახელით ბოდიშებს ნუ იხდით – ამის შესახებ ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს.
“ბოდიშისადმი ამ მიდრეკილებას ღრმა საფუძველი აქვს და ამას დევნილის გარდა ერთეულები თუ ხვდებიან.
იმდენად ყველაფერი მოსულა დევნილების შემთხვევაში, ხშირად მათ ადამიანებადაც არ განიხილავენ. ყველაფრის ამტანი ჰგონიათ.
,,ლტოლვილები” როგორც უწოდებდნენ. ლტოლვილი, რა თქმა უნდა, არაა შეურაცხმყოფელი სიტყვა, მაგრამ იმდენად თავისებური დატვირთვა მიიღო საქართველოში, თავად სიტყვა უდიდეს ტრავმად იქცა.
იმდენად ჩვეულებრივად ეჩვენებოდათ მათი ყოფა 30 წლის განმავლობაში;
იმდენად შეეჩვივნენ სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში შესახლებულ ხალხს;
იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა იყო სოციალურ ჭაობში უშანსოდ ჩაფლული ,,ლტოლვილი”,;
იმდენად დიდ გაკვირვებას იწვევდა მოჯადოებული წრიდან ,,ლტოლვილის” გაღწევა და ოდნავი წარმატებაც კი…
იმდენად ჩვეულებრივი იყო, როცა გვიან იგებდნენ მეგობრები, კლასელები და კურსელები, რომ დევნილი იყო, რადგან იარლიყად ქცეული ,,ლტოლვილი” საშინელ დაღს ასვამდა ადამიანს;
იმდენად ჩვეულებრივი, რიგითი კადრი გახდა ჭუბერზე მომავალი ხალხი;
იმდენად ნერვების მომშლელი იყო მიკროავტობუსში შეხვედრილი ნაცნობების მეგრულად საუბარი, არადა მხოლოდ ეს ძაფები აკავშირებდა ხალხს ერთმანეთთან და კიდევ – გასვენებებში შეხვედრები.
მთელი 30 წელი შეეჩვივნენ ხან საიდან და ხან საიდან დევნილების გამოსახლებას ძალის გამოყენებით. გამოყრას.
დევნილი ყველაფერს აიტანს. მისი სახელით ვიღაც გარეწრების მიერ ბოდიშის მოხდასაც. თან ვისთვის – მისი სახლიდან გამომგდებისთვის, მისი ოჯახისა და ნათესავების ამომწყვეტისთვის.
დევნილის ტკივილი არაა ტკივილი. მთავარია, გენოციდის ჩამდენებს ხომ არ სტკივათ რამე ენგურს გაღმა.
ვიღაცას გრანტი აქვს ასაღები.
ვიღაცას მთავრობისგან ფული აქვს აღებული.
რა მოხდა მერე. დევნილი რა პრობლემაა.
სადაც ამდენს იტანდნენ, ამასაც აიტანენ.
დიდი ამბავი ბოდიშის მოხდა, თუ ასე დასჭირდა საქმეს – გრანტს ან მთავრობის პოლიტიკას.
დევნილი ხომ ყველაფრის ამტანია.
მორჩით ამ სიყალბეს. ჩემი სახელით ბოდიშებს ნუ იხდით, იმიტომ, რომ იქიდან საპასუხოდ შემოფურთხულის შხეფები მეც მხვდება.
მსხვერპლი ბოდიშს არ იხდის, მაგრამ თქვენთვის დევნილი არასდროს ყოფილა მსხვერპლი. რაღაც კატეგორია იყო უბრალოდ. სადღაც სასტუმროებში შესახლებული. ქალები შავებში, კაცები ძველ ტანსაცმელში, ბავშვები ცუდად ჩაცმული. თითქოს ასეც უნდა ყოფილიყო – ლანდშაფტის ნაწილი. თავისთავადი. ამად იქცა მათი ცხოვრება.
თქვენ ხვალ სხვა საქმეზე გადაერთვებით, ხალხს კი ჭრილობებს უფრო მეტად გაუხსნით. გაუხსნით და დაუტოვებთ.
დევნილებზე მეტად არავის გინდათ შინ დაბრუნება. მეტი დაფიქრება გმართებთ.
რაღაც სხვაა საჭირო და არა სიყალბე. სიმართლის მიჩქმალვით ვის მიუღწევია რამისთვის.
მოდი ახლა დაივიწყეთ ეს ყველაფერი, რადგან იქნებ ორიოდე კონფერენცია მაინც გაიმართოს სადმე სააზღვარგარეთ.
არც აფხაზი დედისთვის, რომელსაც შვილი მოუკლეს ომში, იკურნება მაგ თქვენი ბოდიშით ჭრილობა.
არც დევნილისთვის უმჯობესდება ყოფა. როცა თქვენი ბოდიშის გამო პასუხად ფურთხს მიიღებთ, თქვენ გაიწევით და ჩვენ მოგვხვდება.
ყველამ იცის, რომ სიყალბეა, რასაც აკეთებთ. იქაც იციან და აქაც ვიცით.
უძალობის, დამცირებისა და შეურაცხყოფის მეტი არაფერი მოაქვს თქვენს საქმიანობას.
რამე სხვა აკეთეთ ან სხვანაირად აკეთეთ.
პრობლემის მოგვარების გზა პრინციპულობაზე, სიმართლეზე, დამნაშავეების პასუხისგებასა და მსგავს ფაქტორებზე გადის.
რა უტიფრობაა, მსხვერპლს ბოდიშისკენ მოუწოდებდე და მერე ამას მისი სახელით შენ თვითონ აკეთებდე” – წერს სანაია.