რამდენიმე დღეა თორნიკე ნინიკაშვილი სულ სხვა რელობაში იღვიძებს. წელი იღბლიანად დაეწყო. გაკეთებული სიკეთის სანაცვლოდ “გლოვოს” გმირი ყოველდღე ჯილდოვდება. სრულიად უცნობი ადამიანები ხან რითი ასაჩუქრებენ და ხან – რითი.
ჩვენ გმირს კარგი სიხლე აქვს – თებერვლიდან სწავლას გააგრძელებს და დასახულ მიზანს მიაღწევს.
22 წლის თორნიკე ზესტაფონის რაიონის, სოფელი ალავერდიდან გახლავთ. ჰყავს ერთი გათხოვილი და.
“პრაიმამბები” შეეცადა გაერკვია, როგორი ბავშვი იყო თორნიკე და იყო თუ არა მისი საქციელი მოულოდნელობა მშობლებისთვის.
ნანა გვენეტაძე, დედა: – გაჭირვებულ 90-იან წლებში გაატარა ბავშვობა. ყველანაირი ცხოვრება გამოვცადეთ. ბუნებით ასეთი გაჩნდა. მეზობლები ხშირად ამბობდნენ, ისეთი უცნაური ბავშვია, მთელ სოფელს უყვარსო. ვინმეს გასაჭირს რომ გაიგებდა, ტიროდა, რატომ უჭირს ასეო, ეცოდებოდა და დახმარების სურვილი უჩნდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც არ იყო დალხენილი ოჯახიდან. ბებიებზე გიჟდება, ისე უყვარს. კანფეტს რომ მოვუტანდი, გაიქცეოდა და მეზობლის ბებიებს მიუტანდა, ტკბილი გიყვარს, ჭამეო. თან ჩაეხუტებოდა.
საყვარელი ბავშვი იყო. მერიდება შვილის ქება, მაგრამ ასეთი იყო.