სეფიეთის ეკლესია ერთ–ერთი უძველესია სამეგრელოში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი — ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის — ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.
სეფიეთის ეკლესია მდებარეობს აბაშა-მარტვილის გზაზე, აბაშიდან 12 კილომეტრის დაშორებით. ტაძარს ორი დამოუკიდებელი ნაგებობის წაგრძელებული ფორმა აქვს. დასავლეთის ნაწილი შედარებით დაბალია და ქვის მსხვილი ფილებითაა აგებული, ხოლო მთავარი ნაგებობა ქართული აგურით. დასავლეთის ნაწილს ტყეში ნაპოვნ ტაძრად მიიჩნევენ.
„მეტრონომმა“ ერთ-ერთ ადგილობრივთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელმაც ჩვენთან ტაძრის აღმოჩენის ლეგენდაზე ისაუბრა.
„არსებობს ლეგენდა, თითქოს მონადირე ტყეში დაჭრილ ირმის კვალს გაედევნა, რა დროსაც ტაძარი აღმოაჩინა. შემდეგ ის და მისი ახლობლები აქ ჩამოსახლებულან და ხე-ტყე გაუჩეხავთ“
სპეციალისტების ცნობით, სეფიეთის ეკლესია მე-5 საუკუნის არქიტექტურული ნაგებობაა და შესაძლოა ლეგენდა რეალობას ეფუძნებოდეს. ეკლესია მდებარეობს მდინარე აბაშის პირას და ისტორიულად ცნობილია, რომ აღნიშნული ადგილი წარმოადგენდა ირან-ბიზანტიის ბრძოლების ერთ-ერთ ასპარეზს.
ტაძარში ასევე აღმოჩენილია უნიკალური ფრესკები. როგორც ადგილობრივი გვიყვება ფრესკებს ბერძნული წარწერებიც აქვს.
“წმინდა ნინოს უნიკალური ფრესკაა აღმოჩენილი . მეფურ სამოსში შემოსილი წმინდა ნინო, თავზე გვირგვინით, საკურთხეველშია გამოსახული. ასევე საინტერესოა ისიც, რომ საფლავების გათხრისას აღმოჩენილი იყო დიდი ქვები. ვარაუდობენ, რომ ეკლესიის საძირკველში მდებარეობს გვირაბი, რომელიც ნოქალაქევის ციხეს უკავშირდება” – ამბობს “მეტრონომთან” ადგილობრივი.
ავტორი – თიკო ნოდია