საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილმა, დიპლომატმა კონსტანტინე გამსახურდიამ, სოხუმის დაცემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
„სოხუმი 1993 წლის 27 სექტემბერს ისევე დაეცა, ისე ჩაბარდა მტერს, როგორც საქართველო 1992 წლის 6 იანვარს – დამწვარი რუსთაველის პროსპექტით, მბოლავი და ფასადებშემოლეწილი მთავრობის სახლით. ამას გარდა იგი მაინც შედეგია ფეხქვეშ გათელილი სამართლისა, დახვრეტილი მიტინგების, არაერთგზის დალაშქრული სამეგრელოსი, უგუნური პოლიტიკური ნაბიჯებისა, ასევე “მომრიგებლის” მანტიაში გახვეულ მტერთან ფარული გარიგებებისა, რაც თუნდაც სოჭის ხელშეკრულებაში და ქართული ჯარის განიარაღებაში გამოიხატა, “მომატყუეს” ძახილი რომ ვერ გადაფარავს. ჯაბა იოსელიანის მემუარების მიხედვით გრაჩოვი სთავაზობდა საქართველოს დე ფაქტო ხელმძღვანელობას, ჯარს ჩავაყენებო სოხუმშიც და მის ირგვლივაც, რაზეც უარი მიიღო – ეს ოკუპაციააო. მერე, როდესაც მოსკოვში თეთრ სახლთან სროლები დაიწყო, ისევ გაახსენდათ გრაჩოვის შემოთავაზება და აწი აქეთ შესთავაზეს, ჩადექითო, მაგრამ რაღა დროს – ერთ ჯარისკაცსაც ვერ ჩავაყენებ ამ სიტუაციაშიო, ამბობდა უკვე რუსი გენერალი. მანამდე ჩამდგარს კი ვეღარ გაიყვანდა, სხვა რა გზა ექნებოდა. ეს სოხუმის გადარჩენის შანსს ბევრად გაზრდიდა.
იშვიათია ისტორიაში ომის ასე უნიჭოდ დაწყება და ასევე უნიჭოდ დასრულება.
ზვიადის საქართველოში დაბრუნების მიზანი, (სოჭის ხელშეკრულებიდან ორი თვის შემდეგ) ზოგიერთი ყურუმსაღის გასაგონად დავსძენ, იყო აფხაზეთის ომში ერთიანი ფრონტის შექმნა და სოხუმის ჩაბარებისთვის ხელის შეშლა – როგორც მანამდე ტამიშში ორივე მხარემ რუსული დესანტი ერთად მოიგერია. მას ჩასვლა უნდოდა სოხუმში ოჩამჩირიდან გარღვევის შემდეგ – ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს მავანმა!
მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში პრაქტიკულად აღიარა შევარდნაძემ, ვეღარ ვუძლებდით ვერც ფინანსურად, არ შეგვეშვებოდნენ და ომი უნდა დაგვესრულებინაო. აქ ცხადია, რომ ის მზად იყო დაემთავრებინა ნებისმიერ ფასად ეს ომი. შეუძლებელია არ სცოდნოდა, რაც მოჰყვებოდა სოჭის ხელშეკრულებას და ქართველების სრულ განიარაღებას სოხუმში.
რაც შეეხება აფხაზეთიდან ლტოლვილებს: არსებობს ზვიად გამსახურდიას ინტერვიუები, სადაც ის ზუგდიდში ასი ათას ლტოლვილზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს!
ეს შავი დღეა საქართველოს ისტორიისა. ვახსენოთ ამ დღეს გურამ გაბესკირიას, ჟიული შარტავას, მამია ალასანიას, გენო ადამიას, რაულ ეშბას და სხვების სულები. ვაჟკაცებისა, ვინც საკუთარი სისხლით დაწერეს საქართველოს ისტორია.
არადა ქართველებსაც და აფხაზებსაც გვაქვს გასახსენებელი – ვგულისხმობ აფხაზთა შორის მათ, (თუნდაც ძალიან ცოტანი იყვნენ…) ვისაც არ ეზეიმება ამ დღეს:
“ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ-აფხაზეთს…” (შოთა ნიშნიანიძე, აფხაზური კანტატა)
“ჩვენ ორივენი იმ ხალხის ნაშიერები ვართ, ჩოხას რომ ატარებდნენ, ამიტომაც ისე უნდა ვიყოთ, როგორც ხანჯლის ორივე პირი”. (ბაგრატ შინკუბა, აფხაზური ლიტერატურის კლასიკოსი)
“აფხაზი, რომელიც სახლს ააშენებს და ქართველის ეზოსკენ არ გაჭრის ფანჯარას, ის აფხაზი არ არის!”. (დიმიტრი გულია, აფხაზური მწერლობის შემქმნელი)
….პრორუს სეპარებს კი მიუფურთხებიათ ბღაჟბას, შინკუბას, გულიას ამ გამონათქვამებისთვის“, – წერს გამსახურდია.