მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ყველა სეზონზე ულამაზესია, ყველა პერიოდს თავისი ხიბლი და მაგია აქვს. შემოდგომის შემოსვლასთან ერთად, გარემოც მეტად მომნუსხველი და ფერადი ხდება. გთავაზობთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს, ადგილებს, რომლებიც ამ სეზონზე განსაკუთრებით ჯადოსნურია და რომლებიც საზაფხულო ქაოსის შემდეგ სიმშვიდეში ჩაკარგული ბუნებით მოგხიბლავთ:
ბატეთის ტბა
მათთვის, ვისაც ქალაქიდან დიდი ხნით გასვლის ფუფუნება არ აქვს, ეს ადგილი, თუნდაც ერთდღიანი ტურისთვის, შესანიშნავია. საქართველოში ბევრი ტბაა, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული კი სწორედ ბატეთია. ხეობა და ტბა სილამაზით ნამდვილად მოგაჯადოებთ. იშვიათად თუ შეხვდებით ასეთ მწვანე წალკოტში ჩაფლულ ტბას, რომელიც ტყის შუაგულშია ჩაფლული, თუმცა მისასვლელად მაინც მარტივია.შემოდგომის ფერები, წითელი, ნარინჯისფერი თუ მუქი მწვანის გრადაციები, შესანიშნავ სანახაობას გპირდებათ. ხეების ანარეკლი ტბაზე კი გარემოს უფრო მეტად ზღაპრულს ხდის.
მესტია
ყველა სეზონი ერთმანეთზე უფრო ლამაზი იყოს – დიდი ფუფუნებაა. ქართველებს ამ სიუცხოვის სანახავად შორს წასვლა არ მოგვიწევს. თბილისი – მესტია 490 კმ-ის და დაახლოებით 7-8 საათის, ხოლო ზუგდიდის შემდეგ 140-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა მოგიწევთ. შთამბეჭდავი ხედები, შხარა და უშბა, მომნუსხველი ისტორიები მისტიკურად და მომაჯადოებლად გამოიყურება შემოდგომისას. ბუნების გაფერადებისას პეიზაჟებიც უფრო ლამაზი ხდება, ვიდრე ზაფხულში. სვანეთის ბუნება ნებისმიერი ადამიანის გულს მოიგებს და წარუშლელ შთაბეჭდილებას დაუტოვებს. თუ საშემოდგომოდ ვიზიტს გადაწყვეტთ, დასარჩენი ადგილის პოვნაც არ გაგიჭირდებათ. ადგილი გამოირჩევა საოჯახო სასტუმროების სიმრავლითა და სტუმართმოყვარე მასპინძლებით.
ლოპოტა
პასტელური შემოდგომა ლოპოტაზე – ამ ტბის მშვენიერებაზე ბევრი საუბრობს. განსაკუთრებით გამოჰყოფენ შემოდგომის სეზონს, რომელიც სულიერი დასვენებისა და ბუნების შეგრძნობისთვის იდეალური დროა. ამიტომ, კახეთში ეს შესანიშნავი ადგილი შემოდგომით ნამდვილად ღირს სანახავად.
რაჭა
სვანეთივით ყველა სეზონზე საუკეთესოა, თუმცა, თუ პალიტრაში არსებული და არარსებული ყველა ფერის ერთდროულად ნახვა გსურთ, შემოდგომა იდეალური დროა. გამორჩეული მხარე საქართველოში, რომელიც, ალბათ, მართლაც ყველას სიყვარულია. უნიკალური ბუნება, მდიდარი ისტორია და საოცარი ფერები – საინტერესო კულტურის ნიმუშების გარდა, ამ მხარეში დატკბებით გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით. ასე რომ, შემოდგომის რაჭა აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია.
ჯუთა
სოფელი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სნოს მთებში. სოფლის მთავარი ხიბლი ჭაუხის კლდოვანი მთათა სისტემაა. სოფლამდე მისასვლელად გზა გვიან შემოდგომამდე ღიაა და მხოლოდ თოვლის მოსვლის შემდეგ იკეტება. სოფელში რამდენიმე საოჯახო სასტუმრო და კემპინგ ბანაკია, სადაც კომფორტულად დასვენება და ხევის სამზარეულოს დაგემოვნებაც შეგიძლიათ. სოფლიდან 3 კილომეტრშია ჯუთას ტბა და ჩანჩქერი. გირჩევთ, ფეხით მოიაროთ ჯუთა და თუ მეტი ექსტრემი გსურთ – ცხენით. ფერთა არაჩვეულებრივი პალიტრა, სუფთა ჰაერი და მთის სამზარეულო წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე.
ატენის ხეობა
ვისაც მაღალი მთა და სიცივე აშინებს, შიდა ქართლში მდებარე პატარა მთიან ხეობას უნდა ესტუმროს. ატენი ცნობილია თავისი ისტორიული ძეგლებით. ხეობაში სალაშქროდ ყველაზე პოპულარული მიმართულება დანახვისის წმინდა გიორგის მე-12 საუკუნის ტაძარია, რომელიც მთის წვერზე მდებარეობს. სანახაობა მართლაც უნიკალურია და ღირს, რომ ოჯახსა თუ მეგობრებთან ერთად დაუთმოთ დრო მის მონახულებას.
თუშეთი
მათთვის, ვისაც რთული, შეიძლება ითქვას, ექსტრემალური გზა არ აშინებს, შემოდგომის თუშეთის ხილვა ნამდვილი აღმოჩენა იქნება. ვიწრო გზა, მთებზე შეფენილი ნისლი და სულისშემკვრელი ხედები – აი, რა დაგხვდებათ შემოდგომის თუშეთში. კუთხის სპეციფიკური სამზარეულო თქვენს ტურს მეტად განსაკუთრებულს გახდის. სეზონზე ეს ადგილი ნამდვილად თქვენი ფავორიტი გახდება.
წყარო: marao.ge