ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” განმარტავს, რამდენად მართალია ის ფაქტი, რომ თუ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე საკვებს მიიღებთ, წონაში მოიმატებთ და სხეულს ავნებთ. ასევე, ასახელებ იმ პროდუქტებს, რომელთა მიღებაც ამ დროს რეკომენდებული არ არის და სხვადასხვა პრობლემას გიქმნით:
– ძილის წინ საკვების მიღებით წონაში ნამდვილად არ მოიმატებთ, თუ მთელი დღის განმავლობაში მიღებული კალორიების რაოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე გახარჯული კალორიების რაოდენობა. წონაში მატება უკავშირდება არა იმას, რომ ძილის წინ საკვებს იღებთ, არამედ იმას, მთელი დღის განმავლობაში მიღებული კალორიები რამდენად მეტია, ტოლია ან ნაკლებია გახარჯული კალორიებისა. თუ ნაკლებ კალორიას იღებთ და მეტს ხარჯავთ, წონაში დაიკლებთ და პირიქითაც. ამიტომ, ეცადეთ, ფიზიკური აქტივობა გაზარდოთ და ასეთ შემთხვევაში, წონაში არ მოიმატებთ.
მაგრამ, საქმე ისაა, რომ ძილის წინ საკვების მიღებით სხეულს ნამდვილად ავნებთ. არა წონის კუთხით, არამედ სხვა მიმართულებით. საქართველოში ძალიან გავრცელებულია დიაგნოზი, რომელსაც გასტროეზოფაგური რეფლუქსი ჰქვია. ეს პათოლოგია იმდენადაა გავრცელებული, რომ საზოგადოება მას უბრალოდ მიეჩვია და ჰგონია, რომ ნორმაა. ასეთ დროს საყლაპავის ქვედა ბოლოში სპეციალური საკეტი არ იხურება და კუჭის შიგთავსი საყლაპავში ძალიან მარტივად შემოდის. თუ თქვენ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე საკვებს მიიღებთ, თქვენი კუჭი მის მონელებას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. ეს კი საყლაპავს გააღიზიანებს. მთელი ღამე საყლაპავი გეწვით, გტკივათ და ძილი გერღვევათ. შემდეგ შეგაწუხებთ არა მარტო გულძმარვა, შეიძლება, ამასთან ერთად, ასევე უძილობისკენ მიდრეკილება ჩამოგიყალიბდეთ. დილით რომ გაიღვიძებთ, თავს დაღლილად იგრძნობთ და მთელი დღე უენერგიოდ იქნებით.
ამიტომ, ოქროს რჩევას მოგცემთ – საკვები დაძინებამდე 3-4 საათით ადრე მიიღეთ. ასეთ შემთხვევაში, თქვენს კუჭსა და წვრილ ნაწლავს მისცემთ საშუალებას, რომ საკვებს გაუმკლავდეს და საყლაპავში არაფერი შემოვა. გარდა ამისა, თუ თქვენ მთელი დღე მუშაობთ და ძილის წინ ვერ ახერხებთ, რომ საკვების მიღებაზე უარი თქვათ, მაშინ, რამდენიმე მარტივი რჩევა დაიმახსოვრეთ:
პირველი – ეცადეთ, რომ ძილის წინ ალკოჰოლი არ მიიღოთ. ალკოჰოლი სწრაფი ძილის ფაზას გირღვევთ. ეს არის ფაზა, რომლის დროსაც ტვინი მთელი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას ყველაზე ეფექტურად ახარისხებს. ასევე, თუ ძილის ფაზები დაირღვევა, ეტაპობრივად, უძილობისკენ იქნებით მიდრეკილნი.
მეორე – ეცადეთ, რომ თირამინით მდიდარი საკვები არ მიიღოთ. თირამინი ეს არის ნივთიერება, რომელიც ძალიან ხშირად გვხვდება საკვებში, როგორებიცაა პომიდორი, წითელი ღვინო, ყველი და სხვა. ის ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა და როდესაც ძილის წინ იღებთ, თქვენი თავის ტვინი მთელი ღამის განმავლობაში აქტიური იქნება. ძილში ძალიან დაძაბული იქნებით. დილით როდესაც გაიღვიძებთ, მაღალი წნევისკენ, გულის აჩქარებისკენ, უძილობისა და მეხსიერების გაუარესებისკენ იქნებით მიდრეკილნი. საბოლოო ჯამში, ეს თქვენს ნერვულ სისტემას წყობიდან გამოიყვანს. ამიტომ, თირამინით მდიდარი საკვები ძილის წინ არ მიიღოთ.
ასევე, ეცადეთ, რომ ძილის წინ ძალიან ბევრი სითხე და წყლით მდიდარი საკვები არ მიიღოთ. ეს ძილის ხარისხს ძალიან გირღვევთ. შესაძლოა, არ გეღვიძებათ, მაგრამ მთელი ორგანიზმი ცდილობს, როგორმე სითხეს თავი მოუყაროს, რომ არ გაგაღვიძოთ. სამაგიეროდ, გძაბავთ. დილით რომ გაიღვიძებთ, ძალიან დაღლილად იგრძნობთ თავს და უხარისხო ძილის ფონზე, მეხსიერებაც უარესდება და არტერიული წნევისკენაც მიდრეკილნი იქნებით.