“საქართველოში არც ხორბლის რაოდენობის, არც ფასის მხრივ პრობლემა არ არსებობს, შეგვიძლია,
მოსახლეობა დავამშვიდოთ. ამ მხრივ შეფერხებები არ იქნება”, – ამის შესახებ “საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
“მინდა, ის 5- თვიანი გადაწყვეტილება განვიხილო, რომელიც საპილოტე
რეჟიმში მუშაობს. მისი მოქმედება 10 ივნისიდან დაიწყო, 5 – თვიანია და ნოემბრის 10 რიცხვში მთავრდება. ამ გადაწყვეტილების შედეგად, ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს შორის კონკურენტული მდგომარეობა გარკვეულწილად გათანაბრებულია, რამაც წისქვილკომბინატებს საშუალება მისცა, ემუშავათ და გარკვეული რაოდენობის ადგილობრივი ხორბალი ჩაებარებინათ, რაც ასე პრობლემური იყო (მათ შორის, ფერმერებისთვის ჩაბარების კუთხით).
ვიცით, რომ ეს გადაწყვეტილება ორ მიმართულებაზე იყო მიბმული: ერთი პურის ფასის შენარჩუნებას წარმოადგენდა, პური რომ არ გაძვირებულიყო.
მეორე მიმართულება კი იმას გულისხმობდა, თუ როგორი იყო ადგილობრივი ქართველი ფერმერების მიერ ძველი და ახალი მოსავლის ჩაბარების მხრივ არსებული მდგომარეობა.
პურის ფასის მიმართულებაში შეგვიძლია, დადასტურებულად ვთქვათ, რომ დღეს ფასის გაძვირების ტენდენცია არ არსებობს. გაძვირებაზე არცერთი ფაქტორი მიუთითებს. პირველ ყოვლისა, არ მიუთითებს ფაქტორი, რომელიც ხორბლის ფასიდან გამომდინარე ფქვილის ფასი გახლავთ. მარაგებიც არსებობს, ფასი, ფაქტობრივად, სტაბილურია. მეტსაც გეტყვით, გარკვეულწილად, ფასი დაღმავალიც იყო. რუსეთი შარშანდელ და წლევანდელ მოსავალს ისე აქტიურად ვერ ყიდის, როგორც საპროგნოზოა. შესაბამისად, ჩვენი მიმართულებით ხორბლის უფრო მეტი რაოდენობაა დარჩენილი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიმართულებით დაღმავალი ფასია. ანუ, შეგვიძლია, დადასტურებულად ვთქვათ, რომ პურის ფასთან მიმართებით პრობლემები არ არსებობს.
ფასი სტაბილური და შენარჩუნებული იქნება. ჩვენ კომუნიკაცია ” პურის მწარმოებელთა ასოციაციასთანაც” გვაქვს, პურის ფასთან მიმართებით დღეს არავითარი კითხვის ნიშნები არაა. მათი თქმით, ფასი სტაბილური იქნება და ალბათ, ისინიც გამართავენ პრესკონფერენციას”, – განაცხადა სილაგავამ.