ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველ დღე ერთი რეისი გვექნება, ეს ნიშნავს, რომ კვირაში 7 რეისი [შესრულდება]. ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისი. თუმცა, საბოლოოდ ჩვენ გვინდა, რომ პირდაპირ დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და ამაზე პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, როდესაც განმარტა მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება.
დავითაშვილის განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება ძალაში უკვე შედის.
„ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა 30 – დღიანია, ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ უვიზოდ მოინახულონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ თანმიმდევრულად მიყვებით ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ნაბიჯები, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას ითვალისწინებს. იცით, რომ პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო, ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი იყო ისტორიული, იმიტომ, რომ ამ ვიზიტის შედეგად მოაზრებულია მთელი რიგი ინიციატივების განხორციელება, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი უნდა იყოს განვითარების კუთხით. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს ვხედავთ ეს არის ტურისტული სექტორი, ჩინეთი არის ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარი მსოფლიოში, ალბათ ყველასთვის სასურველი ბაზარი. ყოველწლიურად ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაკადი გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო“, – განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ტურისტული ნაკადების ზრდა წარმატებით მოახდინა ჩინეთიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში.
ვიცე-პრემიერის თმით, საუბარი ჰქონდათ ჩინურ ავიაგადამზიდველებთან.
„პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ვმუშაობთ და რამდენიმე დღეში გვქონდა ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან საუბარი პირდაპირი ფრენების ზრდაზე და ასევე სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ სულ მცირე, დღეში ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პრემიერ – მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ მიიღო, არის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი”, – აცხადებს დავითაშვილი.