ახალგაზრდა მამაკაცი თბილისიდან რაჭის თითქმის უკაცრიელ სოფელში გადასახლდა. მისი ამბავი ბევრისთვის იქნება სამაგალითო და წამახალისებელი. ეს ახალგაზრდა კაცი თბილისში დაიბადა და გაიზარდა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ოჯახთან ერთად ვაკეში ცხოვრობდა და მაინც… 29 წლის გიორგი კარტოზიამ დედაქალაქის ცხოვრებას ლამის დაცარიელებული რაჭის თითქმის ყველაზე მაღალ სოფელში ცხოვრება ამჯობინა და მეურნეობას მიჰყო ხელი. რაჭა და გვარი კარტოზია ვერაფრით დავაკავშირე. აღმოჩნდა, რომ საქართველოს ეს ულამაზესი კუთხე მისი დედულეთი ყოფილა.
– ბავშვობაში ყოველ ზაფხულს ოჯახი რაჭაში ვატარებდით, იქაურობა განსაკუთრებულად მიყვარს და ამიტომაც გადავსახლდი. ამბროლაურის რაიონის სოფელ ბეთლევში დაკეტილი ხის სახლი გვქონდა. ჩვენი სოფლის გადასახვევი ხოტევის ციხესა და ეკლესიას შორის არის. ბეთლევი მთაში ბოლოს წინა სოფელია, ხოლო ასფალტიან გზას ჩემს სახლამდე 9-10 კილომეტრი აშორებს. მთა და ბუნება ყოველთვის განსაკუთრებულად მიყვარდა, ჩვენი სახლი კი სულ ზემოთ არის, ფაქტობრივად, ტყეში ცხოვრობ. ჩვენს უბანს ჩიხრაძეების უბანს ეძახიან. უბანში ჩემ გარდა ხუთი ადამიანია, ერთი მარტოხელა კაცი კი უფრო ქვემოთ, სოფლის შემოსასვლელში ცხოვრობს. ელექტროენერგია და ინტერნეტი გვაქვს, მობილურიც იჭერს, მაგრამ ბუნებრივი აირი და წყალი არ გვაქვს. ზამთარში გზაც იკეტება. მაგალითად, ახლა მანქანით სახლში ვერ ავდივარ – ან ფეხით უნდა ვიარო წელამდე თოვლში, ან ცხენით. წელს გვპირდებიან, მოასფალტებულ გზას გაგიკეთებთო და ვნახოთ, როგორ შეგვისრულებენ დანაპირებს. განაგრძეთ კითხვა