ქობულეთში ბეტონის შენობა პლაჟსა და ზღვიდან ასასვლელ კიბეზე ააშენეს. ინფორმაციასა და ფოტომასალას ადგილობრივი გამოცემა TV25 ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ნაგებობა ზღვიდან 10 მეტრის დაშორებითაც არაა. ობიექტი უკვე ფუნქციონირებს და მომხმარებლებს ყოველდღიურად მასპინძლობს.
საქართველოს სივრცითი დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით პლაჟზე მსგავსი სახის მშენებლობა იკრძალება.
“ალბერტ ხინიკაძე უნებართვო მშენებლობისთვის 4 ათასი ლარით დაჯარიმდა, ვინაიდან ობიექტი უკვე ფუნქციონირებს მისი დემონტაჟი ტურისტული სეზონის ბოლოს დაიწყება,” – უთხრეს TV25-ს ქობულეთის მერიაში.
გამოცემა ასევე წერს, რომ ეს ობიექტი ქობულეთის მერიიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს. ორი სართული ისე აშენდა და დღემდე ფუნქციონირებს მაკონტროლებელმა ვერაფერი შენიშნა.