ცოტა ხნის წინ საქართველოს დამსახურებული არტისტი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
“კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, დავით პაპუაშვილის, გარდაცვალების გამო
დავით პაპუაშვილი 1963 წლიდან იყო რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობი. მან არაერთი საინტერესო როლი შეასრულა სხვადასხვა სპექტაკლში. მათ შორის არის: კოტე (რ. სტურუას, გ. ქავთარაძის ,,ბრალდება”), გურამ შელია (კ. ბუაჩიძის ,,ეზოში ავი ძაღლია”), ჯამბაზი ალე ჰოპი (ა. სულაკაურის ,,სალამურა”), სამსონი (გ. სუნდუკიანის ,,პეპო”), მთქმელი (თ. ჭილაძის ,,როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის”), კეიტსბი, ოსვალდი (შექსპირის ,,რიჩარდ III”, ,,მეფე ლირი”) სილიბისტრო (მ. ჯავახიშვილის ,,კვაჭი კვაჭანტირაძე”), ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის ,,საბრალდებო დასკვნა”), ტიტე ნატუტარი (პ. კაკაბაძის ,,ყვარყვარე”), შალვა (ბრეხტის ,,კავკასიური ცარცის წრე”), ბატონი დევი (ლ. თაბუკაშვილის ,,მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”) და სხვა.
მსახიობი გადაღებულია ფილმებში: „გია მიდის ყამირზე“ (1963), ,,საერთო კედელი” (1972), ,,წკიპურტები”(1973), ,,თვალი პატიოსანი” (1976), ,,მონანიება” (1984), ,,ნატვრის ხე” (1977) და სხვ.
დავით პაპუაშვილს 1981 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, 1996 წელს – აფხაზეთის დამსახურებული არტისტის წოდება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს დავით პაპუაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”