პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზია-რეანიმაციის კათედრის გამგე, ლევან რატიანი, მცირეწლოვანი შვილების მამაა, მას სამი პატარა ბიჭი ჰყავს. უფროსი 10 წლის არის, შუათანა – 6 წლის და უმცროსი – 7 თვის. ამ ვაჟკაცების დედაც ექიმი გახლავთ – პედიატრი გვანცა ჯანიგაშვილი, ბატონი ლევანის დიდი და პირველი სიყვარული, ოჯახის მფარველი ანგელოზი, რადგან სწორედ მას და მის მოთმინებას უმადლის ქმარი ოჯახურ ბედნიერებას.
კორონავირუსითან მებრძოლი ექიმი ჟურნალმა სარკემ ჩაწერა, სადაც რატიანი მისი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს.
ლევან რატიანი: მგონი, გადავრჩით და ყველანი გახარებულები ვართ, რომ ჩვენთან პანდემიასთან ბრძოლა ასე წავიდა. თვის ბოლომდე ალბათ ყველა პაციენტს გავწერთ კლინიკიდან და ჩვენს ქვეყანაში მალე ყველაფერი კარგად იქნება, ჩვეულ ცხოვრებას გავაგრძელებთ.
– ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვით, ჩვენი ქვეყანა ღვთის სიყვარულმა გადაარჩინაო. ძლიერი რწმენა გაქვთ?
– სულ ვამბობ, ღმერთი და მისი ძალა რომ არ არსებობდეს, ადამიანი წარმატებული ვერ იქნება. სამწუხაროდ, ხშირად ვერ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ღმერთის ძალიან მწამს. უფალს ვუყვარვართ და ამიტომაც გადავრჩით.
– ეს ბოლო თვეები თქვენი ოჯახისთვის ალბათ განსაკუთრებით რთული პერიოდია.
– ძალიან რთულია. ამ სამი თვის განმავლობაში უსაშველოდ რთულ პირობებში მიწევდა ყოფნა, რისი გადმოცემაც ასევე ძალიან რთულია. რაც ამ თვეებში, კვირებში, დღეებში და საათებში გავიარე, თითქოს ადვილი მოსაყოლია, მაგრამ ახლა იმ სიმძიმეს ვეღარ ვგრძნობ, რადგან გადავრჩით. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კი იყო ინფიცირებული, მაგრამ დღეს ყველა გაწერილია, რაც ძალიან მახარებს.
ოჯახისგან დღესაც ისევ შორს ვარ. ჩემი ჩანაფიქრია, კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ ბოლო პაციენტს რომ გავწერ, მერე დავიხურავ ქუდს და წავალ ოჯახთან. ეს ალბათ რამდენიმე დღეში მოხდება.
ჩემი ცოლ-შვილი სოფელშია, მცხეთის რაიონში, ძალში. ჩემი მეუღლე იქიდან არის. 1 მარტს რომ წავიდნენ, მას მერე არც ერთი შვილი მინახავს.
ბავშვებმა როგორ აღიქვეს მამის ასე შორს ყოფნა ამდენი ხნით?
– რეანიმატოლოგი ვარ და, სამწუხაროდ, ოჯახისთვის არასოდეს მეცალა. ოჯახის მართვას მთლიანად ჩემი მეუღლე ახერხებდა ყოველთვის. დედაც ის იყო ბავშვებისთვის და მამაც, თუმცა რამდენიმე საათით მაინც ვახერხებდი მათთან კონტაქტს. ახლა კი ძალიან გამიჭირდა და განსაკუთრებით პატარის გარეშე, რომელიც მაშინ 4 თვის იყო და ახლა უკვე 7 თვისაა.
ერთი სული მაქვს, როდის გავივლი ტესტირებას და მათთან გავჩნდები. დედაჩემს რომ ჰკითხოთ, მეუბნება, პატარა შენი ასლიაო.
იხილეთ სრულად – digest.pia.ge