38 წლის ნიკოლოზ ჩალაძე შოვში კოტეჯების მშენებლობაზე ორ მეგობართან ერთად მუშაობდა, როცა მეწყერი ჩამოწვა. ნიკას ცხედარს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ მაშველები, ბოლოს ის წყალმა სტიქიის ეპიცენტრიდან 30 კილომეტრში, მისი სახლის ახლოს ჩაიტანა და მდინარის ნაპირზე გამორიყა. ნიკა შოვის სტიქიიდან მე-19 დღეს დაკრძალეს.
ნიკოლოზ ჩალაძეს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა – დემეტრე და დავითი. სტიქიის დროს დაღუპული კაცის ოჯახს დღეს საზოგადოების მხარდაჭერა და სოციალური შემწეობა სჭირდება. “პატარას, დავითს, დაუნის სინდრომი აქვს, დახმარებას იღებს და პროგრამაშიც ჩართულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რამდენი რამ სჭირდება ასეთი ბავშვის მოვლას. ნიკას სურდა ახალი სახლი აეშენებინა. მე სამსახურის გამო დედაჩემთან ვარ სოფელ წესში, ამბროლაურში, ნიკას სახლი კი ონშია, სოფელ ლაგვანთაში, სადაც 14 კაცი ვცხოვრობთ. ახლა ოჯახის მე-15 წევრს ველოდებით”, – ამბობს ნიკოლოზ ჩალაძის მეუღლე ეკა გოგლიძე და ნიკასთან 6-წლიან ბედნიერ თანაცხოვრებაზე გვიყვება, რომელიც სტიქიამ ერთ წამში წალეკა.
– მე და ნიკამ ერთმანეთი 2016 წელს რაჭაში გავიცანით, ერთი წლის მერე კი დავქორწინდით. 6 წელი ბედნიერად ვცხოვრობდით, ხან ჩვენთან ვიყავით სოფელში, ხან ნიკას ოჯახში. ნიკას არ ჰქონდა სტაბილური სამსახური და აღებულ საქმეებზე მუშაობდა, მშენებლობებზე, ვენახში… ერთხანს თბილისშიც იყო, მაგრამ პანდემია დაიწყო და უკან დაბრუნდა. ბევრს წვალობდა, ძირითადად, მის დეიდაშვილ თემურ ჩარკვიანთან ერთად მუშაობდა, რომელიც ასევე შოვში დაიღუპა. მათთან მესამე ბიჭიც იყო, ჩვენი თანასოფლელი დიმიტრი ფირცხალავა. ისინი იმ საბედისწერო დღეს შოვში იყვნენ კოტეჯის მშენებლობაზე. ბიჭები იმ ადგილას მოყვნენ, სადაც ორი ღვარცოფული მასა გაერთიანდა. ყველა კოტეჯი ქვემოთ, იმ ადგილას ჩამოიტანა, სადაც ისინი მუშაობდნენ… სამს 20 წუთი აკლდა, როცა ნიკას ბოლოს ვესაუბრე, მერე ფოტოებიც გავუგზავნე, მაგრამ არა აქვს ნანახი. 7 აგვისტოს ჩვენს უფროს ვაჟს, დემეტრეს, დაბადების დღე აქვს და რაღაცებს ვგეგმავდით. მერე სოციალურ ქსელში დაიწერა შოვში ღვარცოფის შესახებ და მაშინვე დავრეკე, ნიკას ეცოდინება, რა ხდება-მეთქი. რას წარმოვიდგენდი, თუ რამე მოუვიდოდა. დავრეკე და ზარი არ გავიდა. მერე ნიკა დაკარგულად გამოცხადდა. გული ცუდს მაინც არ მიგრძნობდა, ვფიქრობდი, რომ ისინი გადარჩენილებთან ერთად იყვნენ და სხვებს ეხმარებოდნენ. კარგად ვიცნობდი ნიკას და ბიჭებს და მჯეროდა, ხალხს გაჭირვებაში არ მიატოვებდნენ. მაშველებმა ბოლო ადამიანი რომ გამოიყვანეს, მაშინ მივხვდი, რა უბედურებაც დამატყდა თავს.
შეგახსენებთ, შოვში მეწყერი აგვისტროს გამოწვა. სტიქიამ 3-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
წყარო: „კვირის პალიტრა“