მომღერალი ლოლა წერეთელი ბავშვობაზე, ოჯახის წევრებზე, კარიერასა და მსმენელზე ჟურნალ “თბილისელებთან” ალაპარაკდა. ამბობს, რომ 3 წელიწადში ოჯახის 3 წევრი დაკარგა და მას შემდეგ, სამგლოვიარო ცერემონიებს ვეღარ ესწრება.
გული წყდება, რომ მსმენელებს შორის არიან ისეთები, ვინც მომღერალს სოციალურ ქსელებში მას ხან წარმომავლობის, ხან ასაკის, ხან სიმღერის შინაარსის გამო აკრიტიკებენ.
“თბილისში, ვორონცოვზე დავიბადე და გავიზარდე მუსიკალურ ოჯახში. მამაც მუსიკოსი მყავდა და დედაც. სამი წლიდან მეც ვმღეროდი. მერე, მამას საქმეებიდან გამომდინარე, რუსეთში გადავედით საცხოვრებლად, თუმცა, მალე დავბრუნდით და თბილისში განვაგრძეთ ცხოვრება. სახლში სტუმრები თუ მოდიოდნენ, მამა უკრავდა და დედა მღეროდა. ოჯახში ოთხი ბავშვი ვიყავით. დიდი და მხიარული ოჯახი გვქონდა.
სკოლა რომ დავამთავრე, სამი წელი ვიმუშავე და მერე მუსიკალურში ჩავაბარე, მაშინ ასე იყო საჭირო. სამუშაო გამოცდილების გარეშე ვერ ჩააბარებდი. ვფიქრობ, რომ მომღერალი თვითონ ქმნის თავის პოპულარობას. თბილი და ყურადღებიანი უნდა იყო მსმენელის მიმართ. ახალ სიმღერას რომ ვაკეთებ, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ მათ მოეწონოთ, თან ტრენდული უნდა იყოს. ადამიანები უნდა გაახარო შენი სიმღერით.
ერთი რამით დავიღალე. ახლა, ახალი სიმღერა ვიმღერე და გადაცემაში ვთქვი, რომ არავის და არაფერს არ ეძღვნება, რომ კომერციული სიმღერაა სიყვარულზე. იმისთვის, რომ მსმენელს გულში ჩარჩეს და მოუსმინონ. წავლენ, მოვლენ და კომენტარებში მაინც ერთსა და იმავეს წერენ – რა გინდა, რატომ ტირიო. ყველაფერს მაინც პირად ცხოვრებას უკავშირებენ და რატომ? არ მაქვს უფლება, ბედნიერი ვიყო და ვიმღერო? პირდაპირ ვამბობ, რომ ეს სიმღერა არავის ეხება, მხოლოდ და მხოლოდ კომერციული გათვლაა, მაგრამ მაინც ჩემს წარსულსა და ასაკს მიადგებიან.
ეს ძალიან მწყინს და ვბრაზდები. არ უნდა ვიმღერო სიმღერა, რომელიც მომწონს და მინდა ვიმღერო? ხან გვარს ეხებიან, ამ ადამიანებისთვის რა მნიშვნელობა აქვს, რა გვარზე ვარ. საყვარლის გვარს ხომ არ ვატარებ? რა უნდათ, არ ვიცი, დავიღალე. ადამიანი პირს რომ აღებს, არ ფიქრობს, რომ შეიძლება სხვას აწყენინოს. ძალიან სამწუხაროა, სანამ რამეს იტყვი ან დაწერ, სხვაზეც ხომ უნდა დაფიქრდე?!
ვკითხულობ: რა არის, არ დაიღალა? ეს რა გვარი აქვს, სომეხია. ადამიანი ვარ გიმღერი, რა საჭიროა ეს შოვინიზმი. როდესაც საქართველოში შოვინისტური დამოკიდებულებები დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნება. როდემდე შეიძლება, ასე გაგრძელდეს?! მუსიკას არ აქვს ეროვნება. მე აღარ მახსოვს ის ამბები და მათ რატომ ახსოვთ?! მუსიკა ჩემი ცხოვრებაა, ბავშვობიდან მოყოლებული მთელი გული და სული ამ საქმეში ჩავდე.
ოჯახის სამი გარდაცვლილი წევრი სამ წელიწადში
წინა დღეს ყველა შვილი ერთად ვიყავით მშობლებთან სახლში. მამა ძალიან კარგ ხასიათზე იყო. საღამოს წამოვედით. მეორე დღეს, ორშაბათს, სამსახურში ვიყავი და ძმის ცოლი მირეკავს, მეუბნება, მამა საჭირო ოთახში შევიდა, ვაკაკუნებთ და კარს არ გვიღებსო. ვერ გავიგე, რა მოხდა ასე უცებ. გავიქეცი, მაგრამ ცოცხალს ვერ მივუსწარი. ინსულტი მოსვლია და ყველაფერი წამებში მოხდა. არადა, კარგად იყო, დილით დედას ეხმარებოდა.
დედა, მამა და მამიდა ერთად ცხოვრობდნენ. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ, ჯერ მამიდა გარდაიცვალა, მერე კი – დედა. სამი წლის განმავლობაში ყველა წავიდა. ის სამი წელი საშინელი იყო. მას შემდეგ დაკრძალვაზე ვეღარ დავდივარ. ის საშინელებები მიდგება თვალწინ და ამიტომ მირჩევნია, არ წავიდე და ადამიანი ისეთი მახსოვდეს, როგორსაც ვიცნობდი. როცა მშობლებს კარგავ, მერე უცებ იზრდები, ხვდები, რომ ბავშვობა დამთავრდა.
და-ძმანი ერთად ვართ, მაგრამ როცა დედა და მამა ამ ქვეყნიდან მიდიან, ობლდები და ხვდები, რომ ოჯახური ერთიანობა ირღვევა. იმიტომ კი არა, რომ ერთმანეთი არ გვიყვარს, უბრალოდ, ყველას თავისი ოჯახი, საქმე აქვს და მშობლები აღარ გვაერთიანებენ”