ეს ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბავი მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში, საქართველოში მოხდა. სწორედ ამ დროს ჩამოვიდა საქართველოში გერმანელი პრინცი, გენერალი კონსტანტინე ოლდენბურგი, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I–ის დის, ეკატერინეს შვილიშვილი – აღნიშნულის შესახებ სტატიას intermedia.ge ავრცელებს.
იგი ქუთაისში დასახლდა და ღვინის წარმოებას მიჰყო ხელი. 1885 წელს, კონსტანტინე “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებულ წარმოდგენაზე მიიწვიეს ბარბარე ბარათაშვილის სალონში, სადაც იმ დროს მიხაი ზიჩი მუშაობდა თავის ცნობილ ილუსტრაციებზე. წარმოდგენაში დასავლეთ საქართველოს ნაღები საზოგადოება მონაწილეობდა, მათ შორის იყო ნესტან-დარეჯანის კოსტიუმში გამოწყობილი, მშვენიერი აგრაფინა ჯაფარიძე – სამეგრელოს თავადის, ტარიელ დადიანის მეუღლე.ნნ
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რაჭველი თავადის ასულ აგრაფინაზე ტარიელ დადიანმა პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა. ისტორიული წყაროების ერთი ნაწილის ცნობით, “საბედისწერო” წარმოდგენის დროს მათ უკვე ორი საერთო შვილი ჰყავდათ, სხვა წყაროების მიხედვით კი ტარიელ დადიანს მხოლოდ პირველი ცოლიდან ჰყავდა შვილები.
კონსტანტინე ოლდენბურგს მშვენიერი თავადის ქალი იმდენად ჩაუვარდა გულში, რომ მის ქმარს ქალის სანაცვლოდ ფული შესთავაზა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს სამი ვერსია: ერთი ვერსიით ტარიელ დადიანმა კონსტანტინესთან ბანქოში იმდენი ფული წააგო, რომ გადახდა ვერ შეძლო და ცოლის დათმობის შესახებ ოლდენბურგის წინადადებას დათანხმდა; მეორე ვერსიის მიხედვით დადიანს ვალები ჰქონდა, გრაფმა კი იმდენად დიდი თანხა შესთავაზა მშვენიერ მეუღლესთან გატარებული ღამისთვის, რომ ტარიელმა უარი ვეღარ თქვა; ხოლო მესამე ვერსიას თუ დავუჯერებთ, ტარიელი ეჭვობდა, რომ აგრაფინას უყვარდა კონსტანტინე და თავად დაუთმო მას ცოლი, ყოველგვარი ფულის გარეშე.
ასეა თუ ისე, აგრაფინა ჯაფარიძე კონსტანტინე ოლდენბურგს გაჰყვა. ქუთაისში დღემდე ცნობილია გამოთქმა “აგრაფინა კისკისაო დადიანმა პრინცს მისცაო”… ადვილი წარმოსადგენია, როგორი სკანდალური იქნებოდა იმდროინდელი ქართულ საზოგადოებისთვის მსგავსი ნაბიჯი. იმასაც ამბობენ, გრაფ ოლდენბურგზე შეყვარებულ სხვა თავადის ქალებს, უბრალოდ, შეშურდათ აგრაფინასი და ამიტომ გამოიგონეს ფულზე მისი გაცვლის ლეგენდებიო…
გრაფს იმდენად შეუყვარდა აგრაფინა, რომ მისი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა. მაგრამ ეს არ ისე ადვილი იყო. კონსტანტინე პრინცი იყო და არ შეეძლო ისეთ ქალზე დაქორინება, რომელსაც მსგავსი წოდება არ ექნებოდა, ამას ისიც ემატებოდა, რომ აგრაფინა განათხოვარი იყო და არც მზითევი არ ჰქონდა. კონსტანტინემ იცოდა, რომ თუ საყვარელი ქალის ცოლად მოყვანაზე უარს არ იტყოდა, პრინცის წოდება და ქონება ჩამოერთმეოდა, უფრ მეტიც, ვერც ბავშვებს მისცემდა ოლდენბურგის გვარს. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, გრაფის სიყვარული იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ უარი თქვა ყველაფერზე და აგრაფინა ცოლად მაინც მოიყვანა.
ერთერთი ლეგენდის მიხედვით, აგრაფინამ კონსტანტინეს ცოლობაზე თანხმობის სანაცვლოდ თბილისში სასახლის აშენება სთხოვა, რაც შეუსრულა კიდეც შეყვარებულმა მამაკაცმა. ასე აშენდა თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი შენობა – დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი (კარგარეთელის ქ. 6), რომელსაც “სიყვარულის კოშკსაც” უწოდებდნენ. ლეგენდის მიხედვით ეს იყო შეუღლებამდე აგრაფინასა და კონსტანტინეს საიდუმლო შეხვედრის ადგილი. თუმცა ეს მხოლოდ ლეგენდაა… განაგრძეთ კითხვა