რაც არ უნდა სკეპტიკურად იყოს განწყობილი ბედისწერის მიმართ, იმას მაინც ყველა აღიარებს, რომ ცხოვრებაში ზოგს უმართლებს, ზოგს კი – არა… ბედს თავისი რჩეულები ჰყავს, რომელთა დაბადებისთვისაც თარიღი სწორედ ფორტუნამ შეარჩია. როგორ? – ინდივიდუალური ნუმეროლოგიური სტატისტიკა შვიდ განსაკუთრებულ დღეს ასახელებს „ქუდბედიანების“ დაბადების თარიღად. თუ რა დღეებზეა ლაპარაკი, ვინ არიან ფორტუნას ფავორიტები და რა პირობებს უყენებს მათ თავად ბედისწერა, ამ ყველაფერს შეიტყობთ ეზოტერიკოს-ნუმეროლოგისგან, ქალბატონ ნანი ვ-სგან.
– ხშირად გვიკვირს, ასე რატომ უმართლებს ამა თუ იმ კონკრეტულ ინდივიდს, როცა ეს არც პირადად მისი და არც იმ გარემოსა თუ განათლების მეთოდების დამსახურებაა, სადაც ის იზრდებოდა და სწავლობდა. ამ ყველაფერს გარკვეული მუდმივად განსაზღვრავს, რომლის მფარველობის ქვეშაც დაიბადა ეს ადამიანი. ის ბედის რჩეულია და არსებობს ინდივიდუალური ნუმეროლოგიური სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც სახელდება 7 განსაკუთრებული დღე, რა დროსაც იღბლიანები იბადებიან. თუმცა არსებობს პირობაც: იმისთვის, რომ ბოლომდე ბედის რჩეულად დარჩეთ, მხოლოდ დაბადების თარიღი არ კმარა – არ გეპატიებათ თაღლითობა და კეთილგანწყობილი უნდა იყოთ როგორც სხვების, ასევე, საკუთარი თავის მიმართაც.
– მაინც რომელია ეს იღბლიანი რიცხვები, ანუ რომელ დღეს იბადებიან ბედის რჩეულები?
– ახლა უფრო დაწვრილებით ამ თარიღებზე და იმაზეც, თუ ბედის რა საჩუქარს უმზადებს თითოეული მათგანი საკუთარ რჩეულებს. პირველია 8 რიცხვი და ამ დღეს დაბადებული ადამიანი უდავოდ წარმატებულია ყველაფერში, რაც კი ფინანსებსა და შემოსავლიან საქმეებს უკავშირდება. ის, ფაქტობრივად, ცოცხალი მაგნიტია სიმდიდრისა და ფუფუნებისთვის. ფული და სარფიანი საქმეები დიდი გარჯისა და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უვარდება ხელში და თანაც, სისტემატურად. თუმცა პირობა აქაც ძალაშია: არ უნდა ითაღლითონ და კეთილგანწყობა შეინარჩუნონ როგორც სხვების, ასევე, საკუთარი თავის მიმართაც. შემდეგია ციფრია 10 და ამ დღეს დაბადებულებმა ყურმოკვრით კი არა, რეალურად იციან, რა არის იღბალი…
– ეს ნიშნავს, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას იყო?
– რა თქმა უნდა! „ათიანისთვის“ ლატარიაში დიდი თანხის მოგება ჩვეულებრივი რამ არის! საფრთხის მყისიერად თავიდან აცილება? – ასეც მომხდარა! მთავარია, თავდაჯერება და ხედვა მხოლოდ წინ! გახსოვდეთ: იღბალი მამაცებს სწყალობს, ოღონდ პირობა არ დაგავიწყდეთ: კეთილგანწყობა და არა თაღლითობას! ათს 11 მოსდევს – დღე ნამდვილი აღმზრდელებისა და მენტორების დაბადებისა, მთელი ცხოვრება რომ ზესახელმწიფოთა ეგრეგორის (ეგრეგორი – სივრცე, ხალხი, ობიექტები, ადგილი, რომელიც აგროვებს ენერგიას და გარკვეული დონის ვიბრაციით ცალკე გამტარი ხდება) ქვეშ იმყოფებოდნენ. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ განჭვრიტონ მოვლენათა განვითარება; ერთი შეხედვით განსაზღვრონ პიროვნების არსი; აქვთ სასურველის მატერიალიზების უნარი და ამიტომაც, ყოველთვის იმარჯვებენ, თუ, რა თქმა უნდა, ზემოხსენებულ პირობას არ დაარღვევენ, რომელიც ყველა იღბლიანისთვის საერთოა.
– ძალიან მაინტერესებს 17-ის ბედი, ჩემი დაბადების დღეა…
– გაგიმართლათ, 17 ყველაზე ძლიერი სუპერ ნიშანია: 178-ის ჯადოსნური კომბინაცია, რომელსაც ფლობდნენ დიდი ნათელმხილველები და გურუები, როგორებიც იყვნენ, მაგალითად: ვანგა და ოშო. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ დაინახონ ის, რაც სხვებისთვის მიუწვდომელია, იგრძნონ სხვისი ენერგეტიკა და წაიკითხონ მათი აზრები და ზრახვები. სამყარო მათ ზეშესაძლებლობებს ანიჭებს და თუ სწორად, ეკოლოგიის გათვალისწინებით გამოიყენებენ, უზარმაზარი ფინანსური შესაძლებლობებით დაჯილდოვდებიან. თუმცა, პირობა აქაც უცვლელია: არა თაღლითობას, კეთილგანწყობა ყველგან და ყოველთვის. განსაკუთრებული მისიით მოევლინენ ამ ქვეყანას 22-ში დაბადებულები. ისინი თავიდანვე გრძნობენ, რომ მათი მოვალეობაა, რომ დაეხმარონ ადამიანებს. ისინი სამყარომ, ფაქტობრივად, იმისთვის გამოგზავნა, რომ ყველაფერი უფრო უკეთესი, ჰარმონიული და ფერადი გახადოს დედამიწაზე. მძლავრ ეგრეგორ 22-ის მფარველობის ქვეშ მყოფი ეს არაჩვეულებრივი ადამიანები ყველა საჭირო რესურსით არიან დაჯილდოებულნი მფარველისაგან: ნიჭით, ცოდნით, შესაძლებლობებით, ოღონდ ამ ყველაფრისთვის ზემოხსენებული პირობაა დასაცავი.
– დარჩა ორი ნიშნული…
– 26 – სამყარო ამ დღეს დაბადებულებს, პირდაპირი მნიშვნელობით, იღლიაში საფულე ამოჩრილებს უშვებს – ის ფულის ეგრეგორის ძლიერი მფარველობით შეაბიჯებს ცხოვრებაში. თუმცა, უწყვეტი ფინანსური ნაკადისთვის გასათვალისწინებელია ქალური და მამაკაცური შესაძლებლობები. თუ კაცს კარგი შემოსავლის შესანარჩუნებლად, ფულის გამომუშავების „მამაკაცური“ გზები სჭირდება, ქალმა ამ დროს, უბრალოდ, უნდა დაისვენოს – მიჰყვეს დინებას, აირჩიოს მისთვის სასურველი საქმიანობა და ისიამოვნოს შრომის პროცესით – პირობა ამ შემთხვევაშიც უცვლელია. დაბოლოს, 29 – ამ რიცხვში დაბადებულებისთვის წარმატების გასაღები ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გადაცემაა. თუ ისინი თავს მენტორობით გამოიჩენენ, იღბალი, ფული და შესაძლებლობები ზეციური მანანასავით დაეყრებათ, ოღონდ იმავე პირობით: არა თაღლითობას და კეთილგანწყობა ყველგან და ყოველთვის. რაც შეეხება სხვა თარიღებს? აბა, სხვა დღეებში დაბადებულები მხოლოდ მოსაწყენი არსებობისა და შრომისთვის არიან განწირულნიო, – იკითხავთ. რა თქმა უნდა, არა! ყოველი დაბადების თარიღი უნიკალურია და თავისი მახასიათებლები აქვს. მთავარი, ამ შესაძლებლობების გაშიფვრა და მაქსიმალურად გამოყენებაა.
წყქრო: თბილისელები